
მამა პეტრე კოლხი წალენჯიხაზე მორიგ პოსტს აქვეყნებს. მისი თქმით, დიდი პოტენციალის მიუხედავად, რეგიონი 90-იანების შემდეგ ფეხზე ვერ დადგა.
„ბევრი მეფიქრება წალენჯიხაზე, ამ ძარღვიან, სიტყვაძვირ, პატიოსან, თავისუფლების მოყვარე, დაუმორჩილებელ, ნიჭიერ, ღირსეულ კუთხეზე. ძალიან ბევრი მაგარი ადამიანის ოდაბადეზე. ჩემი ტერენტი გრანელის ლექსად ამოთქმულ ფიქრებზე, ლეო ქიაჩელის შთაგონებაზე.
90-იანი წლები მთელი ერისთვის მძიმე იყო, წალენჯიხას განსაკუთრებით შეეტყო… მხედრიონელებმა საერთოდ მიწასთან გაასწორეს იქაურობა. გადაწვეს სახლები, ნაწილებად დაიშალა სკოლა-ინტერნატი, განადგურდა სტადიონი.
მერე დრო გაიყინა. ვარდების რევოლუციის დროს მიშა წალენჯიხის წითელი ავტობუსით მიადგა თბილისს, მაგრამ წალენჯიხისთვის მაინც არაფერი გაკეთდა, როგორც გრანელი იტყოდა, „და წალენჯიხა ისევ ისეა“… მერე „ქართული ოცნების“ იმედად დარჩენილი მოსახლეობა, მაინც ისევ ისე დარჩა… მაინც არაფერი სასიკეთო, იშვიათად მიწევს ჩემს კუთხეში ჩასვლა, გული მიკვდება, ნაცრისფერია იქაურობა. 90-წლების შემდეგ ფეხზე ვერ დადგა. არადა, რა საოცარი მდებარეობა აქვს დალოცვილ მხარეს.
მონდომება თქვი თორემ საკურორტო ზონა აქაური, ისევ შეიძლება აყვავდეს. თავისუფლად შეიძლება იქაურობა ტურისტულ ზონად გამოცხადდეს. ამის ყველა საშუალებას იძლევა, ძალიან მინდა მთელი საქართველო და არა მარტო, წალენჯიხაში სიხარულით ჩადიოდეს. აშენდეს სასტუმროები, კულტურის და დასვენების პარკები, გაიმართოს ღონისძიებები, მაღალ დონეზე აღინიშნოს გრანელობა, დაწესდეს ცალკე წალენჯიხელობა, გაიხსნა მუზეუმი, საფუძველი ჩაეყაროს ქიაჩელობას, გრანდიოულად აღინიშნოს წალენჯიხის ტაძრის დღესასწაული.
ბევრი გეგმა მაქვს წალენჯიხაზე, ვნახავ, ვინ რას გააკეთებს და კიდევ, ძალიან წამგებიანია იმაზე საუბარი, ვის რა შეეძლო და ვერ გააკეთა, ჩვენ გავაკეთოთ, ჩვენ დავიწყოთ, ჩვენ მოვინდომოთ, მიყვარხართ წალენჯიხელებო. ხელი შევუწყოთ ერთმანეთს და ეს ძალიან ლამაზი ქალაქი გახდეს სავიზიტო ბარათი მთელი ქვეყნისთვის… ჩვენ ამის ყველა რესურსი გაგვაჩნია!“, – წერს სასულიერო პირი სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, ცესკოს წინასწარი შედეგებით, ხმების 100% დათვლის შემდეგ, ოპოზიციის მერობის ერთადერთი კანდიდატი, რომელმაც თვითმმართველობის მეორე ტურში გაიმარჯვა, “ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ხარჩილავაა.
ხმების 100%-ის დათვლის შემდეგ მან წინასწარი შედეგებით 51.10 % მიიღო, “ქართული ოცნების” კანდიდატმა, გოგა გულორდავამ კი — 48.90%.
ასევე დაგაინტერესებთ:






















