
წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის კლინიკური საავადმყოფოს 30-მდე მედპერსონალი თვითიზოლაციაშია. ამის შესახებ „პრაიმტაიმს“ საავადმყოფოს კლინიკურმა მენეჯერმა, ზაზა ლურსმანაშვილმა განუცხადა.
მედპერსონალის თვითიზოლაციაში გადაყვანის მიზეზი კი პაციენტი გახდა, რომელიც კლინიკაში ფილტვების ანთების დიაგნოზით მკურნალობდა.
„ჩვენთან პირველ მაისს მცხეთის ცხელების ცენტრიდან გადმოყვანილი იქნა ქალბატონი, რომელსაც ჩვენთან შემოსვლამდე ორჯერ ჰქონდა ტესტირება ჩატარებული, PCR ტესტით და ორჯერვე იყო უარყოფითი.
პირველ მაისს ეს ქალბატონი შემოვიდა ჩვენთან ე.წ ფილტვების ანთებით, ანუ პნევმონიის დიაგნოზით. იმკურნალა ჩვენთან 7 დღის განმავლობაში და შემდეგ გაეწერა გამოჯანმრთელებული, დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში.
როდესაც დაბრუნდა საკარანტინე სივრცეში, საკარანტინე სივრცის ერთი დღის დატოვებამდე მას ჩუატარდა გეგმიური მესამე PCR კვლევა, სადაც პასუხი მოვიდა დადებითი.
ჩვენი პერსონალი იყო სპეციალურად აღჭურვილი და ამასთანავე ეს პაციენტი მოთავსებული იყო იზოლირებულ პალატაში.
ყველა პერსონალს ჩაუტარდა სწრაფი და PCR ტესტი. ყველას შემთხვევაში პასუხი უარყოფითია, თუმცა ეპიდემიოლოგის მოთხოვნით ყველა მათგანი გადასულია თვითიზოლაციის რეჟიმზე“, – ამბობს ზაზა ლურსმანაშვილი.
როგორც ზაზა ლურსმანაშვილმა გვითხრა, ინფიცირებული ქალბატონი 60 წლამდე ექთანია და ახლა იგი ბოჭორიშვილის კლინიკაში მკურნალობს.
12 მაისის მონაცემებით, ბოლო 24 საათში გამოჯანმრთელდა 32 პაციენტი.
ბოლო მონაცემებით:
გარდაცვლილთა რაოდენობა ჯამში – 11.
- კარანტინის რეჟიმში იმყოფება – 4769 ადამიანი
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 414 ადამიანი
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეების – 3






















