
მგზავრი შეეცადა, ტაქსის მძღოლისთვის გზა ეჩვენებინა, მაგრამ მან ნავიგატორს დაუჯერა და მანქანა პირდაპირ წყალში შეიყვანა.
აპრილის დასაწყისში ინგლისის ქალაქ ეკლსის მკვიდრმა – ემა ლოველმა წარუმატებლად იმგზავრა Uber ტაქსით და მდინარეში აღმოჩნდა. 30 წლის ქალის თქმით, მან დაინახა, რომ მძღოლი არასწორი მიმართულებით მიდიოდა, მაგრამ მან უგულებელყო მგზავრის თხოვნა და მანქანა პირდაპირ წყლისკენ მიმართა.
როგორც მოგვიანებით მამაკაცმა პოლიციას განუმარტა, ის ნავიგატორით ხელმძღვანელობდა, რომელსაც უფრო მეტად ენდობოდა, ვიდრე – მგზავრს.
როგორღაც მოახერხა ემამ მანქანიდან გადმოსვლა. დარჩენილი გზა კი ფეხით გაიარა, რადგან გვიანი ღამე იყო და საზოგადოებრივი ტრანსპორტი აღარ მუშაობდა. 15-20 წუთში სახლში მისვლის შემდეგ, ქალმა შეამოწმა აპლიკაცია და აღმოჩნდა, რომ ტაქსის სერვისი ითხოვდა მგზავრობის საფასურის გადახდას – 29,31 გირვანქა სტერლინგის ოდენობით.
– ინციდენტის შემდეგ მძღოლი თავაზიანად მოიქცა, – განუცხადა ქალმა Manchester Evening News- ს. მან ჰკითხა, შეეძლო თუ არა მას სახლში ფეხით დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ გასეირნების დრო და ადგილი აბსოლუტურად შეუსაბამო იყო, ემას გაუხარდა, რომ ყველაფერი ასე დასრულდა, რადგან თუ მანქანა ოდნავ წინ წაიწევდა, ტრაგედია შეიძლება მომხდარიყო. თუმცა, არ ესმოდა, თუ რატომ უნდა გადაეხადა მგზავრობის საფასური? ის აღმოჩნდა არა სახლში, არამედ – მდინარეში.
მოგვიანებით, ქალმა ელ.ფოსტით წერილი გაუგზავნა კომპანიის მენეჯმენტს, სადაც აღწერილი იყო სიტუაცია, რომელშიც იგი მძღოლის ბრალეულობით აღმოჩნდა. ამის საპასუხოდ მიიღო შეტყობინება, რომ მისი მოთხოვნის საფუძველზე განხორციელდებოდა ოფიციალური შემოწმება. მას შემდეგ, როდესაც არავინ დაუკავშირდა, ემამ გაგზავნა მეორე წერილი, რომელსაც თან ერთვოდა სტატია, ადგილობრივი გაზეთიდან – და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღო ხელმძღვანელობისგან პირობა, რომ მას მორალური ზიანი აუნაზღაურდებოდა. რა თანხაზეა საუბარი, ჯერჯერობით უცნობია.






















