
შეიძლება იკლოს კიდეც კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ ამ მკაცრ შეზღუდვებს უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ, – ამის შესახებ თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ჟურნალისტებს გორის სამხედრო ჰოსპიტალში განუცხადა.
მისივე თქმით, ეპიდემიის შეკავების პირველი ნიშნებიც უკვე გამოჩნდა.
„საბედნიეროდ, ჩვენთან ინფიცირებულების რაოდენობამ მოიკლო და სულ 5 გარდაცვლილია, გარდაცვლილების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი.
ჩვენ უნდა შევაკავოთ ინფექცია, როგორმე ამ დონეზე უნდა შევინარჩუნოთ. შეიძლება იკლოს კიდეც კორონავირუსით ინფიცირებულების რაოდენობამ, მაგრამ ჩვენ უსასრულოდ ვერ გავაგრძელებთ ამ მკაცრ შეზღუდვებს, საგანგებო მდგომარეობასა და იმ საკარნტინო მოთხოვნებს, რომელიც მოქმედებს.
ჩვენ უნდა მოვამზადოთ პლაცდარმი იმისთვის, რომ ინფიცირებულების რაც შეიძლება მცირე რაოდენობა გვყავდეს.
ვინაიდან ნაკლებია იმის მოლოდინი, რომ სულ გაქრება უახლოეს დროში ეს ინფექცია და საქართველოში არც ერთი ინფიცირებული არ გვეყოლება, ჩვენ თქვენთან, ჯანდაცვის სამინისტროსთან, ექიმებთან, ეპიდემიოლოგებთან ერთად, იმას უნდა მივაღწიოთ, რომ საქართველოში ინფიცირებულების ყოველდღიური რაოდენობა დაბალ ნიშნულზე იყოს“,- განაცხადა ცერცვაძემ.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში დაინფიცირების შემთხვევა 420-ია, აქედან 107 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 5.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4816 ადამიანი და სტაციონრში 574 პაციენტს აკვირდებიან.
- 21 აპრილს, საქართველოს პრეზიდენტმა საგანგებო მდგომარეობის გაგრძელების შესახებ ბრძანება გამოსცა.
- მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილამდე აიკრძალა მსუბუქი ავტომობილების გადაადგილება.
- დახურულ სივრცეში სავალდებულო გახდა პირბადის ტარება. წინააღმდეგ შემთხვევაში იურიდიული პირი 15 ათასი ლარით დაჯარიმდება.
- მთავრობასა და საპატრიარქოს შორის შეთანხმება შედგა. შეთანხმების მიხედვით, ეკლესიის კარები მორწმუნეთათვის არ დაიკეტება!
- ხელისუფლების მოწოდებაა დარჩით სახლში, არ დაარღვიოთ კანონი
- 15 აპრილიდან, საქართველოს ოთხი დიდი ქალაქი 10 დღით ჩაიკეტა.
- 28 მარტს გამკაცრდა საკარანტინო რეჟიმი სამეგრელოსა და ზემო სვანეთში.
- 23 მარტს, მთავრობის უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, მარნეული და ბოლნისი მთლიანად ჩაიკეტა
- დახურულია ყველა სავაჭრო ობიექტი, გარდა სურსათის მაღაზიებისა. დაკატილია აგრარული ბაზრები.
- საჯარო და კერძო სამსახურები გადავიდნენ დისტანციურ მუშაობაზე. შეჩერდა მუნიცილაური ტრანსპორტის მოძრაობა.
- კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.
- შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.
- შეზღუდვები შეეხოკაფე-ბარებსა და რესტორნებს.






















