18:47 | 2022-01-03 ავტორი: ნინი ტაველიძე

ცნობილი ადამიანები, რომლებიც მსოფლიომ 2021 წელს დაკარგა

ცნობილი ადამიანები, რომლებიც მსოფლიომ 2021 წელს დაკარგა

2021 წელს მსოფლიოს ბევრი ცნობილი ადამიანი დააკლდა. მათ შორის ყველასათვის საყვარელი მსახიობები, მომღერლები, რეჟისორები თუ მუსიკოსები.

 

წლის ბოლოს, კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ეს ადამიანები:

 

ლარი კინგი

 

2021 წლის დასაწყისში (23 იანვარს) მსოფლიომ დაკარგა ცნობილი ამერიკელი ტელეწამყვანი ლარი კინგი, რომელიც 87 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ლარი კინგს წლების განმავლობაში ჯანმრთელობასთან არაერთი პრობლემა ჰქონდა. მათ შორის დიაბეტი. 2017 წელს მან ფილტვის სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა, 2019 წელს კი ინსულტი გადაიტანა, რის გამოც ის რამდენიმე კვირა კომაში იყო.

 

მისი კარიერა 60 წელს ითვლის. 1985-2010 წლებში ლარი კინგს თოქშოუ ტელეკომპანია „სიენენის“ ეთერში მიჰყავდა. ბოლო წლებში ის „რაშა თუდეიში“ მუშაობდა.

 

60-წლიანი კარიერის განმავლობაში ლეგენდარულმა ლარი კინგმა 50 000 ინტერვიუ ჩაწერა. მათ შორის იყვენენ პოლიტიკური ლიდერები, ცნობილი მსახიობები, მომღერლები, სპორტსმენები და ა.შ.

 

ლარი კინგი
ლარი კინგი

 

მის რესპონდენტებს შორის იყო ჯერალდ ფორდიდან მოყოლებული აშშ-ის ყველა მოქმედი პრეზიდენტი. მან ჩაწერა ინტერვიუ მარტინ ლუთერ კინგთან, დალაი ლამასთან, ბილ გეიტსთან და მარგარეტ ტეტჩერთან.

 

მისი თოქშოუს ბოლო ეპიზოდი 2010 წელს გავიდა ეთერში. ლარი კინგის გადაცემა, ერთი ადამიანის მიერ წაყვანილ შოუებს შორის ყველაზე დიდხანს იყო ეთერში.

 

1993 წელს ლარი კინგმა წაიყვანა ცნობილი დებატები ვიცე-პრეზიდენტ ალ გორას და ტეხასელ მილიარდერ როს პეროტში შორის, რომელმაც სატელევიზიო რეიტინგების ყველა რეკორდი მოხსნა. ეს გადაცემა 16 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა. 1995 წელს ლარი კინგმა ერთობლივი ინტერვიუ ჩაწერა პალესტინის ლიდერთან იასირ არაფატთან, ისრაელის პრემიერ-მინისტრ იაცხაკ რაბინთან და იორდანიის მეფესთან. 2001 წელს ნიუ იორკში განხორციელებული ტერორისტული თავდასხმის შემდეგ ლარი კინგმა შოუში 700 მეტ ადამიანს უმასპინძლა. მათ შორის ტერაქტის შედეგად გადარჩენილებს და 35 მსოფლიო ლიდერს. ლარი კინგმა ჩაწერა ცნობილი ამერიკელი მომღერალი ფრენკ სინატრას უკანასკნელი ინტერვიუც. კინგი არაერთი სატელევიზიო და რადიო ჯილდოს მფლობელი იყო. „სი-ენ-ენმა“ მას „სატელევიზიო სივრცის მუჰამედ ალი უწოდა“.

 

 

ანდრეი მიაგკოვი

 

წელს გარდაიცვალა „ბედის ირონიის“ მსახიობი ანდრეი მიაგკოვიც. ის წლების განმავლობაში, როგორც კინოში, ასევე თეატრში დიდი წარმატებით მოღვაწეობდა.

