
სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის არსებითი გამოწვევაა ცალკეული ქვეყნების „რბილი ძალის“ პოლიტიკა და მისი რეალიზების მცდელობები. საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა ქვეყნების მხრიდან გამოიკვეთა კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საექსპერტო, სპორტული თუ სხვა პროფესიული არხების გამოყენებით საზოგადოების სხვადასხვა ფენაში საკუთარი ინტერესების გატარების მცდელობა – ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის ანგარიშში, რომელიც დღეს პარლამენტს გადაეგზავნა.
„ე.წ. რბილი ძალის ფარგლებში უცხო ქვეყნების სპეცსამსახურების მიერ განსაკუთრებული აქცენტი კეთდებოდა ახალგაზრდებისთვის განკუთვნილ სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტებზე, რომლის ფარგლებში მიზანმიმართულად მიმდინარეობდა პოლიტიკურ-ეკონომიკურ, ისტორიულ-კულტურულ და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საკუთარ ინტერესებს მორგებული მსოფლმხედველობის გავრცელება.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ გატარებული ღონისძიებების ფარგლებში მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობდა ვითარების კონტროლი.
2019 წელს აღკვეთილი იქნა „რბილი ძალის“ ფარგლებში დაგეგმილი რამდენიმე ღონისძიება და აქტივობა, სადაც გამოვლინდა პროპაგანდისტული, სეპარატისტული, აკრძალული სიმბოლიკის (მათ შორის, საბჭოთა) გამოყენების ან სხვა სახის დესტრუქციული საქმიანობის მცდელობა.
საანგარიშო პერიოდში ცალკეული უცხოელი ბიზნესმენების მხრიდან დაფიქსირდა უცხო ქვეყნის სასარგებლო, შესაძლო უკანონო საქმიანობის განხორციელების მცდელობები. ზოგიერთი მათგანის მიმართ გატარდა შესაბამისი პრევენციული ღონისძიებები, მათ შორის სასაზღვრო კონტროლის მექანიზმები.
უცხო ქვეყნების სპეცსამსახურები ასევე იყენებენ საზოგადოების იმ ჯგუფებს, რომლებიც რადიკალური შეხედულებებით გამოირჩევიან და სხვადასხვა იდეოლოგიის, მათ შორის, ე.წ. ტრადიციული ღირებულებების პროპაგანდით ცდილობენ მოსახლეობაში მხარდაჭერის მოპოვებას. ბოლო პერიოდში აღნიშნული ძალები გამოიყენებოდა ანტიდასავლური შეხედულებების ფორმირებისა და ქვეყნის საგარეო კურსზე ზემოქმედების მოსახდენად“.






















