12:37 | 2020-06-30 ავტორი: მარი ჯაფარიძე

თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ქუჩას ტერორისტის სახელი ჰქვია – ნახეთ ისტორია

თბილისის ერთ-ერთ ცნობილ ქუჩას ტერორისტის სახელი ჰქვია – ნახეთ ისტორია

თბილისში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ქუჩა ელბაქიძის დაღმართია, რომელსაც ადრე ვერის დაღმართი ეწოდებოდა.

 

1995 წლიდან კი ელბაქიძის დაღმართს სახელი შეეცვალა და მიხეილ ჯავახიშვილის სახელი დაერქვა, მაგრამ ფაქტია, რომ ყველა ისევ ელბაქიძის დაღმართით მოიხსენიებს და ალბათ ვერ მოძებნით თბილისში ადამიანს, ვისაც ჰკითხავთ, სადაა მიხეილ ჯავახიშვილის დაღმართი და პასუხი ეცოდინება.

 

ელბაქიძე არკადი ყარამანის ძე დიბადა 1879 წელს, სოფელ წესში (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი).

 

„ვიკიპედია“ მას მოიხსენიებს როგორც ტერორისტს: „რევოლუციური მოძრაობის მონაწილე საქართველოში და ჩრდილო კავკასიაში, კომპარტიის წევრი 1905 წლიდან. მონაწილეობდა შორაპნის მაზრის გლეხთა შეიარაღებულ აჯანყებაში.

 

ორჯერ დააპატიმრეს, მაგრამ ორჯერვე გაიქცა. არკადი ელბაქიძე მონაწილეობდა 1907 წლის 13 ივნისს თბილისში, ერევნის მოედანზე მომხდარ გახმაურებულ ტერორისტულ აქტში, როდესაც პოლიციასთან შეიარაღებული შეტაკებისას გაიტაცეს 250 000 მანეთი. 1912 წელს დააპატიმრეს ქალაქ ნოვოჩერკასკში და მიესაჯა მუდმივი კატორღა.

 

1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ არკადი ელბაქიძე გათავისუფლდა საპყრობილედან და დაუბრუნდა აქტიურ ტერორისტულ საქმიანობას. 1918 წელს მონაწილეობდა რაჭა-ლეჩხუმის გლეხობის აჯანყებაში. აჯანყების დამარცხების შემდეგ იგი შეუერთდა გეგეჭკორის რაზმს და წავიდა ჩრდილო კავკასიაში. ამ რაზმთან ერთად ის აქტიურად მონაწილეობდა 1918 წლის დუშეთის აჯანყებაში. 1918 წელს დააპაიტმრა საქართველოს დემოკრატიულმა ხელისუფლებამ და გაასახლა ჩრდილოეთ კავკასიაში. მუშაობდა საგანგებო კომისიაში (ჩეკაში).

 

100 წელი ქართული სპეცსამსახურის ...

 

1919 წლის შემოდგომაზე არკადი ელბაქიძე არალეგალურად დაბრუნდა თბილისში. 1919 წლის 13 სექტემბერს, ვერის დაღმართზე მოაწყო ტერორისტული აქტი, რომლის შედეგადაც ყუმბარით მძიმედ დაიჭრა გენერალ ანტონ დენიკინის პირადი წარმომადგენელი საქართველოში, გენერალი ბარათოვი.

 

ტერორისტულ აქტში არკადი ელბაქიძესთან ერთად მონაწილეობდნენ ვასილ (ვასიკო) წივწივაძე, ტიტე ლორთქიფანიძე, დანდუროვი და სხვები.

 

აქტის დროს ელბაქიძე მტკვარში გადახტა, თუმცა მძიმედ დაჭრილი პოლიციამ მალევე შეიპყრო და საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

 

ეს ამბავი აღწერილი აქვს მაშინდელ „საქართველოს რესპუბლიკასაც“:

„13 სექტემბერს, დღის 12 საათზე და 55 წ. ვერის დაღმართზე, საქართველოს სამხედრო უწყების ავტომობილის ნომერი 20, რომლითაც რუსთაველის ქუჩისაკენ მიდიოდნენ შიგ მსხდომნი მოხალისეთა ჯარის წარმომადგენელი ამიერკავკასიაში კავალერიის გენერალი ბარათოვი, საქართველოს ჯარის გენერალ-ლეიტენანტი ოდიშელიძე და პოლკოვნიკი სელიმ გეორგის ძე ალხავი, ბოროტ-განმზრახველებმა ესროლეს ერთი მეორეზე ორი ყუმბარა.

 

ორივე ჩასკდა ავტომობილის ქვეშ, ავტომობილის წინა ნაწილი ნაფოტებად აქცია და მოკლა პოლკოვნიკი ალხავი, შოფერი ვასილ ჟუჟიაშვილი, მისი თანაშემწე შალვა სამათაძე, დაჭრილია ფეხებში გენერალი ბარათოვი და სახეზე გენერალი ოდიშელიძე.

 

ჭრილობა ბარათოვისათვის საშიში არ არის. ბოროტ-მოქმედს დაედევნენ მილიციონერები. იგი გაიქცა ყორგანოვის (დღევანდელი ქიაჩელის ქუჩა – ა.ე.) ქუჩით, მიირბინა იოანნე ღვთისმეტყველის ეკლესიამდე, ჩაეშვა ხევში მტკვრისკენ ვერის ხიდზე გასაქცევად, მაგრამ შეხედა თუ არა, რომ მას პირდაპირ ხვდებოდა სისხლის სამართლის ერთი აგენტთაგანი, გადახტა წყალში.

 

ნავით იგი გამოიყვანეს ნაპირზე. აღმოჩნდა, რომ იგი მილიციელს დაეჭრა მძიმედ; გონს მოუსვლელათ იგი გარდაიცვალა იქვე. გამოირკვა, რომ იგი არის რაჭის მაზრის, სოფ. წესის მცხოვრები არკადი ელბაქიძე“.

 

1928 წელს, სიკვდილის შემდეგ არკადი ელბაქიძე დაჯილდოვდა წითელი დროშის ორდენით. ვერის დაღმართს კი მის პატივსაცემად ელბაქიძის დაღმართი უწოდეს.

 

ელბაქიძის (ვერის ) დაღმართი

ავტორი: მარი ჯაფარიძე

X