
პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი, ალეკო ელისაშვილი „ევროპული საქართველოს“ ლიდერებს გიგი უგულავასა და გიგა ბოკერიას კვლავ დაუპირისპირდა.
მისი თქმით, ოპოზიციის მოლაპარაკებების დროს, დავით ბაქრაძემ დაურეკა და შეხვედრა შესთავაზა.
„ერთი კვირა მეხვეწებოდა დათო ბაქრაძე შევხვდეთო. გიგა ბოკერიას რომ მოეწერა, არც შევხვდებოდი. ერთი კვირა ვითრევდი ფეხს და შევხვდი, ვილაპარაკეთ. ამის შემდეგ კიდე მომწერა ბაქრაძემ, რომ იქნებ კიდევ შევხვდეთო – მე ვუთხარი არაფერი სალაპარაკო არ მაქვს მეთქი.
ამის მერე დგანან და ასეთ შეხვედრაზე, რომელზეც მეხვეწები, მთხოვ, რომ შევხვდეთ, მერე გამოდიხარ და ორღობის დედაკაცივით ჭორაობ. ეს სად ისწავლეს. ეს როგორ უნდა იკადრო.
თუ მართლა ოცნების დამარცხება გვინდა, მოდი ხალხს ვკითხოთ, ვის უნდა ვკითხოთ მეტი? ქურდებთან ხო არ წავალთ და გავარჩევთ ამ ამბავს, მაჟორიტარები დაგვილაგეო. ქურდობა უნდა გიგა ბოკერიას, პოლიტიკაში ქურდად იჯდეს, პოლიტიკის შაქრო კალაშოვი უნდა იყოს გიგა ბოკერიას. არც ისეთი ქურდები მეხატებიან გულზე, არც პოლიტიკური ქურდები“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა „მთავარი არხის“ ეთერში.























