
დღევანდელი მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით სულ 5 ადამიანი გარდაიცვალა. აქედან 3 ქუთაისში, ხოლო დანარჩენი ორი ინფიცირებული – აჭარაში.
78 წლის ქალი და 72 წლის მამაკაცი კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდნენ, მათ კორონავირუსთან ერთან ქრონიკული დაავადებებიც ჰქონდათ. ინფიცირებულები კლინიკაში 15 და 16 სექტემბერს შეიყვანეს.
ქალს ორმხრივ მწვანე პნევმონიასთან ერთად, აღენიშნებოდა ქრონიკული უკმარისობა, ჰიდროპერიკარდიუმი და ხორხის სიმსივნე.
რაც შეეხება მამაკაცს, მას ორმხრივი პოლისეგმენტური პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, გულსისხლძარღვთა მწვავე უკმარისობა, კარდიომიოპათია და ორმხრივი ჰიდროთორაქსი აღენიშნებოდა.
ქუთაისში მესამე გარდაცვლილი ინფექციურ კლინიკაში მკურნალობდა. 69 წლის მამაკაცს თანმხლები დაავადებები ჰქონდა, რის გამოც მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
გარდა ქუთაისისა, 2 ინფიცირებული პაციენტი დღეს აჭარაში გარდაიცვალა.
გარდაცვლილი 90 წლის ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 26 სექტემბერს შეიყვანა დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, თირკმლის უკმარისობა, შოკი, გულის უკმარისობა.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: საჭმლის მომნელებელი ტრაქტის სიმსივნე. კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა.
მეორე გარდაცვლილი 57 წლის ქალია, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში 30 სექტემბერს შეიყვანა. დიაგნოზი: COVID -19, ორმხრივი პნევმონია, სუნთქვის უკმარისობა, ინსულტი.
პაციენტის მდგომარეობა კლინიკაში შეყვანისთანავე შეფასდა რთულად. პაციენტს ანამნეზში აღენიშნებოდა: უნივერსალური სიმსუქნე, შაქრიანი დიაბეტი, ინსულინ-დამოკიდებული.
კლინიკაში გატარდა ყველა შესაბამისი ღონისძიება, თუმცა თანმდევი დაავადებების სირთულიდან გამომდინარე, მისი გადარჩენაც ვერ მოხერხდა.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში კორონავირუსის სულ 7093 შემთხვევაა გამოვლენილი. მათ შორის გამოჯანმრთელდა 3714, ხოლო გარდაიცვალა 46 ინფიცირებული. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 836 ადამიანი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში სულ 1100 პირია, უცხოეთიდან სამკურნალოდ საქართველოს 41 მოქალაქე გადმოიყვანეს.
























