
მომღერალ თიკა მახალდიანის მეგობრები მომღერლის თავს დატრიალებული ტრაგედიით შეძრულნი არიან და ძალიან წუხან, რომ ჯერჯერობით, შექმნილი ვითარების გამო, თიკას გვერდით ყოფნას ვერ ახერხებენ.
ვერიკო ტურაშვილი მეგობრის დედას ახასიათებს და დასძენს, რომ აუცილებლად მივა მის სანუგეშებლად.
ვერიკო ტურაშვილი: – კიდევ კარგი, რომ თიკას დედას ძალიან ახლოს არ ვიცნობდი. რამდენჯერმე შევხვედრივართ.
თიკას ძალიან ახლო და ძვირფასი ურთიერთობა ჰქონდა დედასთან, როგორიც შეიძლება ყველას არ ჰქონდეს.
როგორც მისი ბევრი მეგობარი, მეც განადგურებული ვარ. მიუხედავად ამ შეზღუდვებისა, აუცილებლად მივალ თიკასთან.
ოთო ნემსაძე “პრაიმტაიმთან” საუბარში ამბობს, რომ მეგობრებმა ამ საშინელ ამბავზე საუბარში ღამე გაათიეს…
ოთო ნემსაძე: – არ ვიცი, კომენტარს ვერ ვაკეთებ, რა უნდა ვთქვა?!..
ძალიან საყვარელი, ახალგაზრდა ქალბატონი იყო.
სიგიჟეში ვცხოვრობთ. ბევრს მთელი ღამე არ გვძინებია, ვლაპარაკობდით, რომ ძალიან ცუდი ამბავი მოხდა.
ამ ქვეყანაში იარაღებით სირბილი და ფანჯრებიდან ბრახუნი ვერ დავამთავრეთ. ეს ხომ პირველი შემთხვევა არ არის და ამ ქვეყანამ კანონი უნდა მიიღოს, რომ იარაღის სახლში დება და მისი ტარება განსაზღვრული იყოს.
მე ვთვლი, რომ იარაღი სახლში არავის არ უნდა ედოს! ისევე, როგორც ეს ბევრ ცივილიზებულ ქვეყანაშია. ბევრგან სანადირო თოფს არ უფორმებენ.
შორს ვცხოვრობ და ამ სიტუაციაში ფეხით ვერ მივდივარ. დიდი იმედი მაქვს, რაღაცას მოვახერხებ, მივალ და თიკას ჩემს გულისტკივილს ვეტყვი.
როგორც მარიკო ებრალიძე ამბობს, ტრაგედიის დრო სახლში თიკას ძმა იმყოფებოდა… მარიკო თამარ ანთელავას ახასიათებს.
მარიკო ებრალიძე: – „თიკას დედას კონცერტებზე ხშირად შევხვედრივარ. მისი კეთილგანწყობის ასაღწერად, ვინც თიკას გარშემო ვიყავით, სიტყვები მეცოტავება.
ასევე სიტყვები არ მყოფნის თიკას მიმართ მწუხარების გამოსახატად. ვწუხვარ – ეს სიტყვა ძალიან ცოტაა. გულ-მუცელი ჩამკვდარი მაქვს, ყოველ გაფიქრებაზე მეტირება.
თამუნა არაფრით არ ჩამოგვივარდებოდა თანამედროვეობით, ახალგაზრდული შემართებით. ჩვენნაირად იქცეოდა, ჩვენნაირად საუბრობდა. ჩვენხელა ხდებოდა, ჩვენს აზრებს იზიარებდა.
მეგობრული დედა იყო. სულ გვეფერებოდა, თბილი, მოსიყვარულე ქალი იყო… თვალწინ მიდგას მომღიმარი და თბილი თამუნა.
19 აპრილის ღამით ვაჟა-ფშაველას გამზირზე მდებარე კორპუსის საკუთარ ბინაში თამარ ანთელევა მეზობელი სახლის აივნიდან გამოსროლილმა ტყვიამ იმხვერპლა.
შუა ხნის ქალბატონს ტყვია თავში მოხვდა და ის ადგილზე გარდაიცვალა. გარდაცვლილი მომღერალ თიკა მახალდიანის დედაა.
ფაქტზე შსს-ს თანამშრომელი დააკავეს. აღმოჩნდა, რომ ის შემთხვევის დროს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და საკუთარი სახლის აივნიდან რამდენჯერმე გაისროლა.






















