20:50 | 2021-12-03 ავტორი:

თბილისში CO-ინტოქსიკაციით დედა და მისი 13 წლის შვილი გარდაიცვალა

თბილისში CO-ინტოქსიკაციით დედა და მისი 13 წლის შვილი გარდაიცვალა

თბილისში, ქეთევან წამებულის ქუჩაზე სავარაუდოდ CO-ს გაჟონვის შედეგად დედა და მისი 13 წლის შვილი გარდაიცვალა.

 

დედა-შვილი ინგოროყვას კლინიკაში სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟმა გადაიყვანა, თუმცაა საავადმყოფოში შეყვანისას ორივე მათგანი უკვე გარდაცვლილი იყო.

 

როგორც „თბილისი ენერჯიში“  „პრაიმტაიმს“ განუცხადეს, საცხოვრებელ სახლში გაზის დანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული.

 

მათვე ცნობით, ადგილზე რამდენიმე დარღვევა დაფიქსირდა.

 

კომპანიის სადისპეტჩერო და სწრაფი რეაგირების ცენტრის უფროსის ირაკლი დეკანოიძის განცხადებით, შემთხვევა ძველ, მიტოვებულ შენობაში მოხდა, რომელიც საცხოვრებლად იყო გადაკეთებული.

 

„გამოგვიძახა საგანგებო სამსახურის ჯგუფმა. ადგილზე მისვლისას დაგვხვდა ორი ადამიანი, რომლებიც გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებისა და პოლიციის გადმოცემით, ისინი უკვე გარდაცვლილნი იყვნენ. ეს არის ძველი მიტოვებული შენობა, რომელსაც საცხოვრებელს ვერ ვუწოდებთ, თუმცა ფაქტია, რომ საცხოვრებლად ჰქონდათ მოწყობილი, რადგან საწოლები დგას და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთებიც არის. აღმოჩნდა, რომ მათ გაზი უკანონოდ ჰქონდათ მიერთებული და მოიხმარდნენ გაზს და სახლში ჰქონდათ ისეთი ტიპის დანადგარები, რომლის დაყენებაც არ შეიძლება დახურულ სივრცეში, აკრძალულია. მათ თვითნებურად ჰქონდათ გაზის ცენტრალური მილიდან საცხოვრებელში შეყვანილი გაზი. გარდაცვლილებიდან ერთი 1990 წელს დაბადებული ხოლო მეორე 2008 წელს იყო დაბადებული. მათი გარდაცვალების მიზეზების დასადგენად გამოძიება მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ეს მოხდა CO-თი ინტოქსიკაციის შედეგად“, – განაცხადა „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენელმა.

 

დედა-შვილის გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზს გამოძიება დაადგენს.

ავტორი:

X