
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებთან შეხვედრა გამართა და საერთაშორისო ასპარეზზე მიღწეული მორიგი წარმატება მიულოცა. ჭადრაკის სასახლეში გამართულ შეხვედრას ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტი ზაზა აზმაიფარაშვილი, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტის წევრი ზაზა ლომინაძე, ასევე ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკეები, ნონა გაფრინდაშვილი და ნანა იოსელიანი. შეხვედრის მონაწილეებს გია გიორგაძემ ჭადრაკის ფედერაციის 2021 წლის საქმიანობის ანგარიში გააცნო.
თეა წულუკიანმა ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებს მომავალი საერთაშორისო ტურნირებისთვის მზადების პროცესში მხარდაჭერა აღუთქვა. ამასთან, მინისტრმა ბავშვებში ჭადრაკზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ აუცილებელია არა მხოლოდ დედაქალაქში, არამედ რეგიონებში ტალანტების ძიება. თეა წულუკიანმა შეხვედრის მონაწილეებს აცნობა, რომ წლის ბოლომდე სამინისტრო გამოსცემს სახელმძღვანელო პრინციპებს სპორტული ფედერაციებისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი საქმიანობის გამჭვირვალობა და უფრო ეფექტიანი, სპორტსმენის ინტერესებზე ორიენტირებული მართვა და სწორედ ამ პრინციპებით უნდა იხელმძღვანელონ სპორტულმა ფედერაციებმა.






