 

საზოგადოებას თავი ყველაზე კარგად ფილმ „ბედის ირონიაში“ შესრულებული როლით დაამახსოვრა. მას ასევე მონაწილეობა მიღებული აქვს ფილმ „სამსახურეობრივ რომანსა“ და კიდევ 50-მდე კონოფილმში.

 

ანდრეი მიაგკოვი
ანდრეი მიაგკოვი

 

 

ჟან-კლოდ კარიერი

 

8 თებერვალს პარიზში ცნობილი ფრანგი კინოსცენარისტი და რეჟისორი ჟან-კლოდ კარიერი გარდაიცვალა.

 

ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში  მას 140-მდე ფილმის სცენარი აქვს დაწერილი. ის ცნობილი კინოსურათების „ბურჟუაზიის მოკრძალებული ხიბლი“, „სირანო და ბერჟერაკი“, „ყოფის აუტანელი სიმსუბუქე“, „მოახლის დღიური“ სცენარების ავტორია.

 

ჟან-კლოდ კარიერი
ჟან-კლოდ კარიერი

 

 

კრისტოფერ პლამერი

 

2021 წელს ცნობილი კანადელი მსახიობი კრისტოფერ პლამერი 91 წლის ასაკში გარდაიცვალა. გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა.

 

პლამერის სამსახიობო კარიერა გასული საუკუნის 50-იან წლებში დაიწყო. საყოველთაო აღიარება მას ფილმებმა „მუსიკის ჰანგები,“ „12 მაიმუნი“ და „რომის იმპერიის დაცემა“ მოუტანა.

 

მსახიობი „ოსკარის,“ „ემის,“ „ტონის,“ „ბაფტასა“ და „ოქროს გლობუსის“ ლაურეატი იყო. ბოლოს მან 2019 წელს რაიან ჯონსონის ფილმში „დანების ამოღება“ ითამაშა.

 

კრისტოფერ პლამერი
კრისტოფერ პლამერი

 

 

ბერტრან ტავერნიე

 

ამ წელს გარდაიცვალა ცნობილი ფრანგი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ბერტრან ტავერნიეც.

 

ტავერნიეს დებიუტი კინოში გასული საუკუნის 70-იან წლებში შედგა. ის 30-მდე ცნობილი ფილმის ავტორია. მათ შორისაა: „პრინცესა და მონპანსიე,“ „ელექტრონული ნისლი,“ „დარტანიანის ქალიშვილი“ და „უმწიკვლო რეპუტაცია. საყოველთაო აღიარება რეჟისორს „შუა ღამის ჯაზმა“ მოუტანა.

 

ტავერნიე ბერლინისა და კანის კინოფესტივალების არაერთგზის გამარჯვებულია.

 

ბერტრან ტავერნიე
ბერტრან ტავერნიე

 

 

პოლ რიტერი

 

2021 წლის 6 აპრილს ბრიტანელი მსახიობი პოლ რიტერი გარდაიცვალა.

 

მსახიობი მძიმედ იყო ავად, მას ტვინის სიმსივნე ჰქონდა.

 

მის ყველაზე ცნობილ სერიალად „ჩერნობილი“ (2019 წელი) დასახელდა, სადაც ანატოლი დიატლოვის როლი შეასრულა.

 

პოლ რიტერი მონაწილეობდა ფილმებში „ჰარი პოტერი“, „ინფერნო“. ის თეატრის სცენაზეც გამოდიოდა. მსახიობს ლოურენს ოლივიეს პრემია აქვს მიღებული.

 

პოლ რიტერი
პოლ რიტერი

 

 

პრინცი ფილიპი

 

ედინბურგის ჰერცოგი და დიდი ბრიტანეთის დედოფლის, ელიზაბეტ II უინძორის ქმარი, პრინცი ფილიპი 2021 წლის 9 აპრილს 99 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

პრინცი ფილიპი 17 თებერვალს შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ლონდონის ერთ-ერთ საავადმყოფოში გადაიყვანეს. 1 მარტიდან ის წმინდა ბართლომეს სახელობის ჰოსპიტალში აგრძელებდა მკურნალობას. ჰერცოგს ინფექცია და გულის პრობლემები აწუხებდა. მარტის შუა რიცხვებში, გულის ოპერაციის შემდეგ ჰერცოგი საავადმყოფოდან გამოწერეს.

