
ნონა გაფრინდაშვილს გუშინ, ჭადრაკის სასახლეში, მესის გამოგზავნილი მაისური გადასცეს. მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავმა, ჩვენი ჭადრაკის დედოფალს, მაისური, პირადად გამოუგზავნა და წარწერაც გაუკეთა…
როგორც გავარკვიეთ, საჩუქარი ჭადრაკის საერთაშორისო ფედერეციის დამსახურებად უნდა ჩაითვალოს. თუ როგორ და რანაირად მოუნდა მესის ნონა გაფრინდაშვილისთვის, 80 წლის იუბილე, თავისი მაისურით მიელოცა, “პრაიმტაიმის” მკითხველს, თავად ლეგენდარული მოჭადრაკე უყვება.
ნონა გაფრინდაშვილი: – ჩემი დამოკიდებულება “ბარსელონასადმი” და მესისადმი საქვეყნოდ ცნობილია. ამ გუნდს და ფეხუბურთელს დიდი ხანია ვგულშემატკივრობ და ეს შეუჩნეველი არ რჩება.
სამი წლის წინ ვეტერანთა ტურნირის თამაშის დროს, ბარსელონაში გახლდით. გამგზავრებამდე, იქ ჭადრაკის ფედერაციაში მომუშავე ქართველ მოჭადრაკეს, ანა მათნაძეს (რომელსაც ადრე ვეხმარებოდი) შევეხმიანე და ასეთი დავალება მივეცი: ხომ იცი, ჩამოვდივარ, “ბარსელონას” გულშემატკივარი ვარ და დასვენების დღეს, ჩემს სტადიონზე შესვლას უნდა გაუკეთო ორგანიზება-მეთქი. ზაფხული იყო, თამაშები არ იყო, თორემ თამაშსაც დავესწრებოდი. რომ ჩავედი, ანა მათნაძე ბარსელონაში არ დამხვდა, გაგზავნილი ჰყავდათ შეჯიბრებაზე, თუმცა სტადიონზე ჩემს ვიზიტს, ორგანიზება, ფედერაციამ გაუკეთა.

სტადიონზე ბარსელონას გუნდის ხელმძღვანელობის წარმომადგენელი დაგვხვდა და დაგვათვალიერებინა ეს შთამბეჭდავი ადგილი. საოცრებაა “ბარსელონას” სტადიონი. თავისი მუზეუმით, კაფეებით, რესტორნებით, უკვე ბიზნესია, ფაქტობრობრივად.
მუზეუმში შეგიძლია ფოტოები გადაიღო. ირჩევ ფეხბურთელს, უკან, ფონად სტადიონია და იღებ ფოტოებს. ვერც ვერავინ არჩევს, რომ ნამდვილ ფეხბურთელთან არ გაქვს ფოტო გადაღებული. რამდენიმე ფეხბურთელთან გადავიღე ფოტო. გვაჩუქეს სარეკლამო ალბომები. ერთ-ერთ ალბომში ჩემი ფოტოც მოათავსეს.
…და ჩემი დაბადების დღის გასვლიდან ერთი თვის თავზე, მესისგან მივიღე მისი მაისური. საოცარი ემოციაა. მიყვარს “ბარსელონა”, მესი ფეხბურთის ლეგენდაა. და როცა ის თავის მაისურზე ასეთ წარწერას გიკეთებს, დაბადების დღეს გილოცავს და კეთილ სურვილებს გადმოგცემს, ფაქტობრივად, რელიქვიაა. ეს მაისური ჩემს მუზეუმში დაიდებს ბინას.
ჩემთვის ეს ძალიან დიდი სიურპრიზი და ძალიან კარგი საჩუქარი იყო. მითხრეს, გამოგივლით მანქანით და ჭადრაკის სასახლეში უნდა წამოხვიდეთო. რა ხდება-მეთქი, ვიკითხე. აქ გაიგებთო რომ მითხრეს, მივხვდი, რომ რაღაც მზადდებოდა, მაგრამ მესისგან მაისურს ვერ მოვიფიქრებდი… საჩუქარი ჭადრაკის ფედერაციის ვიცეპრეზიდენტმა გადმომცა.
საქართველოში ბევრი ადამიანი იქნება, ვინც ასეთ მაისურზე ოცნებობს. ჯერ მხოლოდ ხელმოწერილზე, არათუ ზედ პერსონალური მილოცვით.
– ფეხბურთის როგორი მაყურებელი ხართ?
– ემოციური. ნერვების გარეშე ფეხბურთს, რომელსაც ვგულშემატკივრობ, ვერ ვუყურებ. სრული კონცენტრაციით ვუყურებ.
– რონალდოს მიერ გაკეთებულ კოკა-კოლის ანტირეკლამაზე რა კომენტარს გააკეთებთ?
– სპორტული კუთხით, სწორი დასკვნა გააკეთა, მაგრამ მაინც უხერხულობა იყო. რეკლამაში ფული იყო გადახდილი. უფლება არ ჰქონდა ასეთი დემონსტრაციული განცხადება გაეკეთებინა, მაგრამ ის რონალდოა.























