16:55 | 2020-10-16 ავტორი: მარი ჯაფარიძე

„თავს გამოუტანა განაჩენი, წერილი დაწერა და მერვე სართულიდან გადმოეშვა“ – რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით სალომე ზურაბიშვილის ნათლიამ

„თავს გამოუტანა განაჩენი, წერილი დაწერა და მერვე სართულიდან გადმოეშვა“ – რატომ დაასრულა სიცოცხლე თვითმკვლელობით სალომე ზურაბიშვილის ნათლიამ

ლევან გელაშვილი გახლავთ ინგლისური ენისა და ლიტერატურის პედაგოგი და მთარგმნელი, წიგნის – „უტეხი სული“ – თანაავტორი, რომელიც გივი ზალდასტანიშვილის შესახებ მოგვითხრობს. ცხოვრობს ამერიკის შეერთებულ შტატებში და ქართული ენას ასწავლის ამერიკელებს.

 

ის პირადად იცნობდა უხუცეს ქართველ ემიგრანტებს, გივი ზალდასტანიშვილსა და პეტრე ხვედელიძეს.

 

ლევან გელაშვილმა „პრაიმტაიმთან“ ინტერვიუში ბევრი საინტერესო ამბავი გაიხსენა, რასაც მკითხველს პერიოდულად გავაცნობთ. ამჯერად გვსურს, ქართველ ჟურნალისტზე, პეტრე ხვედელიძე მოგიყვეთ:

 

პეტრე ხვედელიძე

 

– პეტრე ხვედელიძე 1918 წლის 25 ივნისს დაიბადა თბილისში, რკინიგზის მუშის ოჯახში, სადაც ხუთი ბავშვი იზრდებოდა: მიხეილი, თევდორე, კონსტანტინე, ქეთევანი და პეტრე. დედა ღვთისმოსავი ქალი ყოფილა, სწორედ მან დაარქვა ყველა შვილს წმინდანის სახელი. მამა არაპროფესიონალი, მაგრამ ძალიან კარგი მოჭიდავე იყო. ალბათ ეს იყო მიზეზი, რომ ძმებს სპორტში გარკვეული წარმატებები ჰქონდათ.

 

1937 წელს პეტრემ თბილისის მე-10 საჯარო სკოლა დაამთავრა. ამავე წელს დააპატიმრეს მისი უფროსი ძმა, რომელიც სამხედრო პირი იყო. ამის გამო პეტრემ ვერ გააგრძელა სწავლა თბილისში და სტალინგრადში წავიდა, სადაც მისი მეორე ძმა ინჟინრად მუშაობდა. აქ ის ისმენდა ლექციების კურსს თავისუფალი მსმენელის სტატუსით. 1939 წელს სწავლის გასაგრძელებლად მოსკოვში გაემგზავრა, მაგრამ სამ თვეში უკან დაბრუნდა, რადგან ჯარში გაწვევის უწყება მიიღო.

 

ამავე წლის 6 ნოემბერს დაიწყო არმიაში სამსახური. 1940 წელს ჩაირიცხა პოლკის ასეულის სკოლაში, რომლის დამთავრების შემდეგაც მიიღო ლეიტენანტის წოდება. 1941 წლის 22 ივნისს, სამამულო ომის დაწყების დღეს მისი სამხედრო ნაწილი ბესარაბიაში იდგა. მებრძოლები სამი კვირა მიდიოდნენ აღმოსავლეთისკენ, რათა როგორმე სამშვიდობოს გაეღწიათ. დიდი მცდელობის მიუხედავად, წითელარმიელებმა ალყის გარღვევა ვერ მოახერხეს და მრავალი მათგანი ტყვედ ჩავარდა, მათ შორის – პეტრე ხვედელიძეც. 12 ივლისიდან 9 თვე გერმანელთა ტყვეობაში გაატარა. ომში ნანახმა ბევრ რამეზე აუხილა თვალი და კიდევ უფრო გაუმძაფრა შეურიგებლობის გრძნობა საბჭოთა რეჟიმის მიმართ.

 

ტყვეობის შემდეგ პეტრე ხვედელიძეს სამშობლოში დაბრუნება აღარ უფიქრია. 1942 წლის გაზაფხულზე იგი აიყვანეს ბრანდერბურგის სასწავლო პოლკში, მოხალისედ. ამავე წლის აგვისტოში, საბრძოლო ოპერაციის დროს დაიჭრა. 1944 წელს გერმანული ჯარის ნაწილიდან გადაიყვანეს ქართულ ლეგიონში, რომელიც იმავე წლის გაზაფხულზე გაგზავნეს სამხრეთ საფრანგეთში, ქალაქ კასტრში. აგვისტოს თვეში ლეგიონი შარლ დე გოლის ნაწილებს შეუერთდა. 1944-1948 წლებში საფრანგეთის უცხოელთა ლეგიონმა ჩრდილოეთ აფრიკაში გადაინაცვლა. 1948 წელს ლეგიონი მონაწილეობდა ვიეტნამის ომში, საიდანაც მძიმედ დაჭრილი პეტრე ხვედელიძე უკან დააბრუნეს. ოპერაციისა და თითქმის სამწლიანი მკურნალობის შემდეგ პეტრე ხვედელიძე 1951 წელს, როგორც ინვალიდი, გაათავისუფლეს სამხედრო სამსახურიდან.

 

უცხოელთა ლეგიონში შვიდწლიანი მსახურობის პერიოდში პეტრე ხვედელიძეს მიღებული ჰქონდა მედალი და ჯილდოები. ლეგიონი სერჟანტის ჩინით დატოვა და ნაწილობრივი პენსია დაენიშნა.

 

სამხედრო კარიერის შეწყვეტის შემდეგ, 1951 წელს პეტრე ხვედელიძე, როგორც ომის ვეტერანი, სპეციალობის მისაღებად გაგზავნეს რადიო-ტელევიზიის საქმის შესასწავლად, 1955 წელს მან დაამთავრა ელექტრონიკის ტექნიკური სასწავლებელი და ერთი წელი მსახურობდა რადიოაპარატურის დამამზადებელ ფრანგულ კომპანიაში. 1956 წელს, 38 წლისა, პეტრე ხვედელიძემ მიიღო გადაწყვეტილება, დაეტოვებინა საფრანგეთი. დაიწყო მისი მეორე ემიგრაცია, ამჯერად ამერიკის შეერთებულ შტატებში.

 

ამერიკაში ათი წელი ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც დაამთავრა ამერიკის რადიოკორპორაციის ტექნიკური სასწავლებელი. 11 წელი და 6 თვე იმსახურა როგორც ტექნიკოსმა. მუშაობის პარალელურად, დამატებითი განათლების მისაღებად საღამოს სხვადასხვა სკოლაში სწავლობდა. ორი წელი კი Queens Gollege-ში სწავლობდა. 1958 წელს აირჩიეს შშშ ქართული სათვისტომოს გამგეობის წევრად, შემდეგ კი მდივნად. 1963 წელს მიიღო ამერიკის მოქალაქეობა.

 

სამწუხაროდ, რამდენიმე წლის შემდეგ, შტატებში ეკონომიკური კრიზისის გამო, პეტრე ხვედელიძემ თავისი სპეციალობით სამუშაო დაკარგა, ქართული სათვისტომოს მდივნობის ვადაც ამოეწურა და უმუშევარი დარჩა. ასეთ ვითარებაში, მეგობრების რჩევით, „ამერიკის ხმის“ კორესპონდენტის ვაკანსიაზე შეიტანა განაცხადი და გაუმართლა. 1967 წლის 1 მაისიდან მიიწვიეს „ამერიკის ხმის” ქართულ განყოფილებაში. მისი გადაცემის ერთადერთი დევიზი იყო სიმართლე და მსოფლიოში მიმდინარე პროცესების ობიექტური ანალიზი. რედაქციაში მუშაობისას მიღებული აქვს სიგელები და მადლობები.

 

ლევან გელაშვილი

 

1985 წლის ივნისიდან პეტრე ხვედელიძე პენსიაზე გავიდა. უხუცესი ქართველი ემიგრანტი ვაშინგტონში ცხოვრობდა და მემუარებს წერდა. 2014 წლის 27 მარტს პეტრე ხვედელიძემ თავი მოიკლა. თავმოყვარე ადამიანი იყო, მთელი ცხოვრება მარტომ გალია, არ დაოჯახებულა და არ ჰყავდა შვილები და ოჯახი. ის ჩვენი დღევანდელი პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ნათლია გახლდათ და გიჟდებოდა სალომეზე, შვილივით უყვარდა.

 

როცა სალომე ან ზვიადის შვილი, კოკო გამსახურდია ჩამოვიდოდა, ყოველთვის რესტორანში გვიწვევდა ხოლმე 20-25 ადამიანს და თუ ვინმე დანახარჯის გადახდას დავაპირებდით, ძალიან ბრაზდებოდა და შესაძლოა, თავისი მეგობრების სიიდან მოვეკვეთეთ კიდეც. არ ვიცი, როგორ ახრეხებდა პენსიონერი ადამიანი ამხელა ხარჯის გაწევას, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რომ საყვარელი ადამიანები გარს შემოეკრიბა.

 

პეტრე ხვედელიძე

ხშირად ამბობდა ხოლმე, – თავის მოკვლა გმრობაა, ეს იოლი საქმე არააო, მაგრამ ყურადღბას არავინ ვაქცევდით, რადგან 90 წელს გადაცილებული ადამიანისგან თვითმკვლელობა ვერც წარმოგვედგინა. ისიც ჰქონდა ნათქვამი – მე თუ ისე მოვხუცდი და დავუძლურდი, რომ საკუთარი თავის მოვლის შესაძლებლობა აღარ მექნება, თავს არ ვიციცხლებო, მაგრამ არც ამისთვის მიგვიქცევია ყურადღება, რადგან არასერიოზულად აღვიქვამდით და ვფიქრობდით, რომ სიტყვის მასალად ამბობდა. მარტო ცხოვრობდა, რადგან მიხვდა, რომ ძალიან მოხუცდა, თავის თავს გამოუტანა განაჩენი, წერილი დაწერა და მერვე სართულიდან გადმოეშვა. 96 წლის იყო.

 

ავღანეთში დაჭრილ ქართველ ჯარისკაცებს, რომლებიც ამერიკაში მკურნალობდნენ, აუცილებლად მოინახულებდა, მივდიოდით, ძღვენი მიგვქონდა, სურსათი და ყველანაირად ნხარში ვედექით. პეტრე ღამეებს უტენებდა ამ ბიჭებს, სახლში არ მიდიოდა, თავად მუხუცი, იმათზე ზრუნავდა. ანდერძის თანახმად, მისი ნეშტი სამშობლოში ჩამოასვენეს და დიდუბის პანთეონში დაკრძალეს. მიხარია, რომ დააფასეს მისი ღვაწლი და შესაფერისი დიდებით მიაბარეს მიწას.

 

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X