
სომხეთში საავადმყოფოები პაციენტებს ვეღარ იტევს – ბოლო 24 საათის განმავლობაში, დაავადების 230 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. წინა დღით კი 351 შემთხვევა დაფიქსირდა.
პანდემიასთან დაკავშირებით ჩვენი საქმე კარგად არ მიდის და ეს იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოვიდგენდით, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სამთავრობო სხდომის დროს გუშინ განაცხადა.
„თუ არ „გადავტეხეთ“ ეს ტემპი, 29 მაისს უკვე დაავადების 10 000 შემთხვევა გვექნება, 12 ივნისს – 20 000.
ყოველდღიურად ათობით და შესაძლოა ასობით გარდაცვალების შემთხვევა გვქონდეს. ეს ნიშნავს, რომ იძულებული გავხდებით უმკაცრესი ზომები მივიღოთ“, – ამბობს ფაშინიანი.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესმდივნის ალინა ნიკოგოსიანის აზრით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც დაავადებულთა რაოდენობა გაიზარდა არის ის, რომ ორკვირიანი კარანტინის შემდეგ ერთბაშად ბევრი ადამიანი შეამოწმეს.
ტესტირება 43 041 ადამიანს ჩაუტარდა, დაავადება გამოუვლინდა 5 271-ს, აქედან 67 გარდაიცვალა, 2 419 კი გამოჯანმრთელდა.
ასევე აღსანისნავია, რომ სომხეთში 18 მაისს მთელი რიგი საგანგებო ზომები მოიხსნა, რაც დიდი ალბატობით, ხელს შეუწყობს ინფიცირებულთა რიცხვის გაზრდას.
შეგახსენებთ, საგანგებო მდგომარეობა სომხეთში 16 მარტს ამოქმედდა.
18 მაისს გაიხსნა სავაჭრო ცენტრები, სპორტული დარბაზები და კვების ობიექტები. მუშაობს საზოგადოებრივი ტრანსპორტიც, თუმცა მგზავრები ვალდებულები არიან, ნიღაბი ატარონ. ნიღბის ტარება სავალდებულოა საჯარო დაწესებულებებშიც.























