
20 წლის ასაკამდე ერთი ჩვეულებრივი, რიგითი ხაშურელი იყო. მერე სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს და… ავღანეთში მოხვდა.
მაშინ, ავღანეთში სამხედრო გადატრიალება ახალი მომხდარი იყო. ქვეყნის მაშინდელი ლიდერი, სტაბილიზაციის შენარჩუნების მიზნით, საბჭოთა ლიდერებს შეიარაღებული ძალებით დახმარებისკენ მოუწოდებდა. კრემლს თავისი ინტერესები ჰქონდა მუსლიმთა მიწაზე და სამხედრო ძალებს აგზავნიდა მდოგვისფერ სამყაროში…
ჯარისკაცებს შორის ბევრი იყო გამოუცდელი. 20 წლის ნიკოლოზ ხითაროვმა იარაღის გამოყენებაც კი არ იცოდა, როცა მსოფლიოს ყველაზე ცხელ წერტილში მოხვდა…
უცხო მიწაზე ჩასვლიდან ერთი თვეც არ იყო გასული, როცა სამხედრო ბაზიდან სავალდებულო პატრულირებაზე 9 სამხედროსთან ერთად გაუშვეს… ათივე ტყვედ აიყვანეს. ხეზე მიაბეს და მთელი ღამე ასე გაატარეს. გამოუცდელმა, ახალგაზრდა ნიკოლოზმა და კიდევ ერთმა სამხედრომ თავის დახსნა მოახერხა და როგორღაც სამხედრო ბაზამდე მიაღწიეს.
მეორე დღეს, სამხედრო ბაზაზე ტყვედ აყვანილი 8 სამხედროს ცხედარი მიასვენეს. როგორც შემდეგ გაირკვა, მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ სამხედროები იყვნენ… ახალგაზრდა და გამოუცდელ სამხედროს, ფსიქიკური პრობლემები შეექმნა…
მინის ჩამოსხმის ოპერატორობიდან ტყვედ ჩავარდნამდე
მას სულ სხვა მომავალი უნდა ჰქონოდა. წარმატებული კარიერა და ბედნიერი ოჯახი, ოცნებად დარჩა. მაშინ, როცა მომავალ პროფესიას ეუფლებოდა, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაიწვიეს…
„1986 წელს, ხაშურის პროფტექნიკუმი, რომ დავამთავრე, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამიწვიეს. არ ვიცოდი სად მივყავდი, საბოლოოდ კი ავღანეთში აღმოვჩნდი… შუშის ჩამოსხმის პროფესიას დავეუფლე, სულ სხვანაირად წარმომედგინა ჩემი მომავალი. 10 წელი დამჭირდა, რომ მდგომარეობიდან გამოვსულიყავი. ახლაც ამბულატორიულ მკურნალობას გავდივარ.
იმ დროს ავღანეთში საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. ახალი ჩასულები ვიყავით როცა სავალდებულო პატრულირებაზე გაგვიშვეს. ყაზარმიდან 10 ბიჭი გამოვედით და ძალიან მალე კბილებამდე შეიარაღებულმა ავღანელებმა ტყვედ აგვიყვანეს. მიგვიყვანეს მიუვალ და მიკარგულ ადგილზე. ყველანი ხეზე მიგვაბეს. მივხვდით რომ ჩვენს დახვრეტას აპირებდნენ…
მე და კიდევ ერთმა ჯარისკაცმა დიდი წვალების შემდეგ როგორღაც დავიხსენით თავი და ჩუმად გამოვიპარეთ. სამწუხაროდ ჩვენი მეგობრების დახმარება ვერ შევძელით… მივადექით სამხედრო ბაზას. დილით შემზარავი შეტყობინება მოვიდა, ბიჭები დახვრიტეს… მალევე მოასვენეს. გარდაცვლილებს მთელი ღამე ვყარაულობდი. იმხელა სტრესი მივიღე, საუბრის უნარი დავკარგე, ვეღარ ვმეტყველებდი. ჭკუიდან შევიშალე. იქიდან ტაშკენტის ფსიქიატრიულ დაწესებულებაში გადამიყვანეს. სამი თვის შემდეგ დამაბრუნეს ხაშურში. მერე სურამის ფსიქიატრიულში დამაწვინეს. დაახლოებით ორი თვის შემდეგ თავიდან ამოვიდგი ენა…“ – ამბობს ნიკოლოზ ხითაროვი.
ორჯერ შექმნილი ოჯახი და კიდევ ერთი დიდი ტრაგედია…
ჯანმრთელობის მდგომარეობის მიუხედავად, ორჯერ შექმნა ოჯახი. ორივეჯერ არ გაუმართლა. პირველად 21 წლის ასაკში, გარიგებით შერთეს მეუღლე. გოგონა გაუჩნდათ. მათი თანაცხოვრება მალე დასრულდა. მეორედ რამდენიმე წლის წინ იქორწინა. წარმოშობით ებრაელ ქალთან შექმნა ოჯახი. გარკვეული პერიოდი ისრაელში იცხოვრა. მანამდე კი იყო დიდი ტრაგედია, რომელმაც კიდევ უფრო შეარყია მისი ჯანმრთელობა.
