
ეს ისტორია სწავლას მოწყურებულ მოზარდებზეა, არასრულწლოვნებზე, რომლებიც პანდემიამ სასწავლო პროცესს ჩამოაშორა. ოთხი შვილის დედას იმედი აქვს, რომ 15 თებერვლიდან ყველაფერი ძველ რიტმში ჩადგება და პატარები განათლების მიღებას ისევ შეძლებენ.
ცოტა ხნის წინ, ერთმა კეთილმა ადამიანმა მათ პლანშეტი აჩუქა. ბოლო ერთი თვე მხოლოდ უფროსმა ბავშვმა შეძლო ონლაინ გაკვეთილებზე დასწრება.
ეს ყველაფერი არ არის…
პატარები კიდევ ბევრ რამეზე ოცნებობენ. დიდი სურვილისა და მონდომების მიუხედავად, ამ დრომდე ვერ ახერხებენ ცეკვის, სიმღერისა და ხატვის წრეებზე სიარულს. 11 წლის თამარს, 10 წლის ცისიას, 8 წლის გუჯასა და 3 წლის მათეს ბევრი ოცნება აქვთ…
მრავალშვილიანი ოჯახის ერთადერთი შემოსავალი სოციალური, მრავალშვილიანობის დახმარებაა. ეს თანხა ძირითადად საკვებსა და კომუნალურ გადასახადებს ხმარდება. მართალია გაჭირვებით, მაგრამ დედა მაინც ახერხებს, რომ 2 შვილი 2 საგანში მოამზადოს. სხვა დანარჩენი ამ პატარებისთვის უკვე ოცნების ტოლფასია.
ნასყიდაშვილების მრავალშვილიანი ოჯახი ისანში, ყოფილ სამხედრო „ჰოსპიტალში“ ცხოვრებენ. რვა წლის წინ, როცა ქირის გადახდა ვეღარ შეძლეს, თვითნებურად შესახლდნენ. იანვრის თვეში 70 კვადრატულამდე ფართი თბილისის მერიამ საკუთრებაში გადასცა.
ოჯახის უფროსი წლების წინ, ხელოსნად მუშაობდა და შემოსავალიც ჰქონდა. 2017 წელს, წყნეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ, ისე დაზიანდა, რომ ექიმებმა მისი გადარჩენა ძლივს შეძლეს. მას მუშაობა უბრალოდ აღარ შეუძლია.
„პრაიმტაიმი“ ბავშვების დედას ნატალია ჩარკვიანს ესაუბრა:
„მეუღლეს ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. წლების განმავლობაში ხელობაზე მუშაობდა. 4 წლის წინ, წყნეთში ავარიაში მოყვა და ისე დაზიანდა, რომ ძლივს გადაარჩინეს. ყველა ძვალი მოტეხილი ჰქონდა, გულის ფიცარი, 10 ნეკნი… ახლაც საოპერაციოა, მაგრამ ვერ გაგვირისკია. თრომბი აქვს აორტაში, ესეც ავარიის შედეგია. მას მერე მუდმივად ჯანმრთელობის პრობლემები აქვს. ფიზიკურად ვეღარ მუშაობს. მეც ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, თირკმელები მაწუხებს, მაგრამ ექიმთან ვერ მივდივარ. მიუხედავად ყველაფრისა მაინც ვმუშაობ, სახლებს ვალაგებ. პანდემიის გამო, ჩემი სამსახურიც შეიძლება ითქვას, რომ დავკარგე. ზამთრის განმავლობაში მხოლოდ სამჯერ ვიყავი გასული სამუშაოდ. ერთი სახლის დალაგებაში 50 ლარს მაძლევენ.
ჩვენი შემოსავალი სოციალური დახმარება 440 ლარი, მრავალშვილიანობის 200 ლარი და 120 ლარიანი კვების ვაუჩერია. ღმერთის წყალობით ბავშვები მშივრები არ არიან. არც საჭმელზე დავიჩივლებ და არც ტანსაცმელზე, მაგრამ გული მწყდება და ძალიან განვიცდი, რომ შვილებს სათანადო განათლებას ვერ ვაძლევ, აქვთ ნიჭი და ძალიან უნდათ იარონ ცეკვაზე, სიმღერასა და სხვა წრეებზე, მაგრამ უსახსრობის გამო ვერ ვახერხებ.
ჩვენი შემოსავლით მხოლოდ ის შევძელი, რომ 2 შვილს 2 საგანში – ინგლისურსა და მათემატიკაში ვამზადებ. კარგად ხატავენ და ვცდილობ, რომ პერიოდულად სახატავი და ფურცლები ვუყიდო ხოლმე.
სამწუხაროდ, პანდემიამ ბევრი პრობლემა შეგვიქმნა. სამი შვილი სკოლაში დადის, მაგრამ კომპიუტერის არ ქონის გამო, ონლაინ გაკვეთილებს ვერ ესწრებოდნენ. 2 თვის წინ ტელეკომპანია იმედის ერთ-ერთმა ჟურნალისტმა საჩუქრად პლანშეტი გადმოგვცა. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლო ჩემმა უფროსმა შვილმა გაკვეთილებზე დასწრება. ღმერთის წყალობით 15 თებერვალს სწავლა იწყება და სკოლაში მივლენ, მაგრამ როგორ შეძლებენ გაცდენილი გაკვეთილების აღდგენას არ ვიცი…“ – აცხადებს ნატალია ჩარკვიანი.






















