
დღეს, ქუთაისში გიდების ქოლგების აქცია გაიმართა. ისინი სახელმწიფოს წარმომადგენელთან შეხვედრას და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას ითხოვენ.
აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, თამარ ვაშაკიძის თქმით, საჭიროა სახელმწიფომ ოქროს შუალედი იპოვოს, რათა ვირუსმა არ მიაყენოს ზიანი მოსახლეობას და ტურიზმმაც იმუშაოს ქვეყანაში.
„ეს აქცია მშვიდობიანი და აპოლიტიკურია, ამ აქციით მსოფლიოს ვახსენებთ, რომ ჩვენ, გიდები ვარსებობთ, ამ მომენტში ჩვენ ვართ ისე, თითქოს ჟანგბადი გადაგვიკეტეს და აპარატზე შეგვაერთეს. ერთადერთი მოთხოვნა გვაქვს, დავსხდეთ ხელისუფლებასთან და ვისაუბროთ”, – ამბობს კომპანია Georgia by Tamar -ის დამფუძნებელი და გიდი თამარ ვაშაკიძე.
გიდების განმარტებით, ქოლგა გიდის სიმბოლოა, როგორც ზრუნვის გამოხატულება.
აქცია-ფლეშმობი ქუთაისის გარდა, სხვა ქალაქშიც გაიმართა.
საქართველოში, პანდემიის გამო, საერთაშორისო მიმოსვლა 21 მარტიდან შეწყდა, შესაბამისად, გაჩერდა ტურიზმიც.
პირველი ივნისიდან განახლდა შიდა ტურისტული სეზონი, ხოლო საერთაშორისო ტურიზმის გახსნა ერთი თვით გადაიწია.
























