21:45 | 2021-08-15 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„თქვენ ახალგაზრდა თაობა დაამარცხეთ, თანამედროვე თაობა იმედოვნებდა, რომ ქვეყანას საკუთარი ხელით ააშენებდა – ავღანელი სტუდენტი ამერიკაზე, ქვეყანასა და თალიბანზე

„თქვენ ახალგაზრდა თაობა დაამარცხეთ, თანამედროვე თაობა იმედოვნებდა, რომ ქვეყანას საკუთარი ხელით ააშენებდა  – ავღანელი სტუდენტი ამერიკაზე, ქვეყანასა და თალიბანზე

რა ხდება ავღანეთში, როგორ აიღეს მმართველობა ტერორისტული ორგანიზაციის წევრებმა, რატომ გაიქცა ქვეყნის პრეზიდენტი ავღანეთიდან და სად წავიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მიერ 20 წლის განმავლობაში გაწვრთნილი უსაფრთხოების ადგილობრივი ძალები? – ამ კითხვებზე პასუხებს “პრაიმტაიმის” მიერ მომზადებულ სტატიაში ნახავთ, სადაც თავმოყრილია უცხოური მედია საშუალებების მიერ გავრცელებული უახლესი ამბები ავღანეთზე…

 

“ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თალიბანის მეამბოხეები ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში შევიდნენ მაშინ, როცა შეერთებული შტატების ინიციატივით, დიპლომატები საელჩოებს ტოვებდნენ. ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა “როიტერს” განუცხადა, რომ თალიბანი “ყველა მხრიდან” უტევდა, მაგრამ დამატებითი დეტალები არ დაუკონკრეტებია.

 

ავღანეთის დამარცხებულმა პრეზიდენტმა ქვეყანა რამდენიმე საათის წინ დატოვა – ასე იწყებს ავღანეთის შესახებ სტატიას ცნობილი გავლენიანი უცხოური გამოცემა cnbc-ი. მათივე ცნობით, პრეზიდენტი თავის იმ თანამემამულეებს და უცხოელებს შეუერთდა, რომლებსაც თალიბები მოერივნენ  და გაქცეულებმა დასავლეთის 20 წლიანი ექსპერიმენტის დასასრული მიატოვეს, რომელიც მიზნად ავღანეთის აღდგენას ისახავდა.

 

“ავღანეთის ყოფილმა პრეზიდენტმა დატოვა ავღანეთი ამ რთულ სიტუაციაში, მან ღმერთთან პასუხი უნდა აგოს” – თქვა აბდულამ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მაღალჩინოსანმა.

 

ვერტმფრენები თავს ავღანეთში აშშ -ს საელჩოსთან პერსონალის ევაკუაციისთვის იყრიდნენ. ქაბულში კვამლი “გაიზარდა”, რადგან მშიდობისმყოფელთა მისიის თანამშრომლები მნიშვნელოვან დოკუმენტაციას აქტიურად ანადგურებდნენ.

 

აშრაფ ღანი – ავღანეთიდან გაქცეული პრეზიდენტი

 

 

პრეზიდენტის მსგავსად ქვეყანას შეძლებული სამოქალაქო პირებიც ტოვებენ – იმის შიშით, რომ თალიბანმა შესაძლოა, ისეთი სასტიკი ძველი წესი აღადგინოს, რომლის მიხედვითაც ქალებს უფლებები ისევ ჩამოერთვას. ქვეყნის ღარიბმა მოსახლეობამ კი, რომლებიც ადგილზე რჩებიან, დატოვეს სახლები და ქალაქგარეთ, უსაფრთხოების მიზნით გაიხიზნენ, ისინი ღია ცის ქვეშ, სკვერებში რჩებიან. განსაცვიფრებელი გზით, თალიბანმა დაიკავა თითქმის მთელი ავღანეთი სულ რაღაც ერთ კვირაში, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-მა და ნატომ მილიარდობით დოლარი დახარჯა ავღანეთის უსაფრთხოების ძალების შესაქმნელად.