„მეორე მეუღლე ჩემზე 15 წლით უფროსი იყო. ორივე ასაკში ვიყავით და შვილი არ გაგვიჩნდა. პირველი ქორწინებიდან გოგონა მყავდა. 20 წლის იყო, რომ ტუბერკულოზით გარდაიცვალა… როცა ჩემი შვილი დაიღუპა საქართველოში დავბრუნდი, ჩემს სოფელში, დედაჩემის გვერდით დავასაფლავეთ. დიდი ტრავმა მომაყენა შვილის სიკვდილმა. კიდევ უფრო გამწვავდა დაავადება. ისრაელში დაბრუნებული კლინიკაში მომათავსეს. ჰავაც ცუდად მოქმედებდა და საქართველოში მალევე დავბრუნდი.“- ამბობს ნიკოლოზი.
ჩემზე ოჯახმა უარი თქვა…
ისრაელიდან სამშობლოში დაბრუნებული ღია ცის ქვეშ აღმოჩნდა. მშობლიური სახლი დედის ავადმყოფობის დროს გაყიდეს. გარკვეული პერიოდი რუსთავში, ნათესავთან იცხოვრა. მერე მარტო გადასვლა ამჯობინა და წლების განმავლობაში ქირით იცხოვრა. დახმარების მიზნით ყველა უწყებას მიმართა, მაგრამ არსაიდან ჩანდა პასუხი. ამის გამო რამდენჯერმე სუიციდი სცადა.
„ნინო ლაცაბიძის დახმარებით ახლა სოციალურ საცხოვრისში ვარ. ერთი პატარა ოთახი მაქვს და ვიცი, რომ ჩემია. ქირის გადახდა აღარ მიწევს, ცოტა ამოვისუნთქე. მადლობელი ვარ ლექსო დალაქიშვილის, რომელმაც მაცივარი და ველოსიპედი მაჩუქა…
მყავს დედმამიშვილებიც – ერთი ძმა და ორი და. ისინი სხვადასხვა ქვეყნებში ცხოვრობენ და ფინანსურად შეძლებულები არიან. როგორც თქვენ გეხმარებიან ისინი, ისე მე. ბოლოს მათთან კომუნიკაცია 10 წლის წინ, დედაჩემი, რომ გარდაიცვალა მაშინ მქონდა. მას შემდეგ არაერთხელ ვცადე მათთან დაკავშირება სოციალური ქსელით, მაგრამ ურთიერთობის სურვილი არ აქვთ. რატომ? იმიტომ, რომ ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უარმყვეს. მთელი ცხოვრება გიჟს და ავადმყოფს მეძახდნენ. ავადმყოფი, რომ ვარ ამიტომ არ უნდათ ჩემთან ურთიერთობა.
მილიონერი ძმა მყავს, რუსეთში რამდენიმე ბიზნესი აქვს, მაგრამ ერთხელ არ მოვუკითხივარ… კარგი მშობლები მყავდა, სიყვარულში გავიზარდეთ. რას წარმოვიდგენდი, რომ ასე დამემართებოდა და გიჟად შერაცხულს დედმამიშვილები ჩემზე უარს იტყოდნენ… არ მინდოდა ამის დაჯერება, მაგრამ უკვე შევეგუე იმ რეალობას, რომ ყველამ გამრიყა…“
ახალი ცხოვრება
„გული მწყდება, რომ სრულიად უცხო ადამიანები ზრუნავენ ჩემზე და საკუთარი სისხლი და ხორცი არც კი მკითხულობს… სამაგიეროდ ღმერთმა სხვა ადამიანები გამომიგზავნა. არის ასეთი ქალბატონი, დარეჯან გუჯეჯიანი, რომელიც ჩემი ღმერთია. რაც ეს ადამიანი გავიცანი, მას მერე ამოვისუნთქე, ყველანაირად მხარში მიდგას. მეხმარება ფინანსურად, პროდუქტებით. სულ ამ ქალბატონის დალოცვაში ვარ. საოცარი იცით რა არის?! ამ ქალბატონს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ თან მყვება. რაც შეუძლია, მიკეთებს. საწოლი არ მქონდა და ისიც მიყიდა…
არის ხოლმე დღეები როცა პურიც არ მაქვს. არადა ისეთ ძლიერ მედიკამენტებს ვიღებ ყოველდღიურად, თუ საჭმელი არ მივაყოლე, კუჭს მიღიზიანებს. მერე მთელი ღამე ვერ ვიძინებ და აგრესიული ვხდები. უფასო სასადილოს სერვისის ამარა ვარ. ჩემი შემოსავალი შშმ პირობის პენსია 140 ლარია, საიდანაც 85 ლარს კრედიტში ვიხდი. ქირით, რომ ვცხოვრობდი, მაშინ გამოვიტანე სესხი და 2025 წლამდე უნდა ვიხადო. შრომის უუნარო ვარ, საბუთში ასე მიწერია. მე კი არა, სრულიად ჯანმრთელი ადამიანიც ვერ შოულობს სამსახურს…“
ახლა 54 წლის არის. ცხოვრების დარჩენილ წლებს მარტოობაში გაატარებს. დედმამიშვილებთან სათქმელი აღარაფერი მაქვსო – ამბობს. კეთილი ადამიანების დახმარების იმედი აქვს, სჯერა, რომ გაჭირვებაში მყოფს არ მიატოვებენ და თავად, მადლიერების ნიშნად მათზე ილოცებს.
ნახეთ სხვა სიახლეები და ვიდეოები ⇓






















