
გენერალსიმუსის შვილიშვილი, სელიმ ბენსაადი ათწლეულების განმავლობაში ჩრდილში იყო და საზოგადოებამ არაფერი იცოდა მის შესახებ. თუმცა, ბოლო დროს მის გარშემო დარტიალებული ამბები დეტექტიურ სერიალს დაემსგავსა.
სტალინის გარდაცვლილი შვილიშვილის, გალინა ჯუღაშვილის ყოფილმა ქმარმა, ჰოსინ ბენსაადმა ჟურნალისტებს აცნობა, რომ მისი ინვალიდი შვილი, სელიმ ბენსაადი მეუღლესთან, ნატალიასთან ერთად დაიკარგა.
მათი მობილური ტელეფონები გათიშული იყო, ადგილმდებარეობა კი უცნობი. მამაკაცი შიშობდა, რომ მისი შვილი თაღლითების ან საკუთარი ცოლის მსხვერპლი გახდა.

ჰოსინ ბენსაადის თქმით, ის წლების მანძილზე სმენადაქვეითებულ შვილთან ერთად მოსკოვის ცენტრში, გალინა ჯუღაშვილის ანდერძით დატოვებულ ბინაში ცხოვრობდა.
რამდენიმე თვის წინ 48 წლის სელიმი სახლიდან გავიდა და აღარ დაბრუნებულა.
„შვილი უკანასკნელად 13 სექტემბერს, ალჟირში გაფრენის წინ ვნახე. სახლში 23 ნოემბერს დავბრუნდი. სახლში არავინ დამხვდა.
სელიმისა და მისი ცოლის ტელეფონები გათიშულია და ვერ ვუკავშირდები“, – ამბობდა ჰოსინ ბენსაადი.
დაკარგულის მამა აღნიშნავს, რომ სახლიდან გაქრა შვილის ნახატები, ოჯახური ფოტოალბომი და გალინა ჯუღაშვილის წერილები.
„დავუშვათ, რომ რაღაც ეწყინა და ჩემი სახლიდან წასვლა გადაწყვიტა, მაგრამ საეჭვოა, ასეთ შემთხვევაში ფოტოარქივი და წერილები წაეღო“, – ამბობდა ბენსაადი.
ოჯახი სამ ვერსიაზე საუბრობდა: პირველი ვერსიის თანახმად, ამ საქმეში თაღლითების ხელი ერია, რომლებმაც სელიმის 30 მილიონად შეფასებული ქონების ხელში ჩაგდება რამდენჯერმე სცადეს და არ გამორიცხავდნენ, რომ სელიმი მძევლად ჰყავდათ.
მეორე ვერსიით, სელინი საკუთარი ცოლის მსხვერპლი გახდა. ჰოსინ ბენსაადი კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, რომ რიაზანელი რძალი მოსკოვის ბინაში ჩაეწერა, რასაც ქალი ასევე დაჟინებით მოითხოვდა.
მესამე ვერსიის თანახმად, ცოლ-ქმარი რელიგიური სექტის მსხვერპლი გახდა, რომლის წევრიც ნატალია იყო.
ჰოსინ ბენსაადის თქმით, პოლიცია მომხდარს ოჯახურ გარჩევებს უკავშირებს, ამიტომ შვილის ძებნას დამოუკიდებლად აწარმოებს.
სელიმ ბენსაადი მარტში უვნებელი გამოჩნდა და განაცხადა, რომ ემალებოდა ალჟირელ მამას, რომელიც მის გაძარცვას ცდილობდა და მამამისს, ჰოსინს უჩივის ბაბუის მემკვიდრეობის გამო.
სელიმი დაიბადა 1971 წელს, სტალინის უფროსი ვაჟის, იაკობ ჯუღაშვილის ქალიშვილის, გალინა ჯუღაშვილისა და მისი მეუღლის, ჰოსინ ბენსაადის ოჯახში.
სელიმის თქმით, დედის ანდერძის თანახმად, მთელი ქონება, მათ შორის – საარქივო დოკუმენტები, ფოტოსურათები და სხვა ძვირფასეულობა, რომელიც საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელისგან დარჩა, ქმარის საკუთრება იყო.
ბენსაადი დარწმუნებულია, რომ დედამ ასეთი ანდერძი ზეწოლის ქვეშ დაწერა.
სტალინის შვილთაშვილი ამბობს, რომ მისი დედა ონკოლოგიური დაავადებით გარდაიცვალა და ანდერძი საავადმყოფოში დაწერა, სადაც „ყველაზე ძლიერი წამლების გავლენის ქვეშ იყო“.
მისი თქმით, დოკუმენტის შედგენისას ნოტარიუსი ადგილზე არ იმყოფებოდა, ხოლო მოწმეები იყვნენ ის ადამიანები, რომლებიც სამხედრო ჰოსპიტალში მუშაობდნენ.
მან დასძინა, რომ დედის სიცოცხლის ბოლო დღეებში მამამ იგი შორს გაგზავნა იმ საბაბით, რომ დედა არ გადაღლილიყო. „თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბენსაადს სხვა გეგმები ჰქონდა“. – ამბობს შვილი.
ბენსაადს ასევე აეჭვებს ის ფაქტი, რომ მას არ მისცეს საშუალება, გადაეღო დედის ანდერძი. ახლა გეგმავს ხელმოწერის შემოწმებას დოკუმენტზე და დარწმუნებულია, რომ ის გაყალბებულია.
სტალინის ცოცხალი შთამომავლებიდან სელიმი ყველაზე უცნობია, ის მოკრძალებულად ცხოვრობს და არ მოსწონს ყურადღების ცენტრში ყოფნა.
სელიმს სმენის პრობლემები და შეზღუდული შესაძლებლობები აქვს: დაბადებისთანავე ის ხელიდან გაუვარდა ბებიაქალს, დაარტყა თავი და დაუზიანდა სახის ნერვი.
ჯანმრთელობის პრობლემების გამო მამამისი, ალჟირელი ჰოსინი მუდმივად დასცინოდა და უკრძალავდა ჟურნალისტებთან ურთიერთობას.
თუმცა, ახლა სელიმი მზად არის, მამას მოსკოვის ბინის გამო ომი გამოუცხადოს. ბინა მდებარეობს იმ სახლში, სადაც ცხოვრობდნენ „ენკავედეს“ ოფიცრები. ბინის ფართობია 80 კვადრატული მეტრია და მისი ღირებულება – 30 მილიონი რუბლი.
ეს ბინა სტალინმა ერთხელ აჩუქა ბალერინა იულია მელცერს – უფროსი ვაჟის, იაკობის მეუღლეს.
შემდეგ მისი მეპატრონე გახდა გენმდივნის მდივნის შვილიშვილი, სელიმის დედა, გალინა ჯუღაშვილი. ახლა ბინის ნაწილი ეკუთვნის სელიმს, ნაწილი კი მამამისს.
სელიმი მეუღლესთან, ნატაშასთან ერთად (ასევე სმენის პრობლემის მქონე) ცხოვრობს მამასთან ერთად. მათ გაყოფილი აქვთ სამზარეულო, კომუნალური გადასახადები.

