
3 666 ინფიცირებული და 17 გარდაცვლილი, ყველაზე მეტი ინფიცირებული თბილისში, აჭარასა და იმერეთში – ესაა 27 ივლისის კორონავირუსით ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რეკორდულად გაზრდილი მონაცემები.
აგვისტო ნაადრევად დადგა საქართველოში, – ასე გამოეხმაურა ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ დღევანდელ ეპიდვითარებას.
მანამდე, კორონავირუსთან ბრძოლის წინა ხაზზე მყოფი სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები საუბრობდნენ მეოთხე ტალღაზე, რომელსაც საქართველოში, ისევე, როგორც მსოფლიოში, აგვისტოს ბოლოს, სექტემბრის დასაწყისში ელოდნენ.
საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელი სხდომის დასრულების შემდეგ, ეპიდემიოლოგებმა მოსახლეობას ვირუსის პრევენციის მიზნით კვლავ რეგულაციების დაცვისა და ვაქცინაციისკენ მოუწოდეს. როგორც ამირან გამყრელიძემ და პაატა იმნაძემ განაცხადეს, ვირუსის მართვის ახალი მეთოდები შემუშავდა, შესაბამისად, მკაცრი „ლოქდაუნები“ მოსალოდნელი არ არის.
„ცეცხლს ვეთამაშებით“ მიმართა საზოგადოებას ტრიბუნიდან დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა.
„საქართველოში ეპიდვითარება გაუარესდა. ჩვენ ახლა იმაზე მეტი ინფიცირების შემთხვევა გვაქვს, ვიდრე ეს მესამე ტალღის პიკის დროს იყო, მაისში. ვართ დაახლოებით 50-დან 60%-მდე, როგორც ვიყავით მეორე ტალღის პიკზე“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა ყოველდღიურად მატულობს. ქვეყანაში ასევე მრავლად არიან ადამიანები, რომლებიც კვლავ სკეპტიკურად უყურებენ იმუნიზაციის პროცესს და ამბობენ, რომ აცრილი მრავალი ადამიანის მიუხედავად, ინფიცირებულთა მაჩვენებელი მაინც ძალიან ბევრია. ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა მათ საპასუხოდ აცხადებს, რომ ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით, შედეგს დაახლოებით, 2 თვეში დავინახავთ.
„იმას, რასაც მაისში პროგნოზირებდნენ, რომ აგვისტო-სექტემბერში ეპიდვითარება გაუარესდებოდა, ეს არ გამართლდა. იგივე უკვე ხდება ივლისის ბოლო პერიოდში. ამას თავისი რამდენიმე ახსნა აქვს: „დელტა“ შტამი ჩვენს რეგიონში სწრაფად გავრცელდა და შესაბამისად, გავრცელდა ჩვენს ქვეყანაშიც. ეს დაემთხვა პერიოდს, როდესაც ყველანაირი რეგულაცია იყო მოხსნილი და ასევე, დაწესებული რეკომენდაციები მოსახლეობის მხრიდანაც არ სრულდებოდა. ასევე, ვაქცინაციაც დაბალი ტემპით მიმდინარეობდა. ახლა ამას დავარქმევთ თუ არა მეოთხე ტალღას, ფაქტია, რომ 3 000-ზე მეტი შემთხვევა გვაქვს და შეიძლება, რამდენიმე კვირის შემდეგ ვითარების სტაბილიზაცია გაჭირდეს.
ვაქცინაციის მიუხედავად, მაინც ბევრი ინფიცირებულიაო – ამბობენ, ვაქცინაციის ტემპის ზრდა ძალიან კარგია და ამის შედეგს ჩვენ ერთ, თვე-ნახევარში დავინახავთ. ვაქცინაცია სწრაფ შედეგს არ იძლევა, იმუნიზირებული ადამიანების გარკვეული რაოდენობა უნდა დაგროვდეს, რომ ეპიდემიოლოგიურ ვითარებაზე გავლენა მოახდინოს. თუ ვაქცინაციის პროცესი ამ ტემპით წავიდა და დღიური მაჩვენებელი 15-20 000 გვექნება, შემოდგომით, მეორე ნახევარში ეს თავის შედეგს გამოიღებს და ვითარება მეტ-ნაკლებად დასტაბილურდება.
