20:26 | 2021-03-24 ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

თავიდან კენჭები ჩამოცვივდა, მერე კლდოვანი მასა წამოვიდა – „ადამიანთა სევდა“ გუდამაყრის ხეობიდან

თავიდან კენჭები ჩამოცვივდა, მერე კლდოვანი მასა წამოვიდა – „ადამიანთა სევდა“ გუდამაყრის ხეობიდან

ორი დღის წინ დუშეთის მუნიციპალიტეტში, გუდამაყრის ხეობაში საავტომობილო გზაზე კლდე ჩამოიშალა. ხეობის 22 სოფელი გარე სამყაროს მოწყდა. ამ წუთებში ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს. რამდენიმე საათში გზის სავალი ნაწილი კლდოვანი მასისგან სრულად გაიწმინდება.

 

მანამდე კი სანამ ხეობა ჯერ კიდევ გარე სამყაროს არის მოწყვეტილი, „პრაიმტაიმი“ გუდამაყრის ხეობაში, სოფელ თორელაანის მცხოვრებელს, გელა ბექაურს ესაუბრა.

 

„ახლა ზუსტად იმ ადგილიდან მოვდივარ სადაც მეწყერია ჩამოსული. დილიდან მუშაობს ტექნიკა, გზა ალბათ დღეს გაიხსნება. სამუშაოებს გუბერნატორი და რწმუნებულიც ესწრებიან. არაფერი საგანგაშო აღარ არის. ასეთი ამბები გაზაფხულზე, თოვლის დნობისას იცის ხოლმე. ასეთი მასშტაბური მეწყერი არ ყოფილა, მაგრამ პერიოდულად კლდოვანი მასა ჩამოდის ხოლმე.

 

გუშინ, დაახლოებით დილით 10 საათზე, ხეობაში სტუმარი მოდიოდა და იმან დამირეკა, გზაზე კენჭები ცვივა და გავჩერდიო. იმის გაჩერება და მეწყერის ჩამოშლა ერთი ყოფილა. მაშინვე გავვარდი ადგილზე. მერე რაიონის ხელმძღვანელობას შევატყობინეთ და ადგილზე მოვიდნენ.“ – ამბობს გელა ბექაური.

 

სოფელ თორელაანში მხოლოდ სამი საკვამურიდან ამოდის ბოლი. სოფელს, სადაც ოდესღაც სიცოცხლე ჩქეფდა, დღეს მხოლოდ სამი ოჯახი შემორჩა.

 

გუდამაყრის ხეობის 22 სოფლიდან 6 უკვე დაცარიელებულია. ხეობაში ამჟამად საერთო ჯამში 35-40 ოჯახი ცხოვრობს.

გელა ბექაურის თქმით, გუდამაყრის ხეობაში კოლმეურნეობის დაშლის მერე მეცხვარეობაც მოიშალა და მოსახლეობა იძულებული გახდა, სხვაგან გადასახლებულიყო.

 

90-იან წლებში როცა ქვეყანაში გაჭირვებამ დაისადგურა, ხეობაში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა. ბევრმა ვერ გაუძლო და ბარში წავიდა.

 

„ძალიან რთულია, მაგრამ შეგუებული ვართ ამ პირობებს. სად წავალ, არც მაქვს გასაქცევი. არც არასდროს მიფიქრია სხვაგან წასვლა, მამა-პაპისეულ კერას არასდროს მივატოვებ. ცოტა უკეთესი პირობები რომ შეიქმნას, ალბათ, ხალხიც დაბრუნება. ფასანაურიდან ჩვენს ხეობამდე სულ 10 კილომეტრია, მაგრამ გზა იმდენად დაზიანებულია, რომ სახლში მისვლას 10 წუთის ნაცვლად თითქმის 1 სათს ვანდომებთ. არც სამუშაო ადგილებია. აქ თუ ხარ პირუტყვი უნდა იყოლიო, რომელიც 7-8 თვე სახლში უნდა გამოკვებო. ცოტა საქონელი მყავს, ღმერთის წყალობით რაიონში ვმუშაობ და ცოტა შემოსავალი იქიდანაც მაქვს. რთულია მთაში ცხოვრება.

 

როცა ძველ დროს ვიხსენებ, გული სიხარულით მევსება ხოლმე. ჩემს ბავშვობაში ამ სოფელში დიდი ხალხმრავლობა იყო. 16 ოჯახი მუდმივად ცხოვრობდა. ერთ დროს აქ ხალხმრავლობა იყო. გუდამაყრის ხეობაში ახლა ერთადერთი სკოლაა სადაც 6 მოსწავლე სწავლობს. ჩემს ბავშვობაში იმდენი მოსწავლე იყო, პარალელური კლასებიც კი გვქონდა. არ გვაქვს საბავშვო ბაღი. გვაქვს ამბულატორია სადაც მუდმივად არის ექიმი და ექთანი. თუ ვინმეს დასჭირდა ფასანაურიდან ვიძახებთ სასწრაფოს.“ – ამბობს გელა ბექაური.

 

ხშირად იხსენებს მეზობლებს, თანასოფლელებს. ზოგი გადასახლდა, ზოგიც გარდაიცვალა და ამ მოგონებებით ცხოვრობს… ხშირად გაჰყურებს გზას და ნატრობს, ნეტა ვინმე გამოჩნდესო, მაგრამ თვეები ისე გადის, ოჯახის წევრების გარდა, ვერავის ხედავს.

ავტორი: თორნიკე ყაჯრიშვილი

X