
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის თენგიზ ცერცვაძის თქმით, თებერვალში ჯანდაცვის სამინისტრომ საავადმყოფოს სასამართლოში უჩივლა. მიზეზი სავალდებული სავენტილაციო სისტემის არქონა გახდა.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ კლინიკამ კორონავირუსითა და აივ/შიდსით ინფიცირებული სტაციონარული პაციენტების მიღება შეაჩერა.
„თებერვალში თვითონ სამინისტრომ, მისივე რეგულირების სამსახურის მიერ მომზადებული დასკვნის საფუძველზე, სასამართლოში გვიჩივლა.
კურიოზული შემთხვევაა, სასამართლოში გვიჩივლა, რომ ცენტრს არ ჰქონდა სავალდებულო სავენტილაციო სისტემა. ანუ, სამინისტრომ სასამართლოში გვიჩივლა იმ ხარვეზისთვის, რომელი ხარვეზის გამოსწორებას ჩვენ მანამდეც და შემდეგაც თვითონ სამინისტროს ვთხოვდით.
ვადასტურებთ, რომ ჩვენ იძულებული ვიყავით, დღეიდან შეგვეწყვიტა კოვიდ-19-ით პაციენტებისა და აივ შიდსით სტაციონარული ავადმყოფების მიღება ელემენტარული, აუცილებელი, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი პირობების არქონის გამო. ამავე დროს, ჩვენ ამის შესახებ არაერთგზის ვაცნობეთ სამინისტროს.
ისიც ვაცნობეთ, რომ ჯერჯერობით ვაგრძელებთ აივ შიდსით ამბულატორიული პაციენტების მიღებას, რადგან ამ კატეგორიის პაციენტების მომსახურების შეწყვეტა გამოიწვევდა ძალიან დიდ რყევებს. გაცილებით მეტს, ვიდრე სტაციონარული ავადმყოფების მიღების შეწყვეტა.
რაც შეეხება ქალბატონი მინისტრის ფორმულირებას და პასუხს კორესპონდენტის შეკითხვაზე, ჩვენ კატეგორიულად არ ვეთანხმებით ამას, კატეგორიულად ვაცხადებ, რომ მისი პასუხი არ შეესაბამება სიმართლეს და ჩვენ მზად ვართ, ნებისმიერ ფორმატში შევხვდეთ ქალბატონ მინისტრს და მასთან ერთად განვიხილოთ ეს საკითხი“, – განუცხადა ცერცვაძემ საზოგადოებრივ მაუწყებელს.