უახლოესი სტაბილიზაციისთვის მნიშვნელოვანია რეკომენდაციების დაცვა, სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა რეგულაცია და ამის კონტროლი. პირველ რიგში, უნდა გააკონტროლონ იმ ქვეყნებიდან შემომსვლელბი, სადაც „დელტა“ შტამით ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია. ასევე, აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს ხალხმრავალ ადგილებში პირბადის ტარება და სხვადასხვა თავყრილობა“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ საუბრისას ალექსანდრე გოგინავა.
ინფექციონისტი ასევე ამბობს, რომ ყველა კლინიკა სრული დატვირთვით მუშაობს, პაციენტების მიღებას და მკურნალობას, ჯერჯერობით, ახერხებენ.
„თითქმის ყველა კლინიკაში იდენტური ვითარებაა, მაქსიმალური დატვირთვით მუშაობენ. საბედნიეროდ, ჯერჯერობით, ადგილების დეფიციტი არ არის პაციენტების მოთავსება კოვიდცენტრებში ხერხდება. თუმცა, დღევანდელი მონაცემების მსგავსი თუ დაფიქსირდა მომდევნო დღეებშიც, შეიძლება ამან ისევ ის მდგომარეობა გამოიწვიოს, რაც შემოდგმოით გვქონდა, როდესაც პაქციენტების დროული ჰოსპიტალიზაცია ვერ ხერხდებოდა.
მინდა მოსახლეობას ვთხოვო, მაქსიმალურად დავიცვათ რეკომენდაციები და ერთმანეთის სიცოცხლეს გავუფრთხილდეთ“, – მიმართავს ინფექციონისტი საზოგადოებას.
განსხვავებული მოსაზრება აქვს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, ექსპერტს ჯანდაცვის საკითხებში დევი ტაბიძეს. ის ამბობს, რომ „კვლავ უნდა დავუბრუნდეთ იმ ნაწილს და ვაიძულოთ ადამიანი, დახურულ სივრცეში ნიღაბი ატარონ“.
„დღევანდელი მდგომარეობა არის სრული კატასტროფა. ასეთი მდგომარეობით ზუსტად ერთი წლის წინ უფრო ნაკლები პოზიცია იყო. სიგნალია ეს ყველაფერი იმისა, რომ ჩვენ მაქსიმალურად უნდა შევუწყოთ ერთმანეთს ხელი. დავანებოთ იმ გაუთავებელ ერთი და იგივე საუბარს, რომ რეკომენდაცია უნდა შევასრულოთ, ნიღაბი ვატაროთ და ა.შ. უკვე სასაცილოც კი გახდა ამაზე საუბარი.
ისევ უნდა დავუბრუნდეთ იმ ნაწილს, რომ ვაიძულოთ ადამიანი დახურულ სივრცეში ისევ ნიღაბი ატარონ, არ მოხდეს ეს შეკრებები გაუთავებელი, არაფრის მომცემი კონფერენციები და ა.შ. ეს ყავა-ჩაის შეხვედრებს არაფერი ისეთი შედეგი არ მოაქვს, როგორც საბოლოო ჯამში ჩვენთვის, მოსახლეობისთვის მოაქვს და მოქალაქეებისთვის.
