
ზურა შევარდნაძეს ციკლიდან “ძველი გურულები” 94 წლის ადელა თაყაიშვილი ჰყავს ჩაწერილი, ექვთიმე თაყაიშვილის ნათესავი, რომელიც თავის ცხოვრებას გურული კილოკავით გვიყვება.
“ადელა ვარ თაყაიშვილი, 94 წლის, უკვირს აგერ ჩემ შვილს. რომ მითხრენ მუაო ნამეტარი გამიხარდა, გამოვცოცხლდი, მივემზადე, დღეს ქე ვარ რაცხა, ძველი უფრო მახსოვს ვინემ ახალი, მოგიყობით რასაც შევძლებ.
აი ფრანგული სახელი ბებიაჩემმა, ნატალიამ დამათქუა. ბებიე ადრე დაქრივდა, დედაჩემი დარჩენია ახალფეხადგმული, აფერი სახსარი არ ქონდა და ბათუმში წასულა სამუშაოთ. ბათუმში მაშინ ფრანგებს ფაბრიკა ქონიენ დიდი ქარხანა, მანშეროვის ქარხანა, ბებიე იმ ფრანგებისას დამდგარა ძიძათ. ბებიამ რომ ძუძუ აწუა იმ ფრანგის გოგოს ქვიებია ადელა, ნამეტარი ყვარებია ბებიე.
დევიბადე ლიხაურში, ექვთიმე თაყაიშვილი რომ დეიბადა იმ სახლში. კვაჭალათში, ჯვარი ქვია იმ ადგილს, დიდი ქვაის ბუხრებიანი, გათლი ქვაის ბარჯგებიანი ოდა სახლი ედგა ჩვენებს. დედა იყო ვერიჩქა ცეცხლაძის ქალი მამა მოსე თაყაიშვილი. ექთიმე ბიძა იყო ჩემი, მამას ძმაი.
ახლო ვიდექით სოფლის ცენტრთან, თემში რადიო რომ ეკიდა გავაღებდი ფანჯარას და შინ ვყურობდით იმ რადოს. ჩემ დედ მამას სამი შვილი ვყავდით.
ჩემი მამა ათი წლის რომ ვიყაი ავაზაკებმა დამიხრიტეს მაშინ, ამ ავაზაკებმა. გინდა ახლა იკითხე მოსე თაყაიშვილის სახელი, რეთი წელია გასული მარა გეტყვიენ რაფერი მამა მყავდა ყოლიკაცმა იცის მისი კაიკაცობის ამბავი. ცარსკებს იცუამდა და ყაბალახს იხოვდა კოხტათ, კოხტათ მეტი რომ არ იქნება ისე. ჩვენი სული და გული ჩვენი იმედი, ჩემი ძმაი ანდრიეც დამიხრიტეს. რაც კაი ხალხი იყო ლიხაურში მოხვეტეს და დეიჭირეს ყველა. რომ მახსენდება რა გამევიარეთ, ხელმიორეთ ვკტები ქალი.
გამზარდა დედამ ობლობაში, სასტიკ შევიწროებაში, შიშში რომე ჩვენც დაგვიჭირავენ. არ ვეგუებოდი, ვსთილობდი ჩემებურათ , ბაღნურათ. დიომიდა შავიშვილმა, თლათ ყურის ძირის მეზობელმა, ნენას გაზდილმა ბაღანამ, ჩაასპინა თავჯდომარეს ტარასია ბოლქვაძეს, რომე ვერიჩქა კოლექტივის ჩაში არ იარება, ეზოში მარგლის ყანასო. დეიბარეს დედა კანტორაში, ბაღანა ვიყავი და გვეშინოდა ამფერებისაც გვეშინოდა. დედას ყაჭი ყავდა, აბრეშუმის ჭია, გევიდა ბჟოლზე დასასხეპად, ჩამუარდა, დეინტრა, ექიმმა ჯიბუტმა გუუკეთა კარსეტი. არ იგუა, სა მცალია მაგიზაო, ჩააგდო ღელეში და გაატანა წყალს, გაცურა და წევიდა, მახსოვს გუშინდელდღესავით.. გატეხილი ხერხემალით მუშაობდა და გვზდიდა რაფერც ახერხებდა. საყანეები გვქონდა კოლექტივის, ადგილების სახელებიც მახსოვს
ლიხაურში კვაჭალათი, ნიაბაური, ოქროს მუხურო, ვაშტიალი.
