
მამა-შვილი – თემურ და სოფო ჭყონიები თანამშრომლები გახდნენ. ცნობილი ბიზესნმენის ქალიშვილი, Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის დამფუძნებელი და ორგანიზატორი, სოფო ჭყონია „კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“ სამეთვალყურეო საბჭოს წევრი გახდა. ინფორმაციას “ბიზნეს პარტნიორი” ავრცელებს.
კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოში ქალიშვილის შეყვანა, თემურ ჭყონიამ, ფირმის ინტერესებიდან გამომდინარე მიიღო.
სოფოს გარდა საბჭოში არიან – გიორგი ახალაძე და შალვა გიგაია, საბჭოს კი თავად თემურ ჭყონია ხელმძღვანელობს, რომელიც Coca-Cola-ს მწარმოებელ კომპანიაში აქციების 87.47%-ის მფლობელია.
სოფო ჭყონიას საზოგადოება მოდის ინდუსტრიით იცნობს. 21 წლიდან მოყოლებული მოდის ბიზნესით არის დაინტერესებული. მას მსოფლიო მოდის არაერთ გავლენიან ფიგურასთან აქვს კავშირი – კრიტიკოსებთან, ბაერებთან, დიზაინერებთან…
“ჩემთვის მოდა ბიზნესი არ არის, ჩემთვის მოდა ხელოვნებაა. ამიტომაც არის, რომ პარიზში ჩასულმა გადავწყვიტე მოდის სამყაროში ხელოვნების სხვა დარგებიც შემეტანა. პარიზში ძალიან ბევრ ცნობილ ადამიანს ვიცნობ. არ ვიცი, როგორ მოხდა, მაგრამ ამ ადამიანებმა ძალიან კარგად მიმიღეს. მათ არ იცოდნენ, ვინ არის მამაჩემი, ისინი ჩემთან იმიტომ არ მეგობრობდნენ, რომ მე მდიდარი ადამიანის შვილი ვარ. (სამწუხაროდ, ასეთი „მეგობრები” თბილისში ხშირად მყავდა). ეს ადამიანები ჩემთან ყოველთვის ძალიან ღიად და გახსნილად საუბრობდნენ და გადავწყვიტე, რატომაც არა, მოდი, მათ შესახებ პატარა ფილმებს გადავიღებ-მეთქი.
ჩემი ფილმების გმირები არიან ცნობილი დიზაინერები, პარფიუმერები, რეჟისორები, მწერლები, რადგან მოდა არ არის მხოლოდ ტანსაცმელი, ეს ხომ ყველაფერია… ამ პროექტისთვის ჩაწერილი მაქვს უკვე 36 ინტერვიუ, ვაპირებ ისინი წიგნადაც გამოვცე. ვცდილობ ამ ინტერვიუებით ცნობილი ადამიანების სხვა მხარე წარმოვაჩინო. მე მათ ვესაუბრები სიყვარულზე, ფულზე, ღმერთზე… ეს არის შეკითხვები ყველაფერზე, გარდა მოდისა” – “ფორბსისთვის” მიცემულ ინტერვიუში ჰყვება სოფო.
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ის გარდა, სოფოს ათი წელია აქვს პროექტი სახელწოდებით Be Next – კონკურსი ახალგაზრდა დიზაინერებისათვის, რომელიც დამწყებ დიზაინერებს საშუალებას აძლევს წარმოაჩინონ საკუთარი თავი და ნამუშევრები მსოფლიოში წარმატებული დიზაინერებისა თუ მოდის წამყვანი სკოლების პროფესორების წინაშე.























