08:50 | 2021-11-17 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

„თანაშიმშილობა მიმაჩნია უდიდეს შეცდომად“ – იაგო ფრანგიშვილი სააკაშვილის თანამოაზრეებზე

„თანაშიმშილობა მიმაჩნია უდიდეს შეცდომად“ – იაგო ფრანგიშვილი სააკაშვილის თანამოაზრეებზე

ძალიან ხშირად მითქვამს და კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, უფრო ნათლად და გასაგებად. თანაშიმშილობების აქციას პერსპექტივა პრინციპულად არა აქვს, – აცხადებს გერმანიაში მცხოვრები ექიმი იაგო ფრანგიშვილი და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს ეხმაურება.

 

„ციხეში მჯდომი შიმშილობს იმიტომ, რომ ხელ-ფეხი აქვს შებორკილი, კაგებეს მეთოდიკით აწამებენ. მონის მონა რომ აწამებს ადამიანს, ისე ბატონი არ აწამებს. ამიტომაც, ასეთ სიტუაციაში ადამიანს მხოლოდ შიმშილობა, ანუ პირის გაღების და ყლაპვის უფლებაღა აქვს და იმაზეც ამბობს უარს. ეს უმაღლესი და უკიდურესი პროტესტია.

 

გარეთ და თავისუფლებაში მყოფის თანაშიმშილობა კი მიმაჩნია უდიდეს შეცდომად, არაეფექტურად მხოლოდ კიარა, არამედ უფრო შეგუებად. ხალხი ეგუება ამგვარ პროცესებს. ერთი ადამიანის და უუფლებო პატიმრის შიმშილობა გმირობაა. ხელფეხგახსნილი და პარლამენტარი რომ შიმშილობს და აი ეს პროტესტად მიგაჩნია, ეს თვითდაუძლურებაა და დაკაბალებაა.

 

არასდროს ვიყავი პარლამენტის არჩევნებში აქტიური მონაწილეობის მომხრე და მით უმეტეს, პარლამენტში შესვლის. ოპოზიციის ფრაქციის გარეშე პარლამენტი იქნებოდა არაკანონიერი. და რახან შეხვედი, ახლა გამოსვლა და შიმშილი სისულელეა. რატომ ტოვებ იმუნიტეტს? ამ იმუნიტეტის აღება გაიძულა და დაგავალათ ევროპამ. ახლა უნდა იბრძოლო ამ ბერკეტით, უნდა აუტალახო ევროგაერთიანების და აშშ და დასავლეთის წარმომადგენლობას კარი და არ უნდა მოასვენო.

 

პარლამენტარის უფლებაა ყველგან შესვლა და როცა არ დაგრთავენ ნებას, უნდა მიხვიდე არა ბიძინასთან, არამედ იმასთან, ვინც გაიძულა პარლამენტარობა. გარეთ კი ხალხი იმიტინგებს, შენ რომ ელჩებს არ მოასვენებ.

 

ვითომდა არ იციან ეს? პრობლემა ისაა, რომ სულ მალე ყველაფერი გაუფასურდება შიმშილობაც, ეს აქა იქა პროტესტიც, მოვა შობა-ახალი წელი, შეწყვეტეს ის ხალხი შიმშილობას ასე თუ ისე. სთხოვს ან აშშ და ან ევროპა და შეწყვეტენ…

 

მიშა სააკაშვილის პროტესტიც გაუფასურდება, თუკი მანამ მიაღწია და ეგებ ძალითაც გაუკეთონ კალორიების გადასხმა, აბა ხომ არ მოვკლავთო. მერე კი მოხდება ისევ და ისევ დასავლეთის შუამავლობით ბიძინას მონებისა და ოპოზიციის შეთანხმება რაღაც ელემენტარულზე, მოხდება კიდევ ერთხელ ბიძინისტანის გადემოკრატიულების მეიკაპი​ და სააკაშვილი გადაინაცვლებს მართლაც და სუფრის მოსაგონრად.

 

აი აქეთ მიდის ყველაფერი, რაც დღეს საქართველოში ხდება. გამოსავალი კი ისაა, რომ პარლამენტარებმა მაქსიმალურად გამოიყენონ მათი ყველა უფლება და მიადგნენ დასავლეთის წარმომადგენლობას, განაცხადი განაცხადზე ყველა ევროპა-ამერიკულ ინსტანციაში, დღეში რამდენჯერმე მოითხოვონ სააკაშვილის ნახვა და ყველა უარზე უნდა იყოს რეაქცია საელჩოებთან.

 

ან კიდევ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს პრეზიდენტი უბრალოდ გავწირეთ. უნდა ვაღიაროთ რეალობა და მართლა მომავალზე ვიფიქროთ, ბოლობოლო, ადამის მოდგმა ვართ და ვაღიაროთ რომ მსხველპთშეწირვაზე უარს ვერ ვამბობთ, ჯერჯერობით“, – წერს ექიმი.

 

შეგახსენებთ, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, შიმშილობა გამოაცხადა: ელენე ხოშტარიამ, პაატა ბურჭულაძემ, გიორგი ბარამიძემ, აკაკი მინაშვილმა, თემურ ჯანაშიამ, ბაჩუკი ქარდავამ, ნიკა მაჭუტაძემ, გიორგი გოდაბრელიძემ, სულხან სიბაშვილმა, ლევან ბეჟაშვილმა, აბდულა ისმაილოვმა და დავით კირკიტაძემ.

 

ისინი ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X