
„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი“ (TDI) ხონისა და სამტრედიის ეპისკოპოს საბას ქადაგებას ეხმიანება და აცხადებს, რომ ქადაგება ანტისემიტური შინაარსისაა.
ეპისკოპოსი ქადაგებაში საუბრობს, რომ ისრაელში სოლომონის ტაძრის მშენებლობა დაიწყო. რაც, მისი თქმით, ქრისტეს მეორედ მოსვლის მოახლოებას ნიშნავს.
TDI-ის მიაჩნია, რომ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირი მორიგ ანტისემიტურ განცხადებას ავრცელებს.
„ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტის“ განმარტებით, ანტივაქსერული კამპანიის კონტექსტში, ეპისკოპოსი საბა იმეორებს ებრაელთა წინააღმდეგ არსებულ ერთ-ერთ კონსპირაციას.
„იერუსალიმის (სოლომონის) ტაძარი ორჯერ დაინგრა, ბოლოს პირველი საუკუნის 70 წელს. აპოკალიპტური ხედვის თანახმად, იუდეველები მოახერხებენ ტაძრის მესამედ აგებას, რათა მასში აკურთხონ ,,ანტიქრისტე, რომელიც თავს გამოაცხადებს მესიად”. ანტივაქსერული კამპანიის კონტექსტში, ეპისკოპოსი საბა იმეორებს ებრაელთა წინააღმდეგ არსებულ ერთ-ერთ კონსპირაციას, რომლის მიხედვითაც მეორედ მოსვლა და სამყაროს აღსასრული სწორედ იუდაიზმის მიმდევართა მიერ სოლომონის ტაძრის აშენებას უკავშირდება. იუდოფობია, იუდაიზმის მიმდევართა შიში და მათ მიმართ სიძულვილის ენა ანტისემიტიზმის ერთ-ერთი გამოვლინებაა“, – განმარტავს ორგანიზაცია.
TDI-ის განცხადებით, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალი რანგის სასულიერო პირების ანტისემიტურმა განცხადებებმა უკვე საგანგაშო ხასიათი შეიძინა. ორგანიზაციის თქმით, საყურადღებოა, რომ ამ დრომდე არც საპატრიარქოს და არც ხელისუფლებას გახშირებული ანტისემიტური განცხადებები არ შეუფასებიათ და დაუგმიათ.
„კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს საპატრიარქოს, მკაფიო პოზიცია გამოხატოს ეკლესიაში გახშირებულ ანტისემიტიზმთან დაკავშირებით და დაგმოს მსგავსი შინაარსის განცხადებები.
მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, დროულად დაგმონ ანტისემიტიზმი, ებრაელების წინააღმდეგ სიძულვილის ენის გამოყენება და გაავრცელონ ტოლერანტობის, ადამიანის უფლებების პატივისცემის, დისკრიმინაციის აკრძალვის მხარდამჭერი განცხადებები“, – აცხადებს TDI.






















