10:16 | 2021-12-05 ავტორი: Prime Time

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციის წარმომადგენლებს შეხვდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ, სპორტულ ორგანიზაციებთან შეხვედრების ფარგლებში, მორიგი სამუშაო შეხვედრა მშვილდოსნობის ფედერაციასთან გამართეს.

 

მშვილდოსნობის ფედერაციის პრეზიდენტმა ხათუნა ნარიმანიძემ და გენერალურმა მდივანმა არტემ სანიშვილმა სამინისტროს ხელმძღვანელობას ფედერაციაში მიმდინარე პროცესები დეტალურად გააცნეს და ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადეს.

 

ხათუნა ნარიმანიძემ, რომელიც ამავდროულად საქართველოს მშვილდოსანთა ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი და ზაფხულის ოთხი ოლიმპიური თამაშების მონაწილეა, გამოთქვა იმედი, რომ ქართველი მშვილდოსნები პარიზის ოლიმპიურ თამაშებზე წარმატებულ ასპარეზობას შეძლებენ.

 

შეხვედრაზე აღინიშნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერა, რის გარეშეც ფედერაციას ერთადერთი საწვრთნელი ბაზაც არ ექნებოდა.

 

მინისტრმა ხაზი გაუსვა მშვილდოსნობის, როგორც სპორტის სახეობის მნიშვნელობას და განაცხადა, რომ ქეთევან ლოსაბერიძის სასახელო მიღწევების ფონზე, აუცილებელია, განვითარდეს ინფრასტრუქტურა, პირველ რიგში, თბილისში, და ფედერაციამ შეძლოს მომავალი წლის იანვარში გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება, რისთვისაც ყველა წინაპირობა უკვე არსებობს.

 

ქეთევან ლოსაბერიძე დღემდე ერთადერთ ევროპელ ქალად რჩება, რომელმაც ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე ოქროს მედალი მოიპოვა (1980), ამასთან ევროპის და მსოფლიოს ჩემპიონატის არაერთგზის გამარჯვებულია.

 

შეხვედრის ბოლოს თეა წულუკიანმა მშვილდოსნებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და ბათუმში მდებარე მშვილდოსანთა ბაზის მონახულების სურვილიც გამოთქვა.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

 

 

 

 

 

ავტორი: Prime Time

X