 

პრინცი ფილიპის ჯანმრთელობა წლების განმავლობაში უარესდებოდა. 2017 წელს მან განაცხადა, რომ სამეფო ოჯახის ყოველდღიურ ცხოვრებაში უფრო ნაკლებად იქნებოდა ჩართული და მას შემდეგ საჯაროდ იშვიათად ჩნდებოდა.

 

პრინცი ფილიპი
პრინცი ფილიპი

 

 

ოსამუ კობაიაში

 

ლეგენდარული ანიმეს ერთ-ერთი რეჟისორი, ოსამუ კობაიაში 16 აპრილს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა. ცნობილი ილუსტრატორი და ანიმატორი კიბოს ებრძოდა.

 

ოსამუ კობაიაში
ოსამუ კობაიაში

 

ოსამუ კობაიაში Naruto: Shippuden-ის ყველასათვის საყვარელი რამდენიმე ეპიზოდის (480-483-ე) ავტორია, რომლებიც ნარუტოსა და მისი მეგობრების ბავშვობის, მათ შორის, ნარუტოსა და ჰინატას შეხვედრის ამბავს გვიყვება.

 

ნარუტოს გარდა, ოსამუ კობაიაშის შემოქმედებიდან აღსანიშნავია ანიმეები Beck, Paradise Kiss და Dororo(2019).

 

 

ჰელენ მაკკრორი

 

ჰარი პოტერის ფილმებში ნარცისა მალფოის როლის შემსრულებელი 16 აპრილს, ტვინის კიბოს დიაგნოზით გარდაიცვალა. ჰელენ მაკკრორი 52 წლის იყო.

 

ეს სამწუხარო ამბავი კინოხელოვანის ქმარმა, დემიენ ლუისმა გაავრცელა:

 

„ღრმად დამწუხრებული გაცნობებთ, რომ კიბოსთან გმირული ბრძოლის შემდეგ გარდაიცვალა ისეთი მშვენიერი და ძლიერი ქალი, როგორიც ჰელენ მაკკრორი იყო. ის შინ მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში მშვიდად მიიცვალა. მან ისევე დაგვტოვა, როგორც იცხოვრა — უშიშრად“.

 

 

ცნობილი ინგლისელი მსახიობი სხვადასხვა დროს ასევე თამაშობდა ფილმებში The Count of Monte Cristo (გრაფი მონტე კრისტო) თუ The Queen (დედოფალი) და სერიალებში Peaky Blinders და His Dark Materials.

 

დრაკოს როლის შემსრულებელმა ინსტაგრამის პირად გვერდზე ჰელენ მაკკრორის, რომელიც ჯადოქრების სამყაროში დედამისის როლს ასრულებდა, ემოციური სიტყვებით მიაგო პატივი:

 

„ძალიან სამწუხაროა, რომ ასე მოულოდნელად მიწევს გამომშვიდობება. არასდროს მომეცა შანსი, რომ მისთვის მეთქვა, თუ რამდენად დამეხმარა კამერის წინ და მის მიღმაც პიროვნულ განვითარებაში. საკუთარი თავის მიმართ მომთხოვნი, გონებამახვილი, ენამჭევრი და გულკეთილი ადამიანი იყო. მადლობა, რომ გზა გამინათე და მაშინ ჩამჭიდე ხელი, როცა ეს მჭირდებოდა“, – დაწერა ტომ ფელტონმა და ის კადრი გამოაქვეყნა, რომელშიც ნარცისა და დრაკო ხელიხელჩაჭიდებულები ერთად არიან.

 

 

რაფაელა კარა

 

2021 წლის 5 ივლისს იტალიელი მომღერალი და მსახიობი რაფაელა კარა 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მისი გარდაცვალების მიზეზი ხანგრძლივი ავადმყოფობა გახდა.

 

რაფაელა კარა 1943 წელს დაიბადა ბოლონიაში. მისი სასიმღერო კარიერის პიკი 1970 წელს შედგა, შემდეგ ის ტელეშოუების პოპულარული წამყვანი გახდა. რაფაელა კარა ასევე საკმაოდ ბევრ ცნობილ ფილმშია გადაღებული. მათ შორისაა „ფონ-რაიანის ექსპრესი“ (1965 წელი) , რომელშიც ფრენკ სინატრაც მონაწილეობს.

