
საქართველოს პრემიერ-მინისტრი კატეგორიულად უარყოფს ირანისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლით ბათუმის პორტში რაიმე სახის უკანონო ეკონომიკურ საქმიანობას.
„წარმოდგენა არ მაქვს რა ირანულ ნავთობზეა საუბარი, ვერნაირი გამოძიება ამ თემაზე ვერ დაიწყება“, – აღნიშნა პრემიერ მინისტრმა რამდენიმე ამერიკელი კონგრესმენის წერილის საპასუხოდ.
ცნობისთვის: ამერიკელი სენატორები, ტედ კრუზი და ჯონ კორნინი წარმომადგენელთა პალატის წევრებთან, ჯოდი არინგტონთან და მარკვეინ მალინთან ერთად წერილით მიმართავენ აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსა და ფინანსთა მინისტრ სტივენ მნუჩინს.
„საქართველოს დასავლური ორიენტაცია და მისი პორტები ირანელებისთვის იდეალურ სამიზნეს წარმოადგენს. ბოლოდროინდელი ცნობები უდავოდ მიუთითებს, რომ ირანული ნავთობით უკანონო ვაჭრობის სამიზნე ისევ გახდა ბათუმის პორტი“.
საქართველოს პრემიერ-მინისტრისთვის გაუგებარია რა უკანონო ვაჭრობაზეა საუბარი მაშინ, როცა საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც ირანისთვის სანქციების დაწესებისთანავე ამ ქვეყნის მოქალაქეების არაერთი საბანკო ანგარიში გააუქმა.
„საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც ირანისთვის სანქციების დაწესების შემდეგ გადადგა ქვეყნის ეკონომიკისთვის უკიდურესად მძიმე ნაბიჯები სწორედ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის თხოვნით და მისი ინტერესების გათვალისწინებით.
უბრალოდ უნდა დაინტერესდეთ და დათვალოთ, რამდენი ანგარიში იყო გაუქმებული, რა ნაბიჯები გადადგა იუსტიციის სამინისტრომ, ეროვნულმა ბანკმა და მთავრობამ“, – აღნიშნა გახარიამ.






















