18:42 | 2021-05-20 ავტორი: Prime Time

თელავის საავადმყოფოს დირექტორი პოლიციელმა გინებისთვის მოკლა? – მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის ჩვენება „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა

თელავის საავადმყოფოს დირექტორი პოლიციელმა გინებისთვის მოკლა? – მკვლელობის საქმის მთავარი მოწმის ჩვენება „პრაიმტაიმმა“ მოიპოვა

„პრაიმტაიმმა“ თელავის ცენტრალური საავამდყოფოს დირექტორის მკლელობის უშუალო მოწმის ჩვენება ექსკლუზიურად მოიპოვა.

 

2020 წლის 25 დეკემბრის ღამეს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში, თელავის პოლიციის სამმართველოს უფროსმა, ვანო ზანდარაშვილმა, რამდენიმე გასროლით, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი, ზურაბ საჩიშვილი მოკლა.

 

სასტიკი მკვლელობის უშუალო მოწმე, თელავის მუნიციპალიტეტის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილია, რომელიც ბრალდებულსა და გარდაცვლილთან, ერთდროულად მეგობრობდა. ბერძენაშვილი გამოძიებას დეტალურად უყვება მკვლელობის დღეს მომხდარ ფაქტებს, ასახელებს სუფრასთან მყოფ ყველა პირს და აღწერს, რომ ზანდარაშვილი სუფრას, მოგვიანებით, შეუერთდა.

 

მთავარი მოწმის ჩვენებით ირკვევა, რომ დაბადების დღემ, სრულიად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.

 

„25 დეკემბერს, დაახლოებით, 17 საათსა და 50 წუთზე სტუმრად მივედი დაბადების დღეზე ჩემს მეგობართან, სოფელ იყალთოში მცხოვრებ, დავით ლაჩაშვილთან. სახლში კიდევ იყვნენ სტუმრები, იმედა ჩურხაული და ილია ლაჩაშვილი. მე მივედი, ბიძინა ხატიაშვილთან და ზურა საჩიშვილთან ერთად. ოჯახში, ჩვენს გარდა, იყვნენ დავითის მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი. ვანო ზანდარაშვილი, მოგვიანებით შემოგვიერთდა. დაახლოებით 23 საათამდე ვიქეიფეთ და შემდეგ, მე, ბიძინა და ზურა წამოვედით, ზანდარაშვილის ვერცხლისფერი მანქანით. ვანო იჯდა საჭესთან, ზურა კი, უკანა სავარძელზე. სუფრამ ჩაიარა მშვიდობიანად, არავის ერთმანეთთან კამათი არ მოგვსვლია“, – ყვება მოწმე.

 

საკუთარ ჩვენებაში, ბერძენაშვილი ამბობს, რომ ბრალდებულმა და გარდაცვლილმა ერთმანეთს მოულოდნელად შეაგინეს და სიტყვიერი შელაპარაკების მიზეზი არ ახსოვს.

 

„მანქანაში ვანოსა და ზურას შორის მოხდა სიტყვიერი დაპირისპირება. მიზეზი არ მახსოვს, მაგრამ ერთმანეთს შეაგინეს. ვანომ საქამრიდან ამოიღო პისტოლეტი და მიუშვირა ჩემს უკან მჯდომ საჩიშვილს. ვიგრძენი საფრთხე, რომ გასროლა რეალურად მოხდებოდა, ხელი ავუკარი და კიდეც გავიგონე გასროლის ხმა. ამ დროს დავიჭერი მარცხენა ხელში. მახსოვს რომ ორი გასროლა მოხდა.ვანოს ვკითხე, ეს რა გააკეთე-მეთქი და დედის გინებას არავის ვაპატიებო. ზურა სავარძელზე იყო მოწოლილი და გონზე არ იყო“.

 

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი დეტალურად იხსენებს იმ სცენასაც, როგორ ცდილობდა, პოლიციის მაღალჩინოსნისათვის წინააღმდეგობის გაწევას. ამის მიუხედავად, ბრალდებულმა, საჩიშვილის მიმართულებით, რამდენიმე გასროლა, მაინც მოახერხა.

