20:22 | 2021-06-24 ავტორი: თამარ გონგაძე

სტუმრად რომ მიდიხარ, ისე უნდა თმა შეგჭრას, რომ კვდება… – მარინა ბერიძე საინტერესო ფაქტებით ნანი ბრეგვაძეზე

სტუმრად რომ მიდიხარ, ისე უნდა თმა შეგჭრას, რომ კვდება… – მარინა ბერიძე საინტერესო ფაქტებით ნანი ბრეგვაძეზე

ნანი ბრეგვაძის საიუბილეო კონცერტების კონცეფცია ნიკოლოზ რაჭველსა და მარინა ბერიძეს ეკუთვნით. უკვე დიდი ხანია, ეს ტანდემი, ქართული სცენის სიმბოლოდ ქცეულ მომღერალთან თანამშრომლობს.

 

ლეგენდარული მომღერალი 21 ივლისს 85 წლის ხდება და კულტურის პალატა და დავით ოქიტაშვილი, კულტურის სამინისტროსთან და მერიასთან ერთად, სამი კონცერტის გამართვას გეგმავს. როგორც ოქიტაშვილმა ჩვენთან ინტერვიუს დროს თქვა, შესაძლოა, ეს იყოს ნანის დიდ სცენასთან გამოთხოვება.

 

სამი სხვადასხვა კონცეფციის კონცერტიდან პირველი, მომღერლის დაბადების დღეს, წინანდლის ღია საკონცერტო სივრცეში ჩატარდება. მეორე ბათუმის დრამატულ თეატრში (26-28 აგვისტოს), ხოლო მესამე კი, (29 სექტემბერს) ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში.

 

მარინა ბერიძე “პრაიმტაიმთან” პრიმა მომღერლთან მუშაობასა და ამ კონცერტებზე ჰყვება.

 

მარინა ბერიძე: – ნანის ყველა იუბილე თუ კონცერტი, უკანასკნელი ოცი წლის მანძილზე, ჩვენი გაკეთებულია. მე, ნიკამ და დათო ოქტიტაშვილმა წლების წინ ჩავატარეთ ნანის კონცერტი, რომელიც მისი ვარსკვლავის გახსნით დაგვირგვინდა.

 

2021-06-21"მგონი, დიდ სცენასაც დაემშვიდობება..." - დავით ოქიტაშვილი ნანი ბრეგვაძის საიუბილეო გეგმებზე

 

ამდენად ჩვენი კონცეფცია, როგორც ყოველთვის, ერთმანეთს ემთხვევა. საუკეთესოდ გვესმის ერთმანეთის.

 

რა საკვირველია, ამჯერად კონცერტების დეტალებს არ ვახმაურებ. გვექნება მუსიკალური სიურპრიზები. სამივე კონცერტი ერთმანეთისგან განსხვავებული და საინტერესო იქნება.

 

წინანდალში მხოლოდ ნიკა და ნანი იქნებიან კონცერტში და ისე მომწონს… ჩემი გავიტანე, რომ არც ერთი სხვა ინსტრუმენტი არ ყოფილიყო ამ საღამოზე. გვეყოლება ძალიან საინტერესო სპეციალური სტუმარი. ფილარმონიის კოცერტი კი საერთოდ სიახლე იქნება.

 

ნანის კონცერტების წარმდგენია ნიკოლოზ რაჭველი. წამყვანიც ის არის, გაორკესტრებაც მისია და ეს ნანის მოსწონს. მათ ურთიერთობაზე კინოს გადაღება შეიძლება. პატარა იყო ნიკა, 19 წლის ბუთქუცა ბიჭი, ნანის რომ გავაცანი. მას შემდეგ ერთმანეთის გვესმის. ერთი გემოვნება გვაქვს.

 

თვითონ ნანი ძალიან დიდი შემართებითაა. სამეცადინოდ გვითხოვს, მალე დავსხდებით და კონკრეტულად გავივლით რეპერტუარს, რომელიც უკვე ჩამოწერილი გვაქვს.

