15:25 | 2021-03-23 ავტორი: მირანდა ტყემალაძე

ცნობილი ექიმები გვიყვებიან რა გვერდითი მოვლენები ჰქონდათ ვაქცინაციის შემდეგ – როგორ გრძნობენ თავს და რას გვირჩევენ ჩვენ

ცნობილი ექიმები გვიყვებიან რა გვერდითი მოვლენები ჰქონდათ ვაქცინაციის შემდეგ – როგორ გრძნობენ თავს და რას გვირჩევენ ჩვენ

საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 15 მარტიდან დაიწყო და ამ დროისთვის ქვეყანაში სამედიცინო სფეროს 4 000-მდე წარმომადგენელია აცრილი.

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა, 15 მარტი ქვეყანაში ისტორიული დღეა.

 

 

„ვაქცინაცია არის ერთ-ერთი ძირითადი საშუალება, რათა დავძლიოთ პანდემია. შემოვიდა „ასტრაზენეკას“ ვაქცინა, რომელიც მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ვაქცინაა. ეს არის სამი ვაქცინიდან ერთ-ერთი, რომელსაც საერთაშორისო სერტიფიკატები და აღიარება აქვს მიღებული.

 

საქართველოსთვის ეს დიდი საქმეა. საქართველო არის მეოთხე ქვეყანა, რომელმაც „კოვაქსის“ პლატფორმით მიიღო ეს ვაქცინა. მყარი გარანტიებია მიღებული, რომ არანაირი წყვეტა არ იქნება და შემოტანა გაგრძელდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ 15 მარტს.

 

 

18 მარტს, ახალციხის კლინიკა „იმედის“ ექთანს, მეგი ბაქრაძეს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებიდან ნახევარ საათში ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. 27 წლის ექთანი ახალციხიდან თბილისში რეანომობილით გადმოიყვანეს, თუმცა, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

 

 

სკეპტიკუტად განყობილ მოქალაქეებში ამ ფაქტმა მეტი უნდობლობა გამოიწვია. ვაქცინაცია გადაიფიქრეს იმ მედიკოსებმაც, რომლებიც აცრის რიგში იდგნენ.

 

 

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, 27 წლის მეგი ბაქრაძის სახელი მედიცინის ისტორიაში დარჩება.

 

 

გამყრელიძე აქვე განმარტავს, რომ ქვეყანაში ანაფილაქსიური შოკის ათობით შემთხვევა ყოველწლიურად ფიქსირდება, თუმცა მეტწილად, ის სხვადასხვა მედიკამენტზე ალერგიული რეაქციით არის გამოწვეული და ნაკლებად ვაქცინაციით.

 

საბედნიეროდ არის კარგი შედეგებიც. კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა საზოგადოებაში გარკვეული ნდობით აღჭურვილმა ექიმებმა გაიკეთეს.

 

როგორ გრძნობენ თავს და რა გვერდითი მოვლენები გამოუვლინდათ – ამის შესახებ ისინი „პრაიმტაიმთან“ საუბრობენ.

 

მარინა ენდელაძე

 

აბსოლუტურად ჩვეულებრივ, ნორმალურად ვგრძნობ თავს. ინექციის ადგილას მქონდა მკლავის ზომიერი ტკივილი, არ შემიმოწმებია, მაგრამ საღამოს სავარაუდოდ, სიცხემ ამიწია. თუმცა, მეორე დღიდან ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობდი, არც ერთი დღე არ გამიცდენია. 

 

 

აცრა, ეს არის ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობა, არანაირი სერიოზული გვერდითი მოვლენა მას არ აქვს. იცით, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის შემდეგ 5 მილიონი ადამიანიდან გვერდითი მოვლენა მხოლოდ 41 ადამიანს გამოუვლინდა, უცხოეთში გარდაცვალების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. 

 

 

 

ძალიან არასასიამოვნო რამ მოხდა. 27 წლის ექთანი გარდაიცვალა. დაველოდოთ მოვლენებს, გამოვიკვლიოთ, თუმცა ანაფილაქსიის შემთხვევები ხშირია. მაშინ არ უნდა გავიკეთოთ მედიკამენტები და ვიცხოვროთ სტერილურად.

 

გარემო სტერილური არ არის, შესაბამისად, ვერ ვიცხოვრებთ. შესაძლოა, დაიგეგმოს ალერგოლოგთან ვიზიტიც, მაგრამ გეუბნებით სრული კომპეტენციით, შეიძლება ანაფილაქსია განვითარდეს, მაგრამ დროული ჩარევით მდგომარეობა სწრაფად გაუმჯობესდება“, – განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ.

