14:03 | 2021-04-27 ავტორი: Prime Time

თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის – კახი კავსაძეს ბელა მირიანაშვილი დაესიზმრა

თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის – კახი კავსაძეს ბელა მირიანაშვილი დაესიზმრა

სოციალურ ქსელში დიდი არტისტის, კახი კავსაძის მონათხრობი გავრცელდა, მონათხრობი უკვდავ სიყვარულზე, ბელასადმი მარადიულ სიყვარულზე. მსახიობი გულწრფელად ყვება, თუ როგორ სურდა დასიზმრებოდა გარდაცვლილი მეუღლე, რომ ეს ტკივილი არ ყუჩდება, ის მდუმივია…

 

კახი კავსაძე: – ბელა! – ვეძახი უნებურად, ძველი ჩვეულებისამებრ… არავინ მეხმაურება. ან როგორ მიპასუხებს მარადისობიდან?! 54 წლისა წავიდა ამ ქვეყნიდან. მაშინ 57 წლის ვიყავი. მას შემდეგ ცალხელა დავდივარ, არა მთლიანი, არამედ – ნახევარი. კაცის სხეულის ნაწილია ქალი, იგი ხდის კაცს მთლიანს – ეს ქალის ფენომენის გაცხადებული საიდუმლოებაა. ზოგჯერ კაცს ხელი ულპება და აუცილებლად უნდა მოიჭრას, ეჩვენება, რომ ის ქალი ზედმეტია და ტოვებს მას… მე ბედნიერი კაცი ვიყავი – მქონდა სიყვარული და დიდი პასუხისმგებლობა. ჩემ გვერდით დიდებული ქალი იყო – ბელა მირიანაშვილი, ქალი, რომლის გვერდითაც უნდა გეცადა, ღირსეული ყოფილიყავი. არ ვიცი, რამდენად გამომდიოდა ან საერთოდ გამომდიოდა თუ არა.

VIDEO: წუთიერი დუმილი პარლამენტში - დეპუტატებმა კახი კავსაძის ხსოვნას პატივი მიაგეს
2021-04-27VIDEO: წუთიერი დუმილი პარლამენტში - დეპუტატებმა კახი კავსაძის ხსოვნას პატივი მიაგეს

 

 

ხშირად მაგრძნობინებდა, თუ როგორ მაფასებს, რამხელა პიროვნებად მივაჩნივარ – რა უფლება მქონდა მისი აზრი არ გამემართლებინა?! – ბელა! – ღმერთო ჩემო, ასე მერამდენედ მემართება. ვეძახი, ვესაუბრები, მოვლენებს მისი საზომით ვზომავ… ეს ძალზე ინტიმურია. როცა საყვარელი ადამიანი მიდის ამქვეყნიდან, მოთხოვნილება გიჩნდება, სიზმრად მოგევლინოს. ის კი არა და არ ჩანს… კარგა ხანი რომ გადის, მერე გესიზმრება. ნათლად ვიხილე: თეთრხალათიანები იდგნენ ჩემსა და მას შორის, უფრო – მის მხარეს, და არ გამოუშვეს ჩემთან, რაღაცით ძალიან ბედნიერი იყო, მერე თეთრხალათიანებმა წაიყვანეს… მეორედ ისევ მეზმანა: ვეებერთელა, შავი ტალღები აზვირთულიყო და ამ ტალღებზე გადავიარეთ ჩვენ ორმა, საოცრად მშვიდად… ამბობენ, დრო მკურნალიაო. არა, ბატონო, ეს როგორ უნდა გადაიტანო, ისევ გტკივა, შეიძლება უფრო მეტადაც. უბრალოდ ურიგდები ხვედრს და ეგ არის… ხალხს უთქვამს, წუთისოფელი წუთისააო – ბრძენია ხალხი.

 

მთელი ჩემი ცხოვრება თვალნათლივ მიდგას. პირველად თეატრალური ინსტიტუტის დერეფანში ვნახე, მესამე კურსზე ვსწავლობდი, ის პირველ კურსზე იყო. გურანდა გაბუნიას ელაპარაკებოდა (კურსელები იყვნენ და მეგობრობდნენ), გურანდამ რაღაც ეპიზოდი გაითამაშა იუმორში და ბელა გულიანად კისკისებდა. დანახვისთანავე გავშტერდი, გავგიჟდი!!! მას შემდეგ, ზურიკელა ვაშალომიძისა არ იყოს, გადარეული დავიარებოდი. ამას ალბათ ერთი ნახვით შეყვარება ჰქვია.მორცხვი არ ვიყავი, გოგონებთანაც არ მიძნელდებოდა ურთიერთობა, იმ გრძნობას კი საგულდაგულოდ ვმალავდი. ვერაფრით ვბედავდი, პირველი ნაბიჯი გადამედგა. საოცარი რიდით ვუფრთხოდი, ბელა ჩემს გულისთქმას არ მიმხვდარიყო. ამიტომ მასთან კონტაქტს გავურბოდი, ახლოს ვერ ვეკარებოდი. მიუწვდომლად მიმაჩნდა. ისე ვაღმერთებდი – არავისთვის მემეტებოდა, საკუთარი თავისთვისაც კი…

 

კახი კავსაძე 85 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ბოლო ორი თვის განმავლობაში, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

 

კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა მისი საავადმყოფოში დაბრუნება ჯანმრთელობის გაუარესების გამო კვლავ გახდა საჭირო.

ავტორი: Prime Time

X