სამოთახიანი ბინა საშინელ მდგომარეობაშია. ის არასდროს გარემონტებულა, ზოგიერთ ადგილას დენიც არ არის – ჩამრთველი გადაიწვა.
ხანძრის შიშით, მამამ შვილთან შეთანხმება დადო, რითაც ეკრძალებოდა მიკროტალღური ღუმელისა და ელექტრო ჩაიდნის გამოყენება.
ბინაში ისეთი ბინბუნდია, რომ მხედველობადაქვეითებულ სელიმს მხოლოდ სურნელით შეუძლია განსაზღვროს, კერძი მზადაა თუ არა.
სელიმმა რამდენიმე დღის წინ ახალი ეჭვი გამოთქვა და მოითხოვს, რომ დნმ-ის ტესტით დადასტურდეს, ნამდვილად მამაა თუ არა ის კაცი, ვის გვარსაც ატარებს.
„მჯერა, რომ ჰოსინი პათოლოგიური მატყუარა და ქურდია! და ის არის კი მამაჩემი საერთოდ?
მან დაადასტურა მამობა საბჭოთა წლებში, როდესაც დნმ-ის გამოკვლევა არ ხდებოდა.
მე მაქვს დოკუმენტი მამობის შესახებ, რომელიც გაცემულია 1972 წლის დეკემბერში (დაბადებიდან ერთი წლისა და ერთი თვის შემდეგ) და ხელმოწერილია ერთი და იმავე პირის მიერ, ვინც ცნობის გაცემის დღეს დაბადების მოწმობაც გასცა, ეს კი უცნაურად მეჩვენება“, – ამბობს ბენსადი.

„როგორც დედამ მითხრა, როდესაც დავიბადე, მან იოსები დამარქვა, დიდი პაპის პატივსაცემად. შესაბამისად, პირველ დაბადების მოწმობაში ჩემი სახელი ეწერა იოსებ ჯუღაშვილი, მაგრამ სად წავიდა ეს დაბადების მოწმობა, უცნობია.
დედამ თქვა, რომ იმშობიარა KGB-ს მეხუთე საავადმყოფოში. რატომ არა – სამშობიაროში? უცნაურია…
ჰოსინი მოითხოვდა, რომ ჩემი სახელი და გვარი ყოფილიყო სელიმ ბენსაადი.
მშვენივრად მახსოვს ჩემი მშობლების ქორწილი, სადაც ძალიან ბევრი ალჟირელი იყო, საელჩოდან.
არ გამიკვირდება, თუ გავარკვევ, რომ ეს ქორწილი ჰოსინის ჯაშუშური საქმიანობის დასაფარავად დასჭირდა. მისთვის მომგებიანი იყო დაქორწინება სტალინის შვილიშვილზე და შვილთან ერთად ოჯახის კაცის იმიჯის შექმნა.
დედამ გამაჩინა ქორწინების გარეშე, შემდეგ ჰოსინმა მას ხელი სთხოვა და დათანხმდა.

შესაძლებელია, იგი ალჟირის საელჩოდან ხვდებოდა ვინმეს, ხოლო როდესაც მე დავიბადე, ავადმყოფი ბავშვი, ის ადამიანი გაუჩინარდა.
შემდეგ კი გამოჩნდა კიდევ ერთი უცხოელი – ჰოსინი, რომელმაც თავის თავზე აიღო ოჯახის სირცხვილი და თავი ჩემს მამად გაასაღა.არ გამოვრიცხავ, რომ ჰოსინის ძმა – ბიძაჩემი იყოს მამაჩემი“. – ამბობს გენერალსიმუსის შვილიშვილი.






















