
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, საბურთალოს მაჟორიტარობის კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა წინასაარჩევნოდ საკუთარ ბანერზე პირადი მობილური ტელეფონის ნომერიც მიუთითა.
„პრაიმტაიმი“ დაინტერესდა, რამდენად ხშირად უკავშირდებიან საზოგადოების წარმომადგენელები ელისაშვილს და რაზე ესაუბრებიან მას. როგორც ელისაშვილმა განაცხადა, ხალხი მას სხვადასხვა მიზეზის გამო ურეკავს, მათ შორის, პირად პრობლემებზე სასაუბროდ.
„არ გაჩერებულა ტელეფონი. ზოგს უბრალოდ გადამოწმება უნდა, ნამდვილად ვპასუხობ თუ არა ნომერს. ზოგი საკუთარ პრობლემებზე მელაპარაკება, ზოგი მეუბნება უბრალოდ, წარმატებებს გისურვებთო.
ფულიც მთხოვეს, კრედიტიც შემომთავაზეს, გადასახდელი მაქვს და დაგვეხმარეო, მაგრამ ახლა დახმარება არანაირად არ შეიძლება, რადგან წინასაარჩევნო პერიოდია და ეს ამომრჩევლის მოსყიდვად ჩამეთვლება“,- განაცხადა ელისაშვილმა.
კითხვაზე, რამდენი ხნის განმავლობაში უპასუხებს პოლიტიკოსი მოქალაქეების ზარებს, ელისაშვილი გვპასუხობს:
„ზარს სულ ვუპასუხებ, არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგაც. სიმართლე გითხრათ, პროტესტი გამიჩნდა, რომ ვუყურებდი სხვების ბანერებს, მომღიმარი სახეებით რომ იყურებიდან მრავალ ათასიანი ბანერებიდან.
მინდა, საზოგადოებამ მხოლოდ კი არ უყუროს ჩემს ბანერს, არამედ დამირეკოს და პრობლემებზე მელაპარაკოს. დაახლოებით, უკვე 80 ზარს და ამდენივე მესიჯს ვუპასუხე. სხვებმაც გამოაკრან, დააწერონ ნომრები და უპასუხონ, პოლიტიკოსი კარგ ოფისში, მერე პარლამენტში და ჯიპში მოკალათებული კი არ უნდა იყოს, ხალხს უნდა ესაუბრებოდეს“,- განაცხადა მან.
ინფორმაციისთვის, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ბანერი, რომელზეც პოლიტიკოსის ტელეფონის ნომერია მითითებული, საბურთალოზე დღეს გამოჩნდა.
ავტორი: ეკატერინე ზარნაძე