 

რაფაელა კარა
რაფაელა კარა

 

 

ჩარლი უოტსი

 

ლეგენდარული როკ-ჯგუფის, The Rolling Stones-ის დრამერი ჩარლი უოტსი 2021 წლის 24 აგვისტოს გარდაიცვალა.

 

ის 80 წლის იყო. მუსიკოსის წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ უოტსი ლონდონის ერთ-ერთ კლინიკაში, ოჯახის გარემოცვაში გარდაიცვალა.

 

უოტსი The Rolling Stones-ში 1963 წლიდან უკრავდა.

 

ჩარლი უოტსი
ჩარლი უოტსი

 

 

ედ ასნერი

 

29 აგვისტოს მსოფლიომ მსახიობი ედ ასნერი დაკარგა. ის 91 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ედ ასნერმა პოპულარულობა 70-იანების სერიალში The Mary Tyler Moore Show ლუ გრანტის როლის შესრულებით მოიპოვა. მოგვიანებით კი აღნიშნული პერსონაჟის შესახებ გადაღებულ სერიალ Lou Grant-შიც მონაწილეობდა. გრანტის პერსონაჟისთვის ედ ასნერს 7 ემი აქვს მოპოვებული.

 

ახალმა თაობამ ედ ასნერი პიქსარის ცნობილი ანიმაციიდან Up გაიცნო, რომელშიც მან მთავარი გმირი – კარლ ფრედრიკსენი გაახმოვანა. მან, აგრეთვე, 2003 წლის ფილმში Elf სანტა კლაუსის როლიც მოირგო.

 

60-იანი წლებიდან დღემდე ასნერს უამრავ ფილმსა და სერიალში უთამაშია, მათ შორის Grace and Frankie, Modern Family, Cobra Kai, Central Park, Dead to Me და ა.შ

 

ჩარლი უოტსი

 

 

გერდ მიულერი

 

ამ წელს გარდაიცვალა მიუნხენის „ბაიერნისა“ და გერმანიის ფედერატიული რესპუბლიკის ეროვნული ნაკრების ლეგენდაც, ფეხბურთელი გერდ მიულერი.

 

მიულერი 75 წლისა იყო. ბოლო 5 წლის განმავლობაში მიულერს ალცჰაიმერის დაავადება ჰქონდა.

 

1972 წელს მიულერი ევროპის, ორი წლის შემდეგ კი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. ის შვიდჯერ იყო ბუნდესლიგის საუკეთესო ბომბარდირი, სულ კი გერმანიის ჩემპიონატში 365 გოლი აქვს გატანილი. ეროვნულ ნაკრებში კი 62 თამაშში 68 ბურთი გაიტანა.

 

გერდ მიულერი
გერდ მიულერი

 

 

მიკის თეოდორაკისი

 

2 სექტემბერს 96 წლის ასაკში გარდაიცვალა ბერძენი კომპოზიტორი, მიკის თეოდორაკისი.

 

მსოფლიო აღიარება თეოდორაკისმა მოიპოვა თავისი ფილმის, „ბერძენი ზორბას“ გამოსვლის შემდეგ 1960-იან წლებში. ის იყო ცეკვა „სირტაკის“ მუსიკის ავტორი. მუსიკა საგანგებოდ ამ ფილმისთვის შეიქმნა და შემდგომში, მსოფლიოში აღიქვამდნენ, როგორც ბერძნულ ეროვნულ ცეკვას.

 

თეოდორაკისს შეუქმნია სიმფონიები, ოპერები და საბალეტო მუსიკა, ასევე ვოკალური ნაწარმოებები.

 

მიკის თეოდორაკისი

 

 

მაიკლ კენეტ უილიამსი

 

6 სექტემბერს ამერიკელი მსახიობი მაიკლ კენეტ უილიამსი გარდაიცვალა. ის 54 წლის იყო.

 

მსახიობის ცხედარი ნიუ-იორკში, საკუთარ ბინაში იპოვეს. გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, ნარკოტიკებით ზედოზირება გახდა.