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, ეს ადამიანები, ვინც ჩვენს კლინიკაში იმყოფებიან როგორ იტანჯებიან. პირდაპირ იხრჩობიან, ეს არის სრული ჯოჯოხეთი, ჯოჯოხეთი არამარტო პაციენტებისთვის. ჩვენც ხომ გვინდა ექიმებს არსებობა, არ შეესაბამება ადამიანურ შინაგან ფსიქიკურ და ჯანმრთელობით ფორმას. ჩვენ ამ ყველაფერს ვუყურებთ, გავიგე, რომ ექიმის ფიცი დავდეთ, ექიმები უნდა ვიყოთ, მაგრამ ჩვენც ხომ გვაქვს ადამიანური რესურსი? რაღაც გარკვეულ პერიოდში ეს რესურსი ამოიწურება და თუ ექიმს ეს რესურსი ამოეწურა, კიდევ უფრო ცუდად წავა საქმე“, – განაცხადა დევი ტაბიძემ.
„ვივამედის“ გენერალური დირექტორი ნინო ნადირაძე ამბობს, რომ მოსახლეობის შეშინება არ უნდა, თუმცა, ვაქცინაციის პროცესში ჩართვა, დისტანცია და პირბადის ტარება ერთადერთი გამოსავალია. კლინიკას, რომელსაც ის მართვას ამჟამად, 160 პაციენტის მიღება შეუძლია, თუმცა, გამოვუვალი ვითარების შემთხვევაში, საწოლების დამატება შესაძლებელია.
ექიმი იმედოვნებს, რომ ამჯერად მაინც გვეყნება კარგი ახალი წელი.
„ადამიანების დაშინება არ მიყვარს. ვაქცინაციის პროცესში ჩასართავად რეგისტრაცია ძალიან ბევრმა მსურველმა გაიარა. საშინლად მძიმე დღეებს გავდივართ. უკვე მერამდენედ, ყოველ ჯერზე ვფიქრობ, რომ აი, ახლა აღარ ვიქნებით კოვიდკლინიკა, აღარ ვიქნებით… მაგრმ აღარ დამთავრდა…
ერთადერთი, რისკენაც მინდა ადამიანებს მოვუწოდო, მეტი სიფრთხილეა. ელემენტარული რეკომენდაციები დაიცვან: გაიკეთონ პირბადე, ბევრია, ვისაც გარეთაც უკეთია. დისტანცია დაიცვან. ჩემი ბევრი კოლეგა ანტივაქსერია და ეს ძალიან მტკივა. ჩემთვის ეს წარმოუდგენელი, გაურკვეველი და აუხსნელია. გამოვიჩინოთ მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა.
მიუხედავად ყველაფრისა, ოპტიმიზმის საფუძველს ვიტოვებ და ვიმედოვნებ, რომ ამჯერად მაინც გვექნება კარგი ახალი წელი.
ჯერჯერობით, ჩემი კლინიკა შემოსულ ინფიცირებულთა ნაკადს უმკლავდება. არც ერთი პაციენტისთვის უარი არ გვითქვამს. მაქსიმალურ როტაციას ვაკეთებთ, თუ საშუალება გვაქვს, ბინაზე ვწერთ. ამჟამად 160 პაციენტის განთავსება შეგვიძლია. ჰიბრიდული კლინიკაა, შესაბამისად, საწოლების დამატება შეგვიძლია.
უნდა აღვნიშნო, ამ ტალღას სულ სხვა გამოცდილებით დახვდა სტაფი. ეს არის კარგად გამობრძნედილი მებრძოლი გუნდი კოვიდ-ბრძოლაში ჩართული. თუმცა, გარდაცვალებებს ვერ შევეგუეთ. დღემდე ჩემი რეანიმაციის უფროსი ამბობს, რომ როდესაც პაციენტი გარდამეცვლება, ვტირიო. მოსახლეობას ვთხოვ, სამედიცინო პერსონალს ნუ გამოვფიტავთ. გავუფრთხილდეთ როგორც საკუთარ, ასევე ერთმანეთის სიცოცხლეს. აუცილებლად ავიცრათ“, – ამბობს ნინო ნადირაძე „პრაიმტაიმთან“ საუბრისას.
დაგაინტერესებთ:


























