
ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელი გეტა, დღეს დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცა. წესების გამკაცრება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც გუშინ ბოლნისში 15 ადამიანს კორონავირუსი დაუდასტურდა. სოფელ გეტას გარდა, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა მუშევანშიც.
საქართველოს პარლამენტის ბოლნისის მაჟორიტარის დეპუტატი, გოგი მეშველიანი სოფლებში არსებულ მდგომარეობას განმარტავს.
„ბოლნისის მუნიციპალიტეტის 48 დასახლებიდან, ამ დროისათვის, რთული ეპიდემიოლოგიური ვითარება რჩება ორ სოფელში მუშევანსა და გეტაში. სწორედ ამ სოფლებს უკავშირდება დღეს გამოვლენილი COVID-19 -ის 15 შემთხვევა (გეტა-8;მუშევანი-7), აღსანიშნავია, რომ ამ სოფლებში, გუშინ მნიშვნელოვანი ღონისძიებები ჩატარდა ბიოლოგიური ნიმუშების ასაღებად და დაავადების გამოსავლენად.
ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ სოფელ მუშევანში 25 აპრილიდან მოქმედებს გამკაცრებული ზომები, ხოლო ხვალიდან, დილის 06:00-დან იზოლაციაში მოექცევა სოფელი გეტაც და დამატებით გატარდება შესაბამისი სამედიცინო ღონისძიებები.
აქვე აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის 40 დასახლებულ პუნქტში ინფიცირების შემთხვევა საერთოდ არ დაფიქსირებულა“, – წერს გოგი მეშველიანი სოციალურ ქსელში.
გუშინ ბოლნისში, კორონავირუსის 15 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, კორონავირუსზე შესწავლილი 86 ნიმუშიდან 15 მათგანი დადებითია.






