ამ სახში ოზურგეთში, გოგუაძნებში ვარ გამოთხოვილი. შუტუ გოგუაძე იყო ჩემი ქმარი. დედამთილი მამამთილი, ნამეტარი კაი ხალხი, წესიერი, პატიოსანი. ჩემი დედამთლი დარჩიას ქალი, დიაკვნის შვილი იყო. მამათილი რევოლუციონერი. მერე, ბოლოს, სახლი ლიხაურში ჩემ დედას იმან უუშენა. დედამ ფული მაინც შეაძლია იმფერი ქალი იყო.
ომის დროი მახსენდება მწარეთ, სასტიკათ ჭირდა საჭმელი, სასმელი, ტანი ფეხი ყორიფელი. რა მახსოვს კიდომ იცი? ბრინჯს თესდენ ურეკში ჭონჭყოში ქალები, ცეხვავდენ ჩამურში და ერ ხანს იმ გაჭივრების დროს იმას ვჭამდით. ბათუმის მატარებელს მივყობოდით ნატანებამდე. 1923 წელში გამეიყვანეს აი მატარებელი ნატანებიდან ოზურგეთში. იგიც მწარეთ მახსოვს, წამომაძახებდენ, პირში წამომაძახებდენ ტროცკისტის შვილოო, ნიჟა ეთქუა ქართულის მასწავლებელს იგიც წამომაძახებდა, მცხვენოდა.
ლექსებს ვჩიოდი გამოთქმით. თბილისელი ნათესავები ჩვენსას მოდიოდენ ჯერე და მერე წევიდოდენ სხვა ნათესავებისას. სესილიეც მოდიოდა თაყაიშვილი, უყვარდით, ირეოდა ჩვენდა. არაფერობამდე არ ქნა სესილიამ ჩემი მსახიობობა, დაჩაგრავენ არ ათამაშებენო დეიჩემა. კაცი ახთა ერთი, სტუმარი კაცი, არ გვინდა სადილი და აფერი სხვაი, მაგერ ლობიე რომ ჩუხჩუხობს ჩახანაში მაი მოგვეო, მოხეკდენ თუ რამე ძველი ნივთი იყო, სურათები, წეიღებდენ საინტერესოაო. სხვაფერები იყვენ, სხვაფერი იოლა და წესიერი ხალხი. თექვსმეტი წლის გავთხოვდი, სესილიე ჩამოვიდა ქორწილში, არ გათხოვდეო, მითხრა, ჯერე არ გათხოვდეო. რაღა დროისაა, მეივლიენ აწი მეთქი მითქუამს მორცხვათ, მცინოდენ მერე სულ ახლა რაღა დროისააო. მამა რომ მყოლოდა არ გამათხუებდენ ასე პაწას, სხვაფერ წევიდოდა ჩემი ცხოვრება, ვისწავლიდი.
ექვთიმე ბიძიე უკვე დაბრუნებული, შინაპატიმრობაში იყო, მივიდა ჩემი დაი და მუუყვა საფერშლოზე ვსწავლოფ და სამედიცინოზე მინდა გადასლაო, ეგონა მიეხმარებოდა რაცხას მარა ვერ გუუბედა ეთხუა. ასე უთქმია ბიძიას ჭკუა თუ გაქ მიეწყობიო. ბიძიე იმფერ ყაიდაზე იყო აწყობილი ისე იყო გაზდილი რომე არ წარმიედგინა მოწყობაში ფულის გადახთა ან ვინმეზე თხოვნა. სხვაფერ კულტურული, ხალხი იყვენ ყველა. ერთი ხასანა იყო აჭარელი, აქოთებულ ყველს ყიდდა, გამეიარა აქანე. თოვდა, შემეიპაიჯენ შინ, ცეხლი ენთო ფუხარში. ამ ხასანას სკამი შესთავაზეს, ხასანამ გადააბრუნა და დაჟდა ზეთ ისე გვერდულად, დაბალზე. მახსოვს რაფერ გადირიენ ჩემები, აი რაქნა კაცმაო. საფრანგეთში, რომ იყო ბიძიე, ექვთიმე მე ჩუმათა ვტრაბახობდი ბაღნობას მახსოვს.
