13:21 | 2021-02-18 ავტორი: Prime Time

„წარმოუდგენელი“.. „მისასალმებელი“… „სამწუხარო“ – ვინ როგორ აფასებს გახარიას თანამდებობიდან წასვლას

„წარმოუდგენელი“.. „მისასალმებელი“… „სამწუხარო“ – ვინ როგორ აფასებს გახარიას თანამდებობიდან წასვლას

დღეს, 18 თებერვალს, პრემიერმინისტრი გიორგი გახარია, თანამდებობიდან გადადგა. გიორგი გახარიამ ეს გადაწყვეტილება ნიკა მელიას საქმეს დაუკავშირდა.

 

გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნიკანორ მელიას საქმეზე დაგეგმილი ღონისძიება დროებით გადადო.

 

პრემიერმინისტრის თანამდებობიდან წასვლას დიდი გამოხმაურება მოჰყვა, გთავაზობთ, პოლიტიკოსების და ექსპერტების გამოხმაურებებს:

 

პოლიტიკის ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომის ფაქტს „ქართულ ოცნებაში“ არსებულ დაპირისპირებას უკავშირებს.

 

„აქამდე ჭორები გამოდიოდა, რომ გიორგი გახარიას თანამდებობიდან გაუშვებდნენ, რაც გამართლდა.  არ გამოვრიცხავ, რომ გახარიამ ქვეყანაში არსებული ვითარება გამოიყენა იმისთვის, რომ თანამდებობიდან წასულიყო და ამით 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით, საკუთარი თავის რეაბილიტაცია მოეხდინა.

 

ამასთან, როგორც ჩანს, „ქართულ ოცნებაში“ მართლა ჰქონდათ ერთმანეთთან უთანხმოება, რაც გაკვირვებას იწვევს. როგორც ჩანს, გახარია გუნდში არსებულ დაპირისპირებას გადაყვა. გახარიას არ ჰქონდა პარტიაში საყრდენი, ამიტომ პარტიაში მისი გადაყენების საკითხი აუცილებლად დადგებოდა.

 

ვიდეო: როგორ ეხმიანებიან სოციალურ ქსელში გიორგი გახარიას თანამდებობიდან წასვლას ↓

 

 

ახლა ქვეყანაში პირველი პირი არის ის, ვინც აკონტროლებს პარლამენტის 76 მანდატს. მე არ ვიცი, ვინ აკონტროლებს მანდატებს, მაგრამ გახარია რომ აკონტროლებდა, ეს ფაქტია. ვინ გადააყენა გახარია? – კობახიძემ, თალაკვაძემ, კალაძე თუ სამივემ ერთად, ვერ გეტყვით, თუმცა ნათელია, რომ გახარიას გადადგომა ბიძინა ივანიშვილის ხელწერას ნამდვილად არ ჰყავს’,- განაცხადა ვახტანგ ძაბირაძემ.

 

ძალიან სწორი და დასაფასებელი გადაწყვეტილება, – ასე აფასებს ელენე ხოშტარია გიორგი გახარიას გადადგომას.

 

ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტუაციაში ვიღაცას ნდომოდა პრემიერის სავარძელი,- ამის შესახებ „პრაიმტაიმნიუსთან“ კავკასიის საკითხებში ექსპერტმა მამუკა არეშიძემ პრემიერ-მინისტრის გადადგომასთან დაკავშირებით, განაცხადა.

„გიორგი გახარიას განცხადება საკმაოდ მძიმე ნათქვამია, რადგან ჩვენ ვიცოდით, რომ „ქართული ოცნების“ გუნდი ერთიანი იყო. ლაპარაკი იყო, რომ გახარია თანამდებობიდან უნდა წასულიყო, მაგრამ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ამ სიტუაციაში ვიღაცას ნდომოდა პრემიერის სავარძელი“-თქვა არეშიძემ.

 

დავით ბაქრაძე – გიორგი გახარიამ ამ ნაბიჯით გააჩინა შანსი, „ქართული ოცნება“ დაუბრუნდეს მოლაპარაკების მაგიდას.

 

„დღევანდელმა დღემ აჩვენა, რომ პოლიტიკურ დევნას, დაპირისპირებას, ზიზღს, აგრესიას, რომლის გამოწვევასაც „ქართული ოცნება“ მუდმივად ცდილობს, მომავალი არ აქვს“, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, დავით ბაქრაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილნი.

 

„დავუბრუნდეთ მოლაპარაკებათა მაგიდას და იმ საკითხების განხილვას, რომლებიც აუცილებელია ქვეყანაში სიმშვიდისა და ნორმალური მომავლისთვის. ეს გახლავთ რიგგარეშე არჩევნები, პოლიტიკური დევნის შეწყვეტა, პოლიტიკურად მოტივირებული პროცესების დასრულება, საარჩევნო სისტემის იმგვარად ცვლილება, რომელიც ყველა მომავალ არჩევნებს ნორმალურად ჩაატარებს“, – აღნიშნა დავით ბაქრაძემ.

ავტორი: Prime Time

X