
შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, 2003 წელს დაბადებული მ.მ. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს.
უწყების ცნობით, დაკავებულმა თანასოფლელს სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
„გამოძიებით დადგინდა , რომ მიმდინარე წლის 3 დეკემბერს, სოფელ ყარაჯალაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაკავებულმა თანასოფლელს, 1988 წელს დაბადებულ ხ.ხ.-ს გლუვლულიანი სანადირო თოფიდან გასროლით ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი, მომხდარიდან მალევე, ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებადაა ამოღებული.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს“, – აღნიშნავენ უწყებაში.
შსს-ს ცნობით, დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.






