 

 

 

სულ რამდენიმე დღით ადრე, ამერიკელმა სამხედროებმა შეაფასეს გაწეული რესურსი და აღნიშნეს, რომ დედაქალაქს მეამბოხეებისგან თავის დასაცავად მინიმუმ 3 თვე სჭირდებოდათ.  ამის ნაცვლად, თალიბანმა ავღანელები სწრაფად დაამარცხა, ავღანეთის უსაფრთხოების ძალები გაიქცნენ ქვეყნის ფართო ტერიტორიებიდან, მიუხედავად იმისა, რომ მათ ჰქონდათ გარკვეული საჰაერო მხარდაჭერა აშშ-ს სამხედროებისგან.

 

თალიბანი ქაბულში – 13 აგვისტო, 2021.

 

თალიბანის სპიკერმა სუჰაილ შაჰინმა ყატარის ინგლისურ სატელიტურ საინფორმაციო არხთან Al-Jazeera-თან განაცხადა, რომ  “ელოდებოდნენ ქაბულის მშვიდობიან გადაცემას”. მან უარი თქვა კონკრეტულ შეთავაზებაზე მის ძალებსა და მთავრობას შორის შესაძლო მოლაპარაკებების შესახებ.

 

შაჰინმა აღიარა, რომ თალიბები ცენტრალური მთავრობისგან უპირობო დანებებას ითხოვდნენ. ღანი ქვეყნიდან გაქცევამდე სულ უფრო იზოლირებული ჩანდა. მებრძოლები, რომლებთანაც მან მოლაპარაკება გამართა თალიბანს ჩაბარდნენ და ნაწილი კი საერთოდ გაიქცა, რის გამოც იგი დარჩა სამხედრო თავდაცვის გარეშე.

 

თავდაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი ბისმილაჰანი ცდილობდა დაერწმუნებინა საზოგადოება, რომ ქაბული დარჩებოდა “უსაფრთხოდ”. ასევე, აჯანყებულები დედაქალაქში მცხოვრებლების დამშვიდებას ცდილობდნენ და ამტკიცებდნენ, რომ მათი მებრძოლები არ შევიდოდნენ სახლებში და არ ჩაერეოდნენ ბიზნესებში. მათ ასევე თქვეს, რომ შესთავაზებდნენ “ამნისტიას” მათთვის, ვინც მუშაობდა ავღანეთის მთავრობასთან ან უცხოურ ძალებთან.

 

”არავის სიცოცხლე, ქონება და ღირსება არ დაზარალდება და ქაბულის მოქალაქეების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – ნათქვამია თალიბების განცხადებაში.

 

თუმცა, იყო ცნობები შურისძიების, მკვლელობებისა და სხვა სასტიკი მოპყრობის შესახებ იმ ადგილებში, რომლებიც თალიბებმა ბოლო დღეებში დაიკავეს.

 

ერთმა ავღანელმა სტუდენტმა როდესაც აშშ-ს საელჩოს ევაკუაცია ნახა, თქვა:

 

“თქვენ, (აშშ) არა ტერორიზმი, არამედ – ავღანეთის ახალგაზრდა თაობა დაამარცხეთ. თანამედროვე ავღანეთში გაზრდილი თაობა იმედოვნებდა, რომ ააშენებდა ქვეყანას საკუთარი ხელით.” – ამ ფრაზის ავტორი 22 წლის სტუდენტი, აიშა ხურამია, რომელიც ახლა დარწმუნებული არაა, რომ შეძლებს სწავლის დამთავრებას.

 

თუმცა ასევე ვრცელდება თალიბანის ოფიციალური წარმომადგენლების განცხადება, რომ ისინი შურისძიებას არ აპირებენ. BBC-ის ცნობით, თალიბანს მსხვერპლი არ სურს, რადგან მათ პასუხისმგებლობა აიღეს, თუმცა ამ დრომდე ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  განცხადება არ გაუვრცელებიათ…

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X