 

 

მარინა ეზუგბაია

 

 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია ვაქცინაციის შემდეგ ჩვეულ სამუშაო რეჟიმს დაუბრუნდა და გარდა ექიმებისა, ჟურნალისტებსაც მოუწოდებს, რომ აიცრან.

 

 

 

 

„თავს არაჩვეულებრივად ვგრძნობ, ვაქცინაციის პირველი საათიდან ტელერეპორტაჟი ჩამატარებინეთ. იმ პერიოდის, ნახევარი საათის მოცდის საშუალებაც არ მქონდა და ეს გადავიტანე არაჩვეულებრივად, როგორც შემდგომი პერიოდი.

 

მქონდა მცირე თავის ტკივილი, საერთო სისუსტე, ძირითადად, მგრძნობელობა ინექციის ადგილას. ვიყავი შრომისუნარიანი, ვმუშაობდი დილიდან საღამომდე. ვაქცინაციის კაბინეტში ვაქცინაციას ვატარებდი და ვმეთვალყურეობდი.

 

 

მე ჩემი პირადი მაგალითი საზოგადოებას ვაჩვენე, ახლა თქვენ, ჟურნალისტებმა აჩვენეთ თქვენი მაგალითები. თქვენ გადაუღეთ ერთმანეთს ვაქცინაციის ამსახველი ფოტოები და გამოაქვეყნეთ. ჟურნალისტები უნდა გახდნენ ვაქცინაციის სახეები „ასტაზენეკაზე“. მე მთელ ჟურნალისტთა კორპუსს მოგიწოდებთ, გახდეთ ისეთი სამაგალითო შემთხვევა, როგორც მე სამედიცინო სფეროსთვის.“

 

 

ნინო ნადირაძე კუზანოვა

 

 

 

„მე მიყვარს ჩემი თავი ძალიან, ამიტომაც ვიცრები“ – განაცხადა ექიმმა და ტელეწამყვანმა ნინო ნადირაძემ და როგორც კოვიდკლინიკის ხელმძღვანელმა საზოგადოებას ვაქცინაციისკენ მოუწოდა. მან აცრის შემდგომ პერიოდზე ჩვენთან ისაუბრა:

 

No description available.

 

 

გაკეთებიდან 3-4 წუთში უმნიშვნელო შეხურების შეგრძნება მქონდა. ნახევარი საათი დამაყოვნეს, არაფერი გამომვლენია. საღამოსკენ, ოდნავ თავი მტკიოდა, მაგრამ მთლად ვაქცინაციას ვერ დავაბრალებ, რადგან ხშირად მტკივა-ხოლმე. მეორე დღეს ჩვეულებრივ ვიყავი.

 

ინექციის ადგილს თუ თითს დავაჭერ, ოდნავი ტკივილის შეგრძნება მაქვს. გაფაციცებული ვაკვირდებოდი ყველაფერს, მაგრამ არანაირი გვერდითი მოვლენა არ გამომვლენია. აცრიდან პირდაპირ სამსახურში წავედი და ახლაც ჩვეულ რეჟიმში განვაგრძობ მუშაობას. 18 მარტს ავიცერი, სადღაც 1 კვირაში იმუნიტეტი მექნება. ჩემს თანამშრომლებს ტემპერატურული რეაქციები ჰქონდათ. 1 დღე გაუგრძელდათ, მეტი არა.

 

 

მე, როგორც ექიმმა და კოვიდცენტრის ხელმძღვანელმა, ვნახე, რომ 2 000-მდე პაციენტმა გაირა მკურნალობის კურსი ჩვენს კლინიკაში, ერთი წამით სასწორზე არ დამიდია, ვაქცინა თუ კოვიდის გადატანა, რა თქმა უნდა, ვაქცინა, რადგან ჩემი თვალით ძალიან ბევრი გართულებული, მძიმე პაციენტი ვნახე და იმ შეგრძნებას, რომ გინდა ჩასუნთქვა და ვერ სუნთქავ, არაფერს შეედრება.

 

 

რა თქმა უნდა, ვაქცინის მხარეს ვიხრები. დღევანდელმა მსოფლიომ, ამ სახით როგორც მოაღწია, მეტწილად ვაქცინაციის წყალობა იყო ამა თუ იმ დაავადებაზე გამარჯვება. არსებობდა უამრავი დაავადება, რომელიც მოსახლეობას მუსრს ავლებდა. ვაქცინებმა აქამდე ჯანმრთელად მოგვიყვანა. ამ ეტაპზე, როდესაც ამ დაავადების სამკურნალო საშუალება არ არის, რა თქმა უნდა, ვაქცინაცია!“, – აცხადებს ნინო ნადირაძე.

