13:49 | 2021-04-12 ავტორი: Prime Time

თეა დარჩია კორონავირუსს ნაკურთხი წყლით ებრძვის

თეა დარჩია კორონავირუსს ნაკურთხი წყლით ებრძვის

თეა დარჩია კორონავირუსს ებრძვის. მოცეკვავეს სამშბათს სახსრების ტკივილი დაეწყო და საკუთარი სახლის ერთ ოთახში, მეუღლისგან და ოთხი შვილისგან, იზოლირდა.

 

როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, გრძნობს, რომ ეს არის ხელოვნურად შექმნილი ვირუსი. სვამს ნაკურთხ წყალს და კოვიდმდგომარეობას აღწერს.

 

თეა დარჩია: – როგორც კი სტუდია დავხურე და გამოვაცხადე, რომ აღდგომამდე გავჩერდეთ, ტაძარში ვიაროთ, სანთლები დავანთოთ და აღდგომის შემდეგ, ღია სივრცეში შევიკრიბოთ-მეთქი, იმ საღამოს დავწექი და დილისკენ სახსრების ბაბანი დამეწყო.

 

სახლში იზოლირებული ვარ, ჩემი უფროსი ქალიშვილი, მარიამი ოთახიდან არ მიშვებს, მივლის, ბავშვებს უვლის. მეუღლემ სტრესისგან იატაკის დაგება დაიწყო. ოცი წელია ვთხოვდი იატაკის გამოცვლას და მე რომ ავად გავხდი, ახლა აკეთებს. ეტყობა, თავისი თავი რომ გამოიყვანოს მდგომარეობიდან. ჩვენს უფროს ბიჭთან ერთად დგას და იატაკს აგებენ.

 

ხომ იცით, როგორც კი მხნეობას დაკარგავთ, უფრო მოგერევათ. იმდენი ხალხი მეფერება და მათ შორის ისეთებიც, არასდროს რომ არ მომფერებიან, ასე მგონია, მოვკვდი და სასუფეველში ვარ. ამდენი სითბო და სიყვარული ხომ ისედაც შეგვიძლია, რომ ერთმანეთს გავუზიაროთ. არაფერი და ვერაფერი ვერ მოგვერევა.

 

რაღაც მღრღნის… სისხლძარღვებში და უჯრედებში რომ რაღაც ხელოვნული მატრიცასავით დახოხავდეს, ასეთი შეგრძნება მაქვს. ფეხის თითებიდან იწყებს და ნელ-ნელა ამოდის, ტკივილი გადამდის მენჯ-ბარძაყში, მუცელში, მკერდში, ყელში, თავში და მერე გადის. თუ სუსტ წერტილს ვერ პოულობს, გადის ორგანიზმიდან. თუ პოულობს იბუდებს და იმ ადგილს უნდა მიეხედოს.

 

შეგრძნებების დონეზე გავიაზრე რაც არის ეს ვირუსი. ეტყობა, რომ “ხელოვნური ვინმეა”. ვირუსი, ტკივილი, ყველაფერი განმიცდია. ეს ვირუსი ბუნებრივ მოვლენას არ გავს, ის ხელოვნურად არის შექმნილი.

 

პატრიარქის კურთხევით ყველა ტაძარში ყოველდღიური წყლის კურთხევაა. წელიწადში ერთხელ იკურთხებოდა წყალი და აიაზმიდან ამოღებული ერთი წვეთით მერე ვრცელდებოდა… ვფიქრობდი, რა საჭიროა ახლა ყოველდღიური კურთხევა-მეთქი… გეტყვით. ამ დღეებში, ნაკურთხ წყალს ვსვამ დიდი ოდენობით. გვერდში მიდგას ბოთლით და სამ ლიტრა-სამ ლიტრანახევარ ნაკურთხ წყალს ვსვამ და გამორეცხა მთელი ორგანიზმი. მოკლედ, პატრიარქის კურთხევით, ნაკურთხი წყალი უნდა ვსვათ. და ასევე, უზმოზე, სეფისკვრი უნდა მივიღოთ და ვერაფერიც ვერ მოგვერევა.

 

ღმერთით ყველაფერი კარგად იქნება. ეს ვირუსი ან ყველამ უნდა გადავიტანოთ, ან ვაქცინაცია უნდა ჩავიტაროთ.

 

როგორც მე მივხვდი, მესამე ტალღა ბავშვებს დაერია. და სადაც მათი ჯანმრთელობაა საფრთხის ქვეშ და თან დიდი მარხვაა, ამიტომ ცეკვა-თამაშისგან და შეკრებებისგან თავს ვიკავებთ და ჩემი ცეკვის სტუდია გაჩერდა. აღდგომის შემდეგ ახალი ძალებით, სიყვარულით, განახლებული ენერგიით, შუა ცეცხლის გარშემო გავაგრძელებთ ცეკვას.

 

ჩვენს ბავშვობაში იყო ჭიაკოკონობა. ახლა აღარ ვიცი, რა მოვიგონო, რომ ბავშვები ეზოში გავიყვანო და “რეზინობანა”, “წრეში ბურთი”, ცეცხლის გარშემო საუბრები, ურთიერთობები ვასწავლო. მიზეზი მჭირდებოდა და შუა ცეცხლიც მაქვს.

 

ცეცხლის გარშემო ცეკვა-როკვა როგორია, იცით… ცეცხლი წვავს ბაცილას და ყოველგვარ ბოროტს. შეგვიძლია ერთმანეთს ისე ვეურთიერთობოთ, რომ არაფერი გადავდოთ. ცეცხლი წმენდს ყველაფერს.

 

ავტორი: Prime Time

X