 

მაიკლ კენეტ უილიამსმა კარიერის განმავლობაში ფილმებში 50-ზე მეტი, ტელესერიალებში კი 30-ზე მეტი როლი შეასრულა. ყველაზე დიდი პოპულარობა მას HBO-ს სერიალ Wire-ში შესრულებულმა ომარ ლითლის როლმა მოუტანა.

 

მაიკლ კენეტ უილიამსი
მაიკლ კენეტ უილიამსი

 

 

ჟან-პოლ ბელმონდო

 

6 სექტემბერს მსოფლიომ ფრანგი მსახიობი ჟან-პოლ ბელმონდო დაკარგა. ის 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

ბელმონდომ მსოფლიო აღიარება და ცნობადობა ჟან-ლიუკ გოდარის 1960 წლის კლასიკით, Breathless, მოიპოვა, რომელშიც ის ამერიკელ მსახიობ, ჯინ სიბერგთან ერთად მონაწილეობდა.

 

ბელმონდო, რომელსაც ფრანგმა მაყურებელმა სიყვარულით ბებელი შეარქვა, 60-იან და 70-იან წლებში საფრანგეთის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო. მისი პოპულარობის მიზეზი გამორჩეული გარეგნობაც იყო, რომლითაც იმ დროის ვარსკვლავისგან, ალენ დელონისგან განსხვავდებოდა.

 

სწორედ არასტანდარტულმა გარეგნობამ მას საშუალება მისცა ეთამაშა როგორც ქურდის, ისე პოლიციელის, მღვდელისა თუ საიდუმლო აგენტის როლები. ბელმონდო საკმაოდ მოქნილი იყო და ფილმებში რთულ ტრიუკებსაც დამოუკიდებლად ასრულებდა.

 

ბელმონდოს მონაწილეობით ბოლო ფილმი, სახელად A Man and His Dog, 2008 წელს გამოვიდა.

 

ჟან-პოლ ბელმონდო
ჟან-პოლ ბელმონდო

 

 

კლაივ სინკლერი

 

კომპიუტერული ტექნიკის ერთ-ერთი მთავარი პიონერი, გამომგონებელი და სახლის კომპიუტერის, ZX Spectrum-ის შემქმნელი კლაივ სინკლერი 16 სექტემბერს გარდაიცვალა.

 

1961 წელს, 21 წლის სინკლერმა კომპანია Sinclair Radionics-ი შექმნა, რომელიც ჯიბის კალკულატორებს უშვებდა. 1973 წელს მან Sinclair Research-ი შექმნა, რომელიც სახლის კომპიუტერებს აწარმოებდა. ყველაზე დიდი პოპულარობა ZX Spectrum-მა მოიპოვა, რომელიც 1982 წელს გამოჩნდა. ZX Spectrum ევროპაში ყველაზე გაყიდვადი მოდელი გახდა.

 

კლაივ სინკლერი
კლაივ სინკლერი

 

 

უილი გარსონი

 

საკულტო სერიალის, Sex and the City (სექსი დიდ ქალაქში) სტენფორდ ბლეჩის როლის შემსრულებელი, მსახიობი უილი გარსონი 22 სექტემბერს 57 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

გარსონი HBO-ს ამ ცნობილ სატელევიზიო შოუში სარა ჯესიკა პარკერის პერსონაჟის, კერი ბრედშოუს ახლო მეგობრის როლს ასრულებდა: ის თამაშობდა როგორც სერიალებში, ისევე ამავე სახელწოდების მქონე ორ ფილმში და  სექსი დიდ ქალაქის ახალი სეზონის გადაღებებშიც იღებდა მონაწილეობას.

 

უილი გარსონი
უილი გარსონი

 

რუთი ტომპსონი

 

დისნეის ლეგენდარული ანიმატორი რუთი ტომპსონი 10 ოქტომბერს 111 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის კომპანიის ერთ-ერთი პიონერია, რომელიც დისნეიში 1975 წლამდე, 40 წლის განმავლობაში მუშაობდა.

 

რუთი ტომპსონი დისნეის ისეთ ცნობილ ანიმაციურ ფილმებზე მუშაობდა, როგორებიცაა ფიფქია და შვიდი ჯუჯა, დამბო, პინოქიო, მძინარე მზეთუნახავი, მერი პოპინსი, არისტოკრატი კატები, რობინ ჰუდი და ა.შ.

 

აღსანიშნავია, რომ 2000 წელს რუთი ტომპსონს დისნეის ლეგენდის წოდება მიენიჭა. ამ ტიტულს ის ადამიანები ატარებენ, რომლებსაც დისნეის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვთ შეტანილი.

 

რუთი ტომპსონი
რუთი ტომპსონი

 

 

ვირჯილ აბლო

 

Louis Vuitton-ის კაცის ხაზის დიზაინერი და Off-White-ის დამფუძნებელი, ვირჯილ აბლო 41 წლის ასაკში ავთვისებიანი სიმსივნის დიაგნოზით გარდაიცვალა.

 

აბლოს 2019 წელს გულის ანგიოსარკომას დიაგნოზი დაუსვეს, რომელიც კიბოს იშვიათი და აგრესიული ფორმაა.

 

აბლომ 2012 წელს დააარსა Off-White, რომელიც როგორც ცნობილი ადამიანების, ისე ახალგაზრდების საყვარელ ბრენდად იქცა: რიანა, ბიონსე და ჯეი-ზი დიდი ხნის განმავლობაში Off-White-თან თანამშრომლობდნენ. ამასთანავე, Off-White-ის პარტნიორი კომპანიებს შორის იყვნენ Nike, Jimmy Choo და Champion.

 

აბლოს თავის პროექტებზე მუშაობა არც კიბოს დიაგნოზის დასმის შემდეგ შეუწყვეტია.

 

ვირჯილ აბლო
ვირჯილ აბლო

 

რიჩარდ როჯერსი

 

ამ წელს გარდაიცვალა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და გავლენიანი არქიტექტორი, რიჩარდ როჯერსი.

 

როჯერსი 1933 წელს, ფლორენციაში დაიბადა, თუმცა ცხოვრება ბრიტანეთში გაატარა. ის ლონდონის არქიტექტურული ასოციაციის სკოლაში სწავლობა, შემდეგ კი, იელში მაგისტრის ხარისხი მიიღო. 1991 წელს რაინდის წოდება მიენიჭა.

 

მის ყველაზე ცნობილ ნამუშევრებს შორისაა: სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, ჟორჟ პომპიდუს ხელოვნებისა და კულტურის ეროვნული ცენტრი საფრანგეთში, Lloyd’s building (ლონდონი, დიდი ბრიტანეთი) და სხვა მრავალი.

 

რიჩარდ როჯერსი
რიჩარდ როჯერსი

 

 

ენ რაისი

 

12 დეკემბერს მსოფლიომ წიგნის – „ინტერვიუ ვამპირთან“ ავტორი, ენ რაისი დაკარგა. ამერიკელი მწერალს ინსულტით გამოწვეული გართულებები ჰქონდა.

 

რაისის ყველაზე ცნობილი წიგნი „ინტერვიუ ვამპირთან“ 1976 წელს გამოვიდა და ბესტსელერად იქცა. 1994 წელს მაყურებელმა ნაწარმოების ეკრანიზაციაც იხილა. ფილმში ტომ კრუზი და ბრედ პიტი თამაშობენ.

 

სიცოცხლის განმავლობაში, რაისმა 150 მილიონზე მეტი წიგნი გაყიდა.

 

ენ რაისი
ენ რაისი

 

კარლოს მარინი

 

21 დეკემბერს ცნობილი ჯგუფის, „ილ დივოს“ წევრი, კარლოს მარინი 53 წლის ასაკში გარდაიცვალა.

 

მომღერალი მანჩესტერში მდებარე საავადმყოფოში, კომაში იყო.

 

მარინი გერმანიაში დაიბადა, მაგრამ 12 წლიდან ესპანეთში ცხოვრობდა. ის ჯგუფში დაარსების დღიდან, 2003 წლიდან მღეროდა.

 

კარლოს მარინი
კარლოს მარინი
ავტორი: ნინი ტაველიძე

X