 

 

გუგა ქაშიბაძე

 

 

დამწვრობის ცენტრის დირექტორი გუგა ქაშიბაძე ამბობს, რომ ვაქცინაციიდან 3 კვირის შემდეგ იმუნიტეტი განუვითარდება, რასაც მოუთმენლად ელის.

 

 

No description available.

 

 

„უკვე მერვე დღეა, რაც ვაქცინაცია გავიკეთე. ჩემი ინფორმაციით, 3 კვირაა საჭირო, რომ იმუნიტეტი განმივითარდეს. თავს მშვენივრად ვგრძნობ. მაგალითად, კვირას ფეხით მომიწია ასვლა ოქროყანიდან კოჯორში ტყით, გადავედით და გადმოვედით უკან, სავარჯიშოდ, ამას 3 საათსა და 40 წუთს მოვუნდით. აქ ზღვის დონის სხვაობაც აღსანიშნავია. 

 

 

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, პირველი 24 საათის განმავლობაში მქონდა დაბალი ტემპერატურა, კუნთების ტკივილი, მეორე დღეს იგივე ნიშნები, ტემპერატურის გარეშე. პირველ და მეორე დღესაც ოპერაციები ჩავატარე, ჩვეულებრივ რეჟიმში ვმუშაობდი.

 

 

იმუნიტეტი ვაქცინის პირველი დოზის შემდეგ ადამიანს ვირუსისგან 50%-ით იცავს, მძიმე შემთხვევაში – 100%-ით. ყველა თავისი ბედის მჭედელია. მიკვირს, თუ საერთოდ ვაღიარებთ მედიცინას და აცრებს, ვუკეთებთ შვილებსა და შვილიშვილებს, არ შეიძლება კონკრეტულად ამ ვაქცინაციის წინააღმდეგი იყო. ვფიქრობ, შემთხვევების რაოდენობა რომ მოიმატებს, მოიმატებს ადამიანების მზაობა ვაქცინაზე“, – ამბობს ქაშიბაძე.

 

 

ბიძინა კულუმბეგოვი

 

 

 

უკვე მეექვსე დღეა, რაც ​ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი „ასტრაზენეკას“ ვაქცინით აიცრა. როგორ გრძნობს თავს და რატომ არ უნდა შეეშინდეს მოსახლეობას ვაქცინაციიის – ამაზე ის „პრაიმტაიმთან“ საუბრობს.

 

 

ვაქცინაციიდან რამდენიმე წუთში ინექციის ადგილზე სიმხურვალე და სიწითლე მქონდა, არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი ალერგიულია თუ არა, პროცესის შემდეგ ნახევარი საათი უნდა მოიცადოს. მოვიცადე და თანდათანობით ჩაცხრა და მალევე აილაგმა.

 

 

ვაქცინაციიდან 8-9 საათის შემდეგ ტემპერატურა 37.2 გრადუსი მქონდა, პარალელურად, შუბლის არეში ოდნავ თავის ტკივილსა და სისუსტეს ვგრძნობდი. მომდევნო დღესაც მქონდა ტემპერატურა, მაგრამ მალევე გაქრა. 2 დღე-ღამის შემდეგ სისუსტე და ჩივილები გამიქრა. 

 

 

რატომ უნდა ავიცრათ – კორონავირუსმა თავისი თავი უკვე გამოავლინა. 25 მილიონი ადამიანი დააავადა, 2-ნახევარ მილიონზე მეტი გარდაიცვალა, მეტი რა უნდა ვთქვათ. სამწუხაროდ, ვაქცინასთან ასოცირებული გარდაცვალების შემთხვევა მხოლოდ საქართველოში დაფიქსირდა. 

 

 

ცხოვრება რომ გაგრძელდეს, ის, რაც ჩვენ გვენატრება რომ დაბრუნდეს, ერთმანეთი თამამად და ადვილად რომ ვნახოთ, ამ ეტაპისთვის ვაქცინის გარდა სხვა გამოსავალი არ ჩანს. განვითარდება ვაქცინები და შეიძლება, მომავალში სამკურნალო წამალიც შეიქმნას, მაგრამ ამ ეტაპისთვის, ამ ტიპის პრეპარატების პერსპექტივა არ ჩანს, ერთადერთი იარაღი პირბადე, დისტანცია და ვაქცინაა, – განაცხადა კულუმბეგოვმა.

 

 

რამდენიმე წუთის წინ საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით საჯაროდ აიცრა. მინისტრმა „ასტაზენეკას“ ვაქცინა საჩხერის სამედიცინო ცენტრში გაიკეთა.

 

ავტორი: მირანდა ტყემალაძე

X