 

„მანქანა გაჩერებული იყო იყალთოს აკადემიის ასახვევთან, სკვერის წინ. ზანდარაშვილი გადმოვიდა მანქანიდან, შემოუარა და ცდილობდა ზურას მხარეს კარის გაღებას. მე ფიზიკურ წინააღმდეგობას ვუწევდი, რადგან ვთვლიდი, რომ კიდევ გაისროდა. წინააღმდეგობის გაწევის დროს, შემომეხა შავი ფერის ჯემპრი. ის ფიზიკურად ძლიერია, კარი მაინც გააღო და არ მახსოვს, რამდენჯერ, კიდევ ისროლა. ამის შემდეგ, ზანდარაშვილი წავიდა სკვერისკენ“, – ნათქვამია ჩვენებაში.

 

მკვლელობის მთავარი მოწმის მონაყოლი აბათილებს გავრცელებულ მოსაზრებას, თითქოს პოლიცია ბრალდებულმა თავად გამოიძახა.

 

„ჩემი ნომრით დავიწყე რეკვა და რამდენიმე ცდის შემდეგ, დავუკავშირდი 112-ს. დაახლოებით ათ წუთში მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა, ზურა დააწვინეს ასფალტზე, მაგრამ ექიმებმა თქვეს, რომ ის უკვე გარდაცვლილი იყო. სასწრაფოს მოსვლამდე, ვცდილობდი ზურას დავხმარებოდი და გულის მასაჟს ვუკეთებდი, მაგრამ არ შველოდა. მერე დაახლოებით 10 მეტრში მყოფი ზანდარაშვილი დავსვი სკამზე და ვეკითხებოდი, რატომ ჩაიდინა ასეთი რამ“.

 

ლევან ბერძენიშვილი გამოძიებას უდასტურებს, რომ ზანდარაშვილის კუთვნილ ავტომანქანაში, ოთხივე პირი, ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, თუმცა, მშვიდი ვითარება მკვლელობის არავითარ საფუძველს არ ქმნიდა.

 

„ოთხივე ნასვამები ვიყავით, მაგრამ მანქანაში იყო მშვიდი ვითარება. უცბად, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, ვანო ზანდარაშვილმა და ზურაბ საჩიშვილმა, ერთმანეთს მიაყენეს შეურაცხყოფა, რაც გინებაში გამოიხატა. რატომ დაუწყეს ერთმანეთს გინება არ მახსოვს. როცა ვანოს ვკითხე, რატომ ჩაიდინა ეს, მითხრა, რომ დედის გინებას არავის ვაპატიებო. სხვა რამე ჩხუბი, კამათი, ფიზიკური შეურაცხყოფა არ მომხდარა. საერთოდ, იმ სიტუაციაში, იარაღის ამოღების არანაირი საჭიროება არ არსებობდა. ვფიქრობ, რომ მხოლოდ გინების გამო მოკლა, მაშინ, როცა თავადაც შეაგინა“.

 

ლევან ბერძენაშვილი, რომელიც ჯერ მოწმის, ხოლო შემდეგ დაზარალებულის სტატუსით, სულ სამჯერ დაკითხეს, „პრაიმტაიმთა“ ადასტურებს, რომ გამოძიებისათვის მიცემულ ჩვენებას, სასამართლო პროცესზეც გაიმეორებს.

 

„სიმართლე ეს არის, რაც ჩვენებაში მაქვს აღწერილი და პროცესზეც გავიმეორებ. არ ვიცი, ვის რა მოსაზრება აქვს ამ საქმეზე, ან საით წაყვანას ცდილობენ, მაგრამ ეს იყო ადამიანის დახვრეტა, სრულიად მშვიდ ვითარებაში“, – თქვა ბერძენაშვილმა.

 

თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისათვის ბრალდებულ, პოლიციის მაღალჩინოსანს, ვერდიქტს 12 ნაფიცი მსაჯული გამოუტანს. დღევანდელი მდგომარეობით, ორი მათგანი უკვე შერჩეულია.

 

გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 109- ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებებში, განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ავტორი: ხათუნა გულიაშვილი

ავტორი: Prime Time

X