
ავსტრალიის მოქალაქე შანაი ბრუკი 30 ივლისს გაუჩინარდა. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა მისმა მეგობარმა, რომლის თქმით, როცა შანაი ბრუკს ტელეფონით ელაპარაკებოდა, ის მთაწმინდაზე იმყოფებოდა, რა დროსაც, სავარაუდოდ, თავს დაესხნენ.
ახალგაზრდა ქალის ცხედარი მთაწმინდის ფერდზე 31 ივლისს იპოვეს.
როგორც შანაის ახლობლები ამბობენ, გოგონა ძალიან კეთილი და გულუსხმიერი იყო. ცხოველებზეც ისევე შესტკიოდა გული, როგორც ადამიანებზე და ქუჩიდან აყვანილ კატებს სახლში შეიფარებდა ხოლმე.
გარდაცვალებამდე 1 თვით ადრე მან სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა, სადაც დედა კატისა და მისი კნუტების გაშვილება სურდა. მათ გარდა სახლში 4 კატა კიდევ ჰყოლია.
გოგონას გარდაცვალების შემდეგ სოციალურ ქსელში ადამიანები ძალიან ნერვიულობდნენ ფისოების გამო, რადგან კატები შინ გამოკეტილები, უპატრონოდ დარჩნენ. „ფისომოყვარულებში“ მალევე გამოაქვეყნეს განცხადება, სადაც მსურველებს შანაის კატების შვილად აყვანას სთავაზობდნენ:
“ყველას გეცოდინებათ ბოლო დღეების შემზარავი მკვლელობის შესახებ. თქვენთან დახმარების სათხოვნელად მოვედი, იმ დახმარების რომელსაც შანაი ბრუკი ითხოვდა 4 კნუტთან და დედა კატასთან დაკავშირებით (დედა უკვე გასტერილებულია). ის მათ უვლიდა და ცდილობდა, დაებინავებინა, ახლა ეს საზრუნავი მის მეგობრებზე გადავიდა და მეც მათი სახელით ვპოსტავ ინფოს, იქნებ დავეხმაროთ ამ ხალხს ასეთი გასაჭირის დროს კნუტების დაბინავებაში, ეს ხომ გარდაცვლილის ერთერთი უკანასკნელი სურვილი იყო”.
შანაის ბოლო სურვილის ასრულება მოხერხდა და ყველა კატა მალევე გაჩუქდა. როგორც ერთ-ერთმა ამ საქმის ორგანიზატორმა გვითხრა, – ახალი პატრონები დიდი სიფრთხილით შეარჩიეს და ყველა ფისო თავს კარგად გრძნობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლები, ავსტრალიის მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა), აწარმოებენ.
როგორც უწყებაში ამბობენ, აქტიურად გრძელდება ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები დამნაშავე პირის დადგენისა და დაკავების მიზნით.























