
აშშ-ის შტატ პენსილვანიაში მეზობლებს შორის დაწყებული ჩვეულებრივი კამათი, მასობრივ მკვლელობაში გადაიზარდა. მიზეზი კი თოვლის წმენდა გახდა.
კაცმა მეზობელ ცოლ-ქმარს დააბრალა, რომ გადახვეტილ თოვლს მის ნაკვეთში ყრიდნენ და საქმის გასარჩევად იარაღით გავიდა.
სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოზე ჩანს, რომ კონფლიქტის დასაწყისში მეზობლები ერთმანეთს სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ. კაცმა იარაღი ჯერ ჰაერში გაისროლა, შემდეგ კი დამიზნებით ესროლა მეზობლებს – 50 წლის კაცს და 48 წლის ქალს.
ქალი დაიჭრა და მიწაზე დაეცა. დაჭრილია მისი მეუღლეც, რომელიც ტკივილისგან ყვირის და დამალვას ცდილობს, მაგრამ მსროლელი მაინც პოულობს მას, შემდეგ კი ბრუნდება სახლში „ვინტოვკის“ ასაღებად.
შემთხვევის ადგილზე მისულმა პოლიციამ არამარტო გარდაცვლილი ცოლ-ქმრის, არამედ მსროლელის – 47 წლის კაცის ცხედარიც აღმოაჩინა.
წინასწარი მონაცემებით, ამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ მან სახლში თავი მოკლა.






