იმ ძველ ეზოში, ლიხაურში დიდი ქვაი დვია, იმ ქვაზე ჟდებოდა ექვთიმე და მაცადინეობდაო გვეტყოდა მამა სანამ იყო, ახლაც იქნება იი ქვაი სა წვიდოდა.
მე ექთანი გავხთი, აგერ ვისწავლე ოზურგეთში გათხუების მერე. ვიმუშავე ნესტორ თოიძესთან, საქმისმმართველად. სამი ბეჭედი მებარა, ჩაკეტილი მქონდა დიდი რკინის სეიფში. წასაკითხი, დასაწერი, ყორიფელი მე ვიყაი. ნესტორი დიდი კაცი იყო, ტრავმატოლოგი, თელმა ქვეყანამ იცოდა ნესტორი რა კაცი იყო და შოთა მჟავია კარდიოლოგი. მაი ორი რომ იყო იმფერი არ ვიცი თუა ვინმე ქვეყანაზე, ბწყინავდენ. ერთის და მეორეს ნაგრამი ყველა ექიმია.
ბაღნობას ლექსი მათქმიეს ოლიმპიადაზე, ისე ჩემი ბაღნები გეიხარებენ რავარც სიმართლეს ვჩივი, ჩემსავით ვერიკაცი ვერ ამბობდა.
სასწაული ამბავია, ამფერი ცხოვრება გამომარონიეს და სტალინზეც ვჩიოდი ლექსებს.. “სტალინ სტალინ საყვარელო შენ მოგძახი საყვარელოო..” დედა რას ჩიოდა იცი? სტალინი არ იყო თლათ გლახაო, დასაქმა ხალხიო, ჩააყენა ჩაში და სამუშიერზეო ამ ბინძურმა, წაპილწულმა ხალხმა ქნეს ყორიფელიო, ეშინოდა. მე იიც წამხთარი მგონია.
ექვთიმეზევ ვიცი ლექსი, დიდი ლექსი. იმას ვიტყვი ჯობია.
ბახმაროზეც გვედგა სახლი, უჩხუბის ქუჩაზე. ვიარებოდი, დამყავდა ბაღნები ბაღნებს უკითხავდი ლექსებს, შეეშინებოდენ ხან იმფერებიც ვიცოდი, აჯღავლდებოდენ.
ჩემი შვილი ოთარი მომიკტა შვილო, ცეკობდა სასწაულათ ცეკობდა. აქანა ჩამოსული არტისტები, გამრები, გამომრები ყველა შინ მოყავდა. იყო ირიახო ურუახო სულ, მღეროდენ ცეკობდენ, მეგონა არცაროის არ მოვკტებოდი ისე მიხაროდა.
ჩემი ბიძების ამბავს მოგიყობი და მიხთები რაფერები ვიყაით. ბაქოში მუშაობდა, შეყვარებული ქალი ყავდა, გუუგია ხნე კაცზე ათხუებენო, ჩამოსულა ნატანებში მატარებლით ქორწილის დღეს, ეტლი ვერ უშონია, დუუხედია საათზე და რომ მიმხთარა ვერ მუუსწრობ წეიყვანენ აწიო ამუუღია რივოლვერი და დუუხლია შუბში ნატანების სადგურში, ბეურია ამის მომსრე.
მიორე ბიძა გენერალი ნაკაშიძის ადიუტანტი იყო. მისლია წერილი, შენი უფროსის ეტლი დღეს უნდა ავაფეთქოთო, შენ კაი ხარ, გვენანები და არ ჩუუჟდე, გადარჩებიო. მაინც გაყოლია არ დუუტიებია , გენერალთან ერთად უუფეთქებიენ. გენერალის ცოლს არ გამუუტანებია მკტარი, გენერალის გვერდზე დუუსაფლავებიენ და ძეგლი დუუდგმიენ მისდაც.
ვინც გადუურჩა ამ მხეცებს იგინის ნაგრამი ყველა კაია, ნასწავლია, გამორჩეულია. ჩემს შვილიშვილს ქვია ჩემი სახელი, ადელიკოს ვუძახით, კაია, ნამეტანი კაი, მიყვარს უსაშველოთ. ”
ოზურგეთი, 2021 ივლისი.
ფოტო: ზაქარია ჭელიძე

























