14:26 | 2020-03-26 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

სწრაფი ტესტირებით პაციენტების 30% არასწორად დიაგნოსტირებული იქნება – ქართველი პროფესორი მიუნხენიდან

სწრაფი ტესტირებით პაციენტების 30% არასწორად დიაგნოსტირებული იქნება – ქართველი პროფესორი მიუნხენიდან

სწრაფი ტესტირებით პაციენტების 30% არასწორად დიაგნოსტირებული იქნება, – ამის შესახებ მიუნხენის ერთ-ერთი კლინიკის უფროსი ქირურგი, პროფესორი გიორგი გრიგოლია „იმედის“ ეთერში საუბრობს.

 

ანტისხეულებით ჩატარებული სწრაფი ტესტირება, რომელიც კეთდება 1-2 წვეთ სისხლში ეს მეთოდი გერმანიაში, ავსტრიაში, ასევე, დასავლეთ ევროპის ეპიდცენტრში მიჩნეულია როგორც არასანდო სადიაგნოსტიკო საშუალება.

 

მეოთხიდან მეთერთმეტე დღემდე მისი სანდომიანობა არ აღემატება 70%ს. ანუ, ყოველი მესამე ჩატარებული ტესტი არის არასანდო. პაციენტების 30%, რომელსაც ჩვენ გავსინჯავთ, იქნება არასწორად დიაგნოსტიცირებული.

 

თუ საქმე ეხება PCR-მეთოდით გამოკვლეულ სწრაფ ტესტებს, იქ ასეთი პრობლემა არ გვიდგას, პრობლემა გვიდგას მხოლოდ როდესაც ამ სწრაფ ტესტებზე ვსაუბრობთ, რომლებიც განსაზღვრავენ ანტისხეულების რეაქციას იმუნოგლობულინების მომატებით“, – ამბობს პროფესორი.

 

ის მოქალაქეებს შემდეგი რეკომენდაციებით მიმართავს:

 

„იზოლაცია და იზოლაცია ! მხოლოდ და მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დავარღვიოთ ეს იზოლაციის პირობები – სასიცოცხლო აუცილებლობის შემთხვევებში, მაქსიმალურად გავწელოთ დრო, რომ მოვასწროთ ექიმებმა და მეცნიერებმა წამლის ან ვაქცინის შეთავაზება.

 

მოსახლეობას ვურჩევ, რომ იყვნენ პირბადეებით. რა თქმა უნდა, ეს არ გახლავთ გადარჩენის ერთადერთი საშუალება, მაგრამ პირბადით მინიმუმ მოვახერხებთ იმას, რომ ჩვენ თუ ვიქნებით დაინფიცირებული არ ვიყოთ ისე ძალიან საშიში გვერდით მდგომისთვის.

 

ხელისუფალთ კარგი იქნება დაეწესებინათ ქუჩის საფეხმავლო გზაზე მოძრაობა მხოლოდ ერთი მიმართულებით. ამით ჩვენ საპირისპირო მოძრაობის ადამიანის შემხებლობას მაქსიმალურად ავიცილებდით“, – ამბობს გიორგი გრიგოლია.

 

პროფესორი ფიქრობს, რომ მედპერსონალი კარანტინის რეჯიმში უნდა გადავიდეს.

 

„ისინი შეიძლება აღმოჩნდნენ დაავადების გამავრცელებლები. მედპერსონალი უნდა გადავიდეს კარანტირებულ სიტუაციაში, უნდა ცხოვრობდნენ ან საავადმყოფოებში, ან მიმდებარე ტერიტორიაში 2 კვირის განმავლობაში. ისინი დღისა და საღამოს ჯგუფებად უნდა დაიყოს და ორი კვირის შემდეგ შეცვალოს სხვა ბრიგადამ“, – ამბობს გიორგი გრიგოლია.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X