
დღეს, თბილისში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევების შესახებ დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. თუმცა, „პრაიმტაიმს“ ჯანდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებული ერთ-ერთი უწყებიდან დაუკავშირდნენ და განუცხადეს, რომ 18 ინფიცირებულს შორის 10 Covid დადებითი აფრიკის დასახლებიდანაა.
„პრაიმტაიმი“ შეეცადა ოფიციალურ უწყებებში ამ ინფორმაციის დადასტურება და კითხვაზე – გაჩნდა თუ არა თბილისში აფრიკის კლასტერი?! პასუხის მოძიება…
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი აცხადებს, რომ ინფორმაცია ქვეყანაში არსებულ მდგომარეობაზე იმ სპიკერებს აქვთ, რომლებიც მედიასთან კომენტარებს აკეთებენ. თუმცა, მარინა ეზუგბაიას კლინიკაში ამბობენ, რომ 7 თვის განმავლობაში პირველად, უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა – მათ დეტალური სტატისტიკური მონაცემების ნაცვლად, თბილისში ინფიცირებულთა შესახებ, მხოლოდ რაოდენობა გაეგზავნათ.
ჩვენი წყარო კი ამბობს, რომ კორპუსის მცხოვრებლების კვლევა კვლავ მიმდინარეობს. უცნობია, მათი კონტაქტების რაოდენობა და ინფიცირების ისტორია.
„პრაიმტაიმი“ გასაგები მიზეზების გამო, წყაროს ვინაობას არ აკონკრეტებს.
მისი თქმით, შემთხვევები ერთ კორპუსში დაფიქსირდა და დანარჩენ მეზობლებს მედიკოსები აკვირდებიან, მიმდინარეობს მათი PCR ტესტებით ვირუსის კვლევა.
„დღეს,თანამშრომლებთან ერთად, სამსახურში, აფრიკის დასახლებაში უნდა მივსულიყავი და ინფორმირებულმა ადამიანმა მკაცრად გაგვაფრთხილა, რომ მაქსიმალური სიფრთხილე გამოგვეჩინა, რადგან გუმათჰესის ქუჩაზე მდებარე ერთი კორპუსის მაცხოვრებლებიდან 10 სხვადასხვა ოჯახის წევრს კორონავირუსი დაუდასტურდა და დანარჩენი ადგილობრივების კვლევა PCR ტესტებით მიმდინარეობს.
სავარაუდოდ, დანარჩენების შემთხვევებზე ტესტის პასუხები ხვალ იქნება. საბედნიეროდ, პატარა კორპუსია და სულ 16 ოჯახი ცხოვრობს.“ – ამბობს წყარო.
„პრაიმტაიმი“ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს წყაროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების მიზნით, დაუკავშირდა. უწყებაში განაცხადეს, რომ ყოველ დილას უახლეს ცნობებს ოფიციალური პირები ავრცელებენ.
იმის გამო, დღეს, 12 სექტემბერს ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან კომენტარი თბილისში 18 შემთხვევის დაფიქსირების შესახებ გააკეთა, „პრაიმტაიმი“ ინფექციური საავადმყოფოს პრესცენტრს დაუკავშირდა.
კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელმა განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა, პირველი დღეა, რომ სამედიცინო დაწესებულებისთვის კონკრეტული სტატისტიკა არ გაუგზავნიათ.
მათ ხელთ არსებული ინფორმაციით, დღეს, თბილისში 18 შემთხვევა დაფიქსირდა, ქვეყნის მასშტაბით კი – 158.