 

საოცარი ადამიანია. ბუმბერაზი ვარსკვლავია. ისეთ რამეებს ფიქრობს და გვთავაზობს, მე და ნიკა ერთმანეთს გაოცებული ვუყურებთ. თანამედროვედაც აზროვნებს და რასაც ვთავაზობთ, მოგვყვება.

 

2021-06-14"აქამდე არ ვიცოდი, ეს გრძნობა რა ყოფილა..." - ნანი ბრეგვაძე შვილიშვილის წარმატების შესახებ

 

ახალი სიმღერა არ იქნება, თუმცა ფორმა იქნება ახლებური.

 

მოსწონს ჩვენი შედგენილი რეპერტუარი და უკვე კაბებზე ფიქრობს. პროგრამა რომ გავაცანით, მოჭუტა თვალები და თქვა, ამ კონცერტს ასეთი კაბა მოუხდება, იმას – ისეთიო… უნდა რომ სხვადასხვა კაბა ეცვას. მის სასცენო კოსტიუმებზე დავით გევორქოვი და დათუნა სულიკაშვილი იმუშავებენ. ეცმევა სხვა, სახელობითი კაბაც.

 

ნანი ძალიან გვიყვარს. ყველას უყვარს. განსაკუთრებულად ვუფრთხილდებით, ორჯერ აცრილია. შევუქმნით ყველანაირ კომფორტს, დავასვენებთ, რომ კონცერტებზე სათანადო ფორმაში იყოს.

 

როგორი მოწესრიგებული ქალია, სახლში სულ მაკიაჟით და გამოპრანჭული გხვდება. მე ნანისთან ერთად სასტუმროში მიცხოვრია და უმაკიაჟოდ მყავს ნანახი. ისე ვერავინ ნახავს შეუღებავს.

 

„ისე მინდოდა გათხოვება ვგიჟდებოდი”- მარინა ბერიძე ოჯახის შექმნის ისტორიას იხსენებს
2021-05-20„ისე მინდოდა გათხოვება ვგიჟდებოდი”- მარინა ბერიძე ოჯახის შექმნის ისტორიას იხსენებს

 

მთელი პანდემია, დილით რომ ადგებოდა, სახეს ოდნავ მოიხატავდა და ფიქრობდა, რა ჩაეცვა და ასე მოწესრიგებული, ძალიან ბევრს უკრავდა და მღეროდა. საინტერესო ჰარმონიები დაუგროვდა.

 

თმას ხომ თვითონ იჭრის. სტუმრად რომ მიდიხარ, ისე უნდა თმა შეგჭრას, რომ კვდება სურვილით. შეგჭრიო, გთავაზობს. თავი დამანებე-მეთქი, ვეუბნები. ეკას შეიძლება უცებ უკან მიადგეს და შეჭრას (იცინის).

 

რეპერტუარზე რომ დავიწყეთ ფიქრი, სტუმრები გაუშვა, მე და ნიკა (საშვიანები), ღამის ორ საათამდე როიალთან შემოვრჩით. აბა, ეს მოვსინჯოთ, ის მოვსინჯოთო. ნანი მღეროდა…

 

ყურს გიგდებს და სჯერა შენი. ამბიციური არ არის, თუმცა პრინციპულია. რაღაც პრინციპის იქით არ წავა. ჩვენ უკვე კარგად ვიცნობთ. ამიტომ მოგვყვება ადვილად, ამაშია დიდი მაესტრო. ახალგაზრდებს ამას ვერ ვაგებინებ.

 

ოქიტაშვილი, თავის ხუმრობებით ისე გვაცინებს, სულ ხალისიანად ვართ. ასეთი მუხტით ვიმუშავებთ და გავალთ ბოლომდე. მთავარია, კარგად იყოს და მსმენელს დიდი სიამოვნება ელის.

ავტორი: თამარ გონგაძე

X