
ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში, სხვადასხვა ლოკაციაზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები მონტაჟდება.
სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის მერია ავრცელებს.
თბილისის მერის განცხადებით, საპილოტე პროექტის პირველ ეტაპზე, ჭავჭავაძის გამზირზე საერთო ჯამში, 90 კონტეინერი განთავსდება. მსგავსი კონტეინერები ასევე, დამონტაჟდება ყიფშიძისა და ატენის ქუჩებზე.

მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები არის წყალგამძლე, შედგება ბეტონის ბუნკერისა და უსაფრთხოების პლატფორმისგან.
კონტეინერი ასევე, აღჭურვილია ხუფით ფეხით მოსიარულეთათვის და ავსების სენსორით, რაც ექსპლუატაციის პროცესში, გარემოსა და ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების თავიდან აცილების შესაძლებლობას უზრუნველყოფს.
კონტეინერების მოცულობა, რაოდენობა და განთავსების ადგილები, მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურებისა და კომპანია „სისტრას“ მონაწილეობით, კონკრეტულ ადგილზე არსებული ინფრასტრუქტურის, გამწვანების, ნარჩენების წარმოქმნის, შეგროვებისა და გატანის სიხშირის გათვალისწინებით, შპს „თბილსერვის ჯგუფის“ პრაქტიკიდან გამომდინარე განისაზღვრა.
ჭავჭავაძის გამზირზე მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟს შპს „ჯი თი გრუპი“ ახორციელებს.

მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერები დედაქალაქის მასშტაბით, სხვადასხვა ლოკაციაზე, ეტაპობრივად დამონტაჟდება.
გარდა ამისა, დედაქალაქის ქუჩებში ნარჩენების სეპარირებისთვის განკუთვნილი სხვადასხვა ზომის, ფორმისა და მოცულობის კონტეინერები განთავსდება.
მიწისქვეშა ნაგავშემკრები კონტეინერების მონტაჟის პროცესს თბილისის მერთან ერთად, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და საკრებულოს წევრი ბექა დავითულიანი გაეცნენ.






















