11:00 | 2020-03-19 ავტორი: თამარ გონგაძე

“სტენტი გჭირდება თუ არა, ექიმები გაძალებენ“ – რას ჰყვება ჟურნალისტი კარდიოლოგების ახალ “გატაცებაზე”

“სტენტი გჭირდება თუ არა, ექიმები გაძალებენ“ – რას ჰყვება ჟურნალისტი კარდიოლოგების ახალ “გატაცებაზე”

ჟურნალისტი ქეთევან თეთვაძე სოციალურ ქსელში კარდიოლოგების „გატაცებაზე“ წერს.

 

მისი თქმით, თითქმის ყველას, ვინც ექიმს გულის ჩივილით აკითხავს სტენტის ჩაყენებას სთავაზობენ.

 

„მამა იყო ძალიან ცუდად. ექიმებმა გინდა თუ არა, სტენტი სჭირდებაო, თან ორი. უარი ვთქვით – მამა კარგად არის. დედა გაღიზიანებული იყო, თან ზოდიაქოს ნიშნით ლომია, ბრძენი ლომი და თითქმის შეუძლებელია მისი გაცუცურაკება.

მანაც იგრძნო, რომ ბოდიში და “ტენიდნენ”. გაგებული მაქვს, მათ შორის ექიმებისგან, რომ სტენტი თუ ჯანდაბა, სჭირდება თუ არა ადამიანს, „ტენიან“ და ასაღებენ. იგივე სიტუაციაში თუ აღმოჩნდებით, ათასგზის გადაამოწმეთ მისი საჭიროება“ – წერს ქეთი „ფეისბუქზე“.

 

როგორც კარდიოლოგი ლაშა ჩანტლაძე “პრაიმტაიმთან” ამბობს, სტენტის პაციენტზე არასაჭიროებისამებრ ჩადგმის შემთხვევა არ გაუგია და პაციენტების ახლობლები, ზოგჯერ, ფაქტს არასწორ ინტერპრეტაციას აძლევენ.

 

ლაშა ჩანტლაძე: ამ კონკრეტულ შემთხვევაზე ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ ყოველდღიური პრაქტიკიდან გამომდინარე გეტყვით, რომ ყველაფერი ჩვენების მიხედვით ხდება, ჩვენთან მსგავსი საკითხი არც განიხილება. კეთდება ყველანაირი გამოკვლევა. ეს ჩვენება ექიმის ინდივიდუალური მოსაზრების საფუძველზე კეთდება, ეყრდნობა ევროპულ რეკომენდაციას და ლიტერატურას და ჩარევა იმ ჩვენების მიხედვით ხდება, რაც კონკრეტულ პაციენტს აქვს. სტენტის ჩადგმა არანაირად არ კეთდება არასაჭიროების შემთხვევაში.

და თუ ის არ სჭირდება პაციენტს, ზიანის მომტანი არ არის?

 

– ზიანი თეორიულად შეიძლება მოუტანოს, არასაჭიროებისამებრ სტენტის ჩადგმა დიდი სამედიცინო დანაშაულია. არც ერთი ექიმი შეგნებულად ამაზე არ წავა.

 

ქეთის მაგალითზე მსახიობი მალხაზ ქვრივიშვილი გამახსენდა, რომელსაც ორი დღის დღის წინ მიოკარდიული ინფარქტი დაუდგინდა და ჩაუდგეს სტენტი. „კიდევ ორი სტენტი მაქვს ჩასადგმელი. ახლიდან დავიბადე“ – ამბობს მსახიობი „პრაიმტაიმთან“.

სიმპტომები, რითიც მალხაზის ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო მისივე თქმით, გულის ფიცრის გახურება, დამძიმება, კუნთების მოდუნება იყო. რაც შეეხება ქეთის 60 წლის მამის სიმპტომს, როგორც ჟურნალისტი „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, მაღალი წნევა და სუნთქვის უკმარისობა იყო.

 

ქეთევან თეთვაძე: – მამა ამ სიმპტომებით სასწრაფოს ექიმებმა კლინიკაში გადაიყვანეს. ფეხები საშინლად ჰქონდა დასიებული. დიაგნოზი გულის უკმარისობა უთხრეს. ალკოჰოლი ნაკლებად უნდა მიიღოს. მამას ისეთი მდგომარეობა აქვს, ეგ უნდა იცოდეს კარდიოლოგმა, რომ სტენტირება ვერ უშველის. გულის უკმარისობა აქვს, სჭირდება ვარჯიში, დასვენება. თან შაქარი აქვს, ფეხები უსივდება. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას სტენტი ვერ შეცვლის. მოკლედ, დედამ უარი უთხრა ექიმს სტენტის ჩადგმაზე. მიხვდა დედა, რომ ამის აუცილებლობა არ იყო და აძალებდნენ. ასეთ პასუხზე ექიმი დაბნეულა და უპასუხია, შედარებით კარგი იქნებოდა რომ ჩაედგაო, შედარებითო…

 

ქეთი, როგორ ფიქრობთ, რატომ აძალებენ პაციენტებს სტენტის ჩადგმას?

– სტენტის ფასი 400 ლარიდან იწყება და ზევით ადის. გააჩნია, როგორს სვამენ. ფულის კეთების მახეა. რაც მეტ სტენტს სვამენ, მით უფრო მეტი ფული კეთდება. ლოგიკურია.

ავტორი: თამარ გონგაძე

X