15:36 | 2020-06-03 ავტორი: Prime Time

თბილისში დედა 5 წლის შვილს ეძებს – ამბობს, რომ ბავშვი მამამ გაიტაცა

თბილისში დედა 5 წლის შვილს ეძებს – ამბობს, რომ ბავშვი მამამ გაიტაცა

თბილისში დედა 5 წლის ქალიშვილს ეძებს და ამბობს, რომ ბავშვი მამამ გაიტაცა. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ ოლივია თათარაშვილის ადვოკატმა, ლოლა კურკუმულმა აცნობა.

 

ოლივია თათრაშვილი და პრჟენისელ ანტონი 2013 წელს დაქორწინდნენ. 2014 წელს შეეძინათ ქალიშვილი, რომელიც ახლა ცოლ-ქმარს შორის სამართლებრივი დავის საფუძველია.

 

„ბავშვი ითვლება კვიპროსის რესპუბლიკის მუდმივ მაცხოვრებლად. 2018 წელს ჩამოვიდნენ საქართველოში რამდნეიმე თვით.

 

აქ ცოლ-ქმარს დაეძაბათ ურთიერთობა და პრობლემებიც სწორედ აქედან იწყება. მათ პატრულმა შემაკავებელი ორდერები გამოუწერა, ორივეს. ბავშვი კი რამდენიმე დღით დედასთან უნდა ყოფილიყო, რამდენიმე დღით მამასთან.

 

ერთ-ერთი წაყვანის დროს მამამ ბავშვი აღარ დააბრუნა, გამორთო ტელეფონი და შეიცვალა ყველა მისამართი.

 

როდესაც ბავშვის ძიებაში სამართალდამცველები ჩაერთვნენ, გაირკვა, რომ ბავშვი ქვეყნიდან გაიყვანეს.

 

აღმოჩნდა, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, ბავშვის ქვეყნიდან გაყვანაზე ორივე მშობლის თანხმობას არ სთხოვენ.

 

ოლივია წავიდა კვიპროსში. იქ ბავშვი ვერ ნახა.

 

პოლიციაში განცხადება რომ შეიტანა, უთხრეს, რომ მამაკაცმა ბავშვთან ერთად გადაკვეთა საზღვარი და საქართველოში დაბრუნდაო.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოში შევიტანეთ სარჩელი. მოსამართლემ დააკმაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და განსაზღვრა დედის და მამის ნახვის დღეები.

 

მიუხედავად ამისა, ეს კაცი არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას, რაც ცალსახად სისხლის სამართლის დანაშაულია, თუმცა მის მიმართ სამართლებრივი დევნა არ დაწყებულა.

 

ამჟამად დედა ეძებს საკუთარ შვილს, რომ შორიდან მაინც ნახოს. არცერთ ძველ მისამართზე არ იმყოფებიან.

 

ეს კაცი გადაადგილდება დაცვის თანხლებით. დედა კი უკვე იანვრიდან მოყოლებული ქუჩ-ქუჩა ეძებს საკუთარ შვილს.

 

მას ეჭვი აქვს, რომ მისი შვილი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლია“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ლოლა კურკუმული.

ავტორი: Prime Time

X