
ორგანიზაციაში, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსაყვანად დაფუძნდა, თაკო ჩარკვიანის ინფორმაციით, 104 000 ადამიანია გაწევრიანებული. როგორც „პრაიმტაიმთან“ „კანონის და სამართლის“ ლიდერი აცხადებს, მათთან მას ყოველდღიური კომუნიკაცია აქვს.
თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ორგანიზაციის წევრების მთავარი ინტერესი ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის ჩამოსვლა და დახვედრაა.
ჩვენს კითხვაზე, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ჩამოსვლის დღეს, ელოდებიან თუ არა გარკვეულ პროვოკაციებს, თაკო ჩარკვიანი „საერთო სახალხო მოძრაობისგან“ ამას სრულად გამორიცხავს. ამბობს, რომ მათი მთავარი ინტერესი ექს-პრეზიდენტის დახვედრაა. თუმცა, სიტუაციის კონტროლისთვის აპირებს, რომ შინაგან საქმეთა მინისტრს შეხვდეს.
„ზუსტად ამის თაობაზე მინდა გომელაურთან შეხვედრა. ეს ამბავი სახელმწიფოს გადასაწყვეტი პრობლემაა, სხვისი არავისი, ამიტომაა სახელმწიფო. კანონის ფარგლებში უნდა ვიმოქმედოთ, ხელისუფლებამ ეს განცხადებები ყოველ წამს უნდა აკეთოს. სააკაშვილის დაკავება ხელისუფლების დიდი პრობლემა გახდება. ზუსტად ამაზე მექნება გომელაურთან შეხვედრა. სააკაშვილი ვიღაცა არ არის, ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურაა.
ღარიბაშვილი გამოდის და სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, თითქოს, ერთი ნაწილის პრემიერია, შეიძლება ამას თავად ვერ გრძნობს, მაგრამ კონსტიტუციით სრულიად საქართველოს პრემიერ-მინისტრია.
ზუსტად ეს არის გადასაწყვეტი – ვისაც რა პრეტენზია აქვს, იქ მივიდნენ და მოვიდნენ. მოსახლეობის ნაწილი, რომელიც ქვეყნის 30%-ს შეადგენს, ანუ 800 000 ადამიანი, რა გავაკეთოთ, არ გამოვიდნენ? ახლა რომ ნაკლებ ხმას აიღებს „ოცნება“, იმ ნაკლებ მომხრეს მომავალში პატივი არ ვცეთ? პროცენტებით მუდმივად დავაპირისპიროთ ადამიანები ერთმანეთს?“, – აცხადებს ჩარკვიანი.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას: „თუ ჩამოდის ეს კაცი, ჩამოვიდეს, თუ ჩამოვა, დავიჭერთ, ვინც ხელს შეუშლის, იმასაც დავიჭერთ“ – თაკო ჩარკვიანი სამარცხვინოს უწოდებს და ამბობს, რომ ამის გამო პასუხი უნდა აგოს.
„თუ ღარიბაშვილი თავად აპირებს, რომ ბანდ-ფორმირებები მოაგროვოს, ამაზე პასუხს აგებს. ღარიბაშვილს დავპირდი, რომ თუ ამას გაბედავს, მთელი მისი ცხოვრება პირადად მე, როგორც აჩრდილი, ისე ავედევნები კანონით და სამართლით, რომ იმ სამარცხვინო განცხადებაზე, რაც ახლა დააანონსა, პასუხი აგოს.
ორივე მხარეს, როგორც მხარდაჭერის, ასევე პრეტენზიის გამოხატვის უფლება აქვს. რას აკეთებს ამ დროს სახელმწიფო და პოლიცია – მათ უნდა დაიცვან სრულიად საქართველოს მოქალაქეების უსაფრთხოება.
ჩვენი ორგანიზაცია ნებისმიერ არასწორ, საპასუხო მოძრაობას აღიქვამს როგორც პროვოკაციას, ეს ორივე მხარეს ეხება. თუმცა, ორგანიზაციის წევრების ინტერესში ეს არ არის, მათი ინტერესია პრეზიდენტი, რომელმაც 9 წლის განმავლობაში 30% შეინარჩუნა. პრეზიდენტს, რომელიც ჩამოსვლას აპირებს, 800 000 ამომრჩეველი ჰყავს და მათ მხარდაჭერის გამოხატვის სრული უფლება აქვთ“, – აცხადებს ჩარკვიანი.
ნახეთ „პრაიმტაიმის“ სხვა სიახლეები და ვიდეოები
























