17:17 | 2020-07-14 ავტორი: თამარ ბუჩუკური

თქვენს დედობას ვნანობთ, მაგრამ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ… – მოხუცი დედა თავშესაფრიდან

თქვენს დედობას ვნანობთ, მაგრამ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ… – მოხუცი დედა თავშესაფრიდან

„სხვებს ისტორიას რომ ვისმენდი, მეგონა ჩემს კარს ასეთი უბედურება არასოდეს დაუკაკუნებდა… ოთხი შვილის დედა უცხო ექთნის მოსავლელი გავხდი. მათ მე არ ვუნდივარ თორემ ჩემი შექმნილი და დანატოვარი, უხერხულობის გარეშე გაინაწილეს“ – ასე იწყებს „პრაიმტაიმთან“ საუბარს მოხუცი ქალბატონი.

 

83 წლის ციალა ბებო გუშინ, ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში წავიდა. წავიდა არა თავისი სურვილით, არამედ – იძულებით.

 

აღმოჩნდა, რომ მოხუცი აღარც შვილებს უნდოდათ, აღარც რძლებსა და სიძეებს, არც შვილიშვილებს უდარდიათ

 

„ჩემს სადღეგრძელოს მოქეიფე შვილები და სიძეები განსხვავებული სასმისით სვამდნენ, გასულ კვირასაც ასე იყო…

 

განა რამე შეიცვალა ამ ერთ კვირაში? არაფერი. უბრალოდ, სასმელს დახარბებულებს დიდი მოცულობის ჭიქები ერჩიათ, თორემ ჩემი დღეგრძელობისა რა გითხრათ…

 

ისე არ გამიგოთ, თითქოს ჩემს შვილებზე ბოღმა მალაპარაკებს, რადგან საკუთარი სახლი დამატოვებინეს და თავშესაფარში ჩემი ფეხით მივედი. ასე არაა.

 

დედას თავისი შვილები ყველაფერს ურჩევნია, როგორებიც არ უნდა იყვნენ ისინი…

 

მეუღლე 12 წელია, რაც მომიკვდა. ჩვენს ოთხ შვილს ერთობლივი შრომით, სათითაოდ ბინები ვუყიდეთ, მერე – აგარაკები. ახლა, რომ თავზე ბუზს არ ისვამენ, მათ განათლებაშიც დიდი ფული ჩავდეთ.

 

აღარაფერს ვამბობ, კარგ ჩაცმაზე, დასვენებასა და მოგზაურობაზე. ისეთი თბილი ოჯახი გვქონდა, ჩვენი ხმამაღალი ბგერაც არავის გაუგია…

 

გასული წლიდან, ჯანმრთელობა ცოტა შემერყა. ქმრის დანატოვარ პატარა საოჯახო სასტუმროს ვეღარ ვმართავდი, და დახმარება უმცროს ბიჭს ვთხოვე.

 

მაშინ, დამიშვია შეცდომა. უცხო მენეჯერი უნდა ამეყვანა, მაგრამ, ახლა თითზე კბენანი უკვე გვიანია. უფროსებს თავიანთი ქონება უკვე ოფიციალურად გაფორმებული ჰქონდათ. შემეშინდა, რამე არ მომივიდეს და ჩემს უმცროს ბიჭს, საქმე საჩოთიროდ არ დავუტოვო-მეთქი და მასაც გავუფორმე.

 

სანამ, დოკუმენტები მზადდებოდა, ისიც და მისი ცოლიც შემომციცინებდნენ. ისე გამითბეს გული, მჯერა მაშინ, ამ სითბომ გამომიყვანა მდგომარეობიდან.

 

როცა მესაკუთრედ ჩემი დათო იქნა ცნობილი, მეორე დღიან რძალი აღარ მელაპარაკებოდა. რამდენიმე თვეში ჩემმა შვილმაც ალმაცერად დამიწყო ყურება.

 

უფროსებთან რომ დავიწუწუნე, ასე მექცევიან-მეთი. მიპასუხეს, მოხუცი ხარ და აბა როგორ გინდაო… გული მაშინ მომიკვდა, როცა გავაცნობიერე, რომ მათი სითბო მოჩვენებითი ყოფილა და ჩემში მხოლოდ პერსპექტიულ და უზრუნველ ცხოვრებას ხედავდნენ… როგორც საბანკო სეიფს, ისე მიყურებდნენ.

 

ვიფიქრე, არსად წავალ, შვილს თავს არ მოვჭრი-მეთქი და ძაღლურ ცხოვრებასთან შეგუება დავაპირე. სულ ცრემლები მომდიოდა, სიკვდილს ვნატრობდი, მაგრამ მანაც დამტოვა და არ მოვიდა.

 

შვილმა და რძალმა გამომიცხადეს, ერთ თვეში, ახლობელი გადმოდის საცხოვრებლად და შენი ოთახი დაცალე, დღე სხვა შვილებს ესტუმრე, ღამე დივანზე დაიძინეო.

 

არცერთ შვილთან არ მივსულვარ, სანამ ბიუროკრატიული პროცედურები დასრულდებოდა, სკვერში ვიჯექი, ერთ ცალ ფენოვან ხაჭაპურს ცრემლებით ვალბობდი და ისე ვჭამდი.

 

მალე თავშესაფრიდან პასუხი მომივიდა, ჩარიცხული ხარო, სიხარულით მივედი და გავმაგრდი ჩემს ოთახში, საიდანაც ვერავინ გამაგდებს. სიმშვიდე მაინც ვერ მოვიპოვე, როცა შვილების ნაცვლად, უცხო ექთანი წყალს გაწვდის, ის ყლუპი გახრჩობს…

 

„მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ქმრის თვითმკვლელობის მიზეზი მე ვიყავი“ - 69 წლის ქალი, რომელიც მოძალადე ქმარს გაექცა
2020-06-03„მეუბნებოდნენ, რომ ჩემი ქმრის თვითმკვლელობის მიზეზი მე ვიყავი“ - 69 წლის ქალი, რომელიც მოძალადე ქმარს გაექცა

 

ახლა რატომ ვსაუბრობ ამ ყველაფერზე იცით? მინდა შვილებმა გაიგონ, როცა მშობლებზე უარს ამბობენ, რას განიცდიან…

 

დაბადებასაც კი ვნანობთ. ვნანობთ, რომ ჩვენი შვილები ხართ, მაგრამ პასუხისმგებლობასაც ვგრძნობთ – თქვენ ჩვენი გაზრდილი უმადური შვილები ხართ!

 

თუ მშობელი არ გინდათ, რად ვერ თმობთ მათ დანატოვარ ქონებას? იცით, რაზე ვოცნებობთ ამ თავშესაფარში? სიკვდილზე! ჩვენ ჩვენი ოჯახებით არ ვტკბებით, ჩვენ სიკვდილთან მიახლოებული ყოველი დღე გვახარებს, რადგან თქვენ გაგვიმეტეთ ამისთვის…“ – ამბობს მოხუცი.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X