
გუშინ „ქართულმა ოცნებამ“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ შერიგების ფორმულა დაასახელა, რომლის მიხედვით, წინა ხელისუფლებამ მის მიერ ჩადენილი ყველა დანაშაული უნდა აღიაროს და პარტიის ლიდერებმა, მათ შორის, მიხეილ სააკაშვილმა, პოლიტიკა უნდა დატოვონ.
რა პასუხი აქვთ „ნაციონალურ მოძრაობაში“ „ქართული ოცნების“ შერიგების ფორმულაზე და რამდენად რეალურია, რომ უპირველესად, მიხეილი სააკაშვილი პოლიტიკიდან გავიდეს, ამ საკითხზე „პრაიმტაიმთან“ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი საუბრობს.
როგორც უდუმაშვილი აცხადებს, „ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ მიხეილ სააკშვილი პოლიტიკიდან გავიდეს და “ნაცმოძრაობა” აღარ არსებობდეს.
“ქართული ოცნების“ ოცნებაა, რომ როგორმე “ნაციონალური მოძრაობა“ აღარ არსებობდეს. 9 წელია, რაც გვესმის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ უნდა გააქრონ პოლიტიკიდან, მაგრამ ამას ვერ მიაღწევენ, რადგან ჩვენ ვართ ის ძალა, რომელიც გადამწყვეტ როლს შეასრულებს ხელისუფლების ცვლილებაში. „ქართულ ოცნებას“ სურს, რომ ოპოზიცია არ არსებობდეს, რაც აბსურდულია.
მიხეილ სააკაშვილი მთავარი პოლიტიკური ფიგურაა და ის გადამწყვეტ როლს ითამაშებს ხელისუფლების ცვლილებაში, ამიტომ ეს ადამიანი მათთვის საშიშროებას წარმოადგენს. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მიხეილ სააკაშვილმა პოლიტიკა დატოვოს, ეს წარმოუდგენელია“,- განაცხადა უდუმაშვილმა.
ასეთ პირობებში, შედგება თუ არა „ეროვნული შერიგება“? – როგორც ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „პრაიმტაიმთან“ აცხადებს, შერიგებაზე საუბარი არარეალურია.
„როგორ უნდა აღიაროს „ნაცმოძრაობამ“ დანაშაული, ეს რთულად წარმოსადგენია. მე არ მგონია, რომ სააკაშვილი „ოცნებას“ პოლიტიკიდან გასვლის წინადადებაზე დათანხმდეს. სააკაშვილის პოლიტიკიდან გასვლა დამოკიდებულია, რა „გამოსავალი“ ექნება მის სასმართლო პროცესებს, გაუშვებენ თუ არა საქართველოდან და ა.შ. შემიძლია ვთქვა, რომ ბოლო მოვლენების ფონზე, მისმა პოლიტიკურმა წონამ დაიკლო.
საქართველოში სააკაშვილი ჩამოვიდა ხელისუფლების დასამხობად, ის სინდისის ქენჯნას არ განიცდის, ამიტომ შერიგებაზე საუბარი აბსურდულია. „ნაცმოძრაობას“ შერიგებაც კი უნდა, საკუთარი ინტერესების გასატარებლად გამოიყენოს. შერიგების თემა არის პოლიტიკური მანევრი, საკითხის ასე დაყენება დასავლეთში კარგად იყიდება, თუმცა ამაზე საუბარი ცოტა ხანს კიდევ გაგრძელდება და შემდეგ გაქრება“, – განაცხადა ანჯაფარიძემ.
ცნობისთვის, გუშინ “ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძე “ნაციონალურ მოძრაობასთან” შერიგების შესახებ განაცხადა:
“ამ პოლიტიკურმა ძალამ და მისმა ლიდერებმა ყველა უმძიმესი დანაშაული უნდა აღიარონ, რაც წამების, ღირსების შელახვის, არაადამიანური მოპყრობის, ტერიტორიების დათმობის, მედიის მიტაცების და ბიზნესის რეკეტის ჩათვლით ჩაიდინეს და რასაც სისტემური ხასიათი ჰქონდა. ამის შემდეგ უნდა თქვან, რომ ასეთი დანაშაულების ჩამდენი პოლიტიკოსების ადგილი პოლიტიკაში არ არის. ეს უნდა აღიარონ, ამის შემდეგ შეიძლება, შერიგებაზე საუბარი დაიწყოს”,- განაცხადა კობახიძემ.
მანამდე, 6 დეკემბერს მიხეილ სააკაშვილის ოფიციალურ Facebook-ზე განცხადება გამოქვეყნდა, რომელშიც მან შერიგების თაობაზე, მმართველ გუნდს მიმართა:
„უახლოეს დღეებში ბრძოლა გამძაფრდება და არ გაჩერდება თქვენს დამარცხებამდე. ან თუ გონს მოეგებით და წამოხვალთ ეროვნულ შერიგებაზე, სანამ გვიან არაა, ეს ყველასთვის საუკეთესო გამოსავალია“, – წერს სააკაშვილი.
აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილი სამი ინსტანციის სასამართლოს განაჩენით, დამნაშავედ არის ცნობილი ვალერი გელაშვილის ცემისა და სანდრო გირგვლიანის სისხლის სამართლის საქმეებზე. მას სასჯელის ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა ექვსი წლის ვადით.
ასევე, მიხეილ სააკაშვილი ბრალდებულია ტელეკომპანია „იმედის“ დარბევის, 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კუთვნილი 9 024 367 ლარის პირადი მიზნებისთვის გაფლანგვის ფაქტებზე.























