
2008 წლის აგვისტო იყო, რუსეთი საქართველოში შემოიჭრა და ომი გააჩაღა. ნინომ 7 აგვისტოს ტელევიზიით რომ მოისმინა, რა საშინელებაც ხდებოდა, მაშინვე შვილს დაურეკა:
– სად ხარ, ბესიკ, შვილო?
– ჯერ რუსთავში ვარ, – მოატყუა ბესიკმა. ალბათ, ცხოვრებაში პირველად მოატყუა დედა. არადა, იმ დროს, უკვე გორში იყო, რადგან პოლიციის სერჟანტი ბესიკ კაპანაძე სამხედრო სტრუქტურაში მუშაობდა, გამოცდილი სპეცრაზმელიც გახლდათ და, რა თქმა უნდა, გორში იქნებოდა თანამებრძოლებთან ერთად.
ნინო შვილს მთელი ღამე ურეკავდა. 8 აგვისტოს, სროლა რომ დაიწყო, საათში ორჯერ მაინც ურეკავდა და ეკითხებოდა: ბესიკ, სად ხარ, როგორ ხარო? ბესიკი ეუბნებოდა: დედა, ნუ გეშინია, ტყვიავში ვარო… მაგრამ, სინამდვილეში, ცხინვალის შესასვლელში იყო.
ათჯერ მაინც დაურეკა ნინომ შვილს და შვილიც სულ აიმედებდა. ბოლოს დილით, 8 საათზე ესაუბრა. საზარელი ხმაური, სროლისა და აფეთქების ხმები ესმოდა ქალს. შვილმა ისევ მოატყუა: ტყვიავში ვარო. ნინო უკვე მიხვდა, რა უბედურებაც ხდებოდა და უთხრა:
– თავს გაუფრთხილდი, შვილო.
– ნუ გეშინია, დედა. ჩემი იმედი ხომ გაქვს, – დედის სანუგეშებლად გადაიხარხარა ბესიკმა.
დედა კიდევ ცოტა ხანს ესაუბრა, რადგან შიშობდა, ჩემთან ლაპარაკში ყურადღება არ გაეფანტოს და რამე არ დაუშავდესო.
ბესიკს ბრძოლაში ახალბედა და გამოუცდელი ჯარისკაცები ახლდნენ. ამ ბიჭებს გამხნევება სჭირდებოდათ და, როცა რუსი ოკუპანტები ცხინვალიდან ქართულ პოზიციებს გამალებით უტევდნენ, ბესიკმა შესძახა:- ბიჭებო, შანსი გვაქვს, რომ გმირები გავხდეთ, პირველები, ვინც მტერს შეუტევს. ან უნდა გავიმარჯვოთ, ან ისე უნდა დავიხოცოთ, რომ ჩვენი ძმები და შვილები სისხლის აღების წყურვილმა შინ ვეღარ გააჩეროს.
ბრძოლა გაჩაღდა.

ცოტა ხანში უკვე დაჭრილები გამოჰყავდათ. გამოცდილი და ერაყგამოვლილი ბესიკი ახალბედა ჯარისკაცებს ისევ ამხნევებდა. ერთ-ერთი დაჭრილის გამოსაყვანად რომ წავიდა, საბედისწერო ბომბი ძალიან ახლოს ჩამოვარდა…
ბესიკმა მეორე ჯარისკაცს ხელი ჰკრა და ამ ხელის კვრით მას სიცოცხლე აჩუქა, თვითონ კი ბომბის ნამსხვრევით მძიმედ დაიჭრა… გონება არ დაუკარგავს, მაინც თანამებრძოლებს მიმართავდა:
– არ შეშინდეთ, ბიჭებო!… მგონი ვკვდები, მაგრამ უკან არ დაიხიოთ… საქართველოსთვის, ბიჭებო, საქართველოსთვის…
ბესიკი არ დაცემულა, ნელ-ნელა დააწვინეს ბიჭებმა.
– ბესიკ, არ დახუჭო თვალები, – ეხვეწებოდნენ თანამებრძოლები.
ბესიკს ალბათ, მთელმა ცხოვრებამ თვალწინ გაუელვა… 27 წლის იყო, სიცოცხლე სწყუროდა, მაგრამ გრძნობდა, რომ დედას პირობას ვერ უსრულებდა…
ბესიკ კაპანაძემ, როგორც გმირმა, ისე შეაბიჯა ზეციურ საქართველოში…
ბესიკ კაპანაძე, 28 წლის, პოლიციის სერჟანტი
ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენოსანი, 08.08.08






















