21:58 | 2020-04-18 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

წელს პირველად ვერ გავალ შვილის საფლავზე, ისიც ექიმი იყო და გამიგებს – შვილმკვდარი დედა ზუგდიდიდან

წელს პირველად ვერ გავალ შვილის საფლავზე, ისიც ექიმი იყო და გამიგებს – შვილმკვდარი დედა ზუგდიდიდან

ზუგდიდელი ბელა ბულია 15 წლის წინ გარდაცვლილი შვილის ექიმ დავით ლაზარიას საფლავზე სააღდგომოდ წელს პირველად ვერ გავა.

 

„მკაცრად ვიცავთ ოჯახში რეგულაციებს: მე, როგორც ზუგდიდის რაიონული საავადმყოფოს ყოფილი მედდა და ჩემი მეუღლე, დევნილთა პოლიკლინიკის ექიმი, ზურაბ ლაზარია. ჩვენ ექიმებმა თუ არ გავითვალისწინეთ ეს რეგულაციები, სხვა როგორ დაიცავს.

 

მჯერა, თუ ყველაფერს მითითებებით შევასრულებთ, დავძლევთ ამ პანდემიას.

 

ჩემი მეუღლეც ენგურის ხიდზე საგანგებო კარავში ყოველ მეორე დღე მორიგეობს… ჩვენი პროფესიიდან გამომდინარე, ამ რეგულაციების დაცვა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების სტილია.

 

წელს პირველად შვილის საფლავზე ქალაქის სასაფლაოზე ვერ გავალ. წელს ეს განსაკუთრებული აღდგომაა ჩემთვის და ჩემი გარდაცვლილი შვილისთვის.

 

ჩემი შვილიც ექიმი იყო და გამიგებს. სააღდგომო მზადება განსაკუთრებული რიტუალია ჩემთვის, რისთვისაც მთელი თვით ადრე ვემზადები”,- გვიყვება ბელა ბულია.

 

მისივე თქმით, სიჩუმეში და განსაკუთრებული ინგრედიენტებით ცხვება მისი ხატისპურები.

 

 

 

 

 

„რეცეპტი დედაჩემის დედისგან გადმომეცა, დედაც საოცარი კულინარია. ხატისპურს ვუკეთებ დიდი რაოდენობით მშრალ ჩირებს, სოფლის რძეს და ნაღებს, ასევე რომს ვასხამ ცომში. გულსართებსაც ვუკეთებ ნიგვზით და მშრალი ხილით.

 

ჩემი ხატისპურები კი თითქმის 2 კვირა ძლებს და თან ბევრს ვაცხობ. სააღდგომო კვერცხებს ტრადიციისამებრ ას ცალს ვხარშავ, არც წელს დამირღვევია ოჯახური ტრადიცია. საღებავს ენდროს ვიყენებ და მეც ვამზადებ საღებავებს, მოხატვითაც მოვხატავ კვერცხებს და ყველაზე მთავარი ჯეჯილი, რომელსაც ორი კვირით ადრე ვთესავ, რომ აბიბინდეს და სპეციალური აღდგომის ქოხი ფერებში ესეც ჩემი ტრადიციული რიტუალია.

 

ბოლოს, ჩემს სააღდგომო მაგიდას ამშვენებს სიცოცხლის და მარადიულობის ხე, სიმბოლო სიცოცხლის სიკვდილზე გამარჯვებისა”, – დასძენს იგი.

 

ავტორი: თეა